ბრაიზა სააკაშვილის წინააღმდეგ ანუ განტევების მიშა

ბრაიზა სააკაშვილის წინააღმდეგ ანუ განტევების მიშა

გასულ კვირას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ, «ამერიკის ხმისთვის» მიცემულ ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა აგვისტოს ომზე და საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის გამოცდილებაზე. დამოკიდებულება მეთიუ ბრაიზას მიმართ საქართველოში არაერთგვაროვანია; იყო დრო, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი მას ძალიან მწვავედ აკრიტიკებდა სააკაშვილის რეჟიმის არაადეკვატური მხარდაჭერის გამო, მაგრამ ჩვენ ვერსად გავექცევით იმ ფაქტს, რომ ბრაიზა ფასდაუდებელი მოწმეა, რომელსაც შეუძლია 2008 წლის ომზე და უახლესი ისტორიის სხვა დრამატულ ეპიზოდებზე ბევრი რამ მოგვითხროს. დღეს ის სახელმწიფო სამსახურში აღარ არის და შედარებით თავისუფლად საუბრობს. საინტერესოა, რომ თავის ბოლო ინტერვიუში ის მიუახლოვდა ბუშის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის თემას ყოველივე იმაზე, რაც საქართველოში სააკაშვილის მმართველობის წლებში, უპირველესად კი, 2008-ში მოხდა. ეს თემა შტატებსა და საქართველოში ნახევრადტაბუირებულია, რაც ყოფილი ამერიკელი დიპლომატის მონოლოგს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

თუ სროლაზე მიდგა საქმე, ვერ დაგეხმარებით

«შეერთებული შტატები უწყვეტად, გარკვევით და მკაცრად ეუბნებოდა საქართველოს, რომ თბილისმა აზრადაც კი არ უნდა გაივლოს რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება. ეს გზავნილი იყო მკაცრი და ზოგჯერ უხეშიც კი. ჩვენ ვეუბნებოდით, რომ, თუ წამოიწყეთ სამხედრო დაპირისპირება, წააგებთ. საქართველოს მოგების არანაირი შანსი არ აქვს. მთლიანად განადგურდება ის დანაყოფები, რომლებიც ჩვენ აღვჭურვეთ და გავწვრთენით, გაქრება ნატოში გაწევრიანების უმცირესი შანსიც კი და ჩვენ ვერ დაგეხმარებით», _ განუცხადა მეთიუ ბრაიზამ «ამერიკის ხმას». საქართველოში დღემდე ხმის ჩახლეჩამდე კამათობენ იმაზე, იყო თუ არა სხვა ტიპის სიგნალები ვაშინგტონიდან, რომელთა საფუძველზე სააკაშვილი, მარტივად რომ ვთქვათ, ჭკუიდან გადავიდა. ოფიციალურ განცხადებში თუ დოკუმენტებში მსგავსი არაფერი ფიქსირდება; პირიქით, ამერიკელებმა არაერთგზის ცალსახად მოუწოდეს სააკაშვილის ხელისუფლებას, არ გაეღრმავებინა კონფრონტაცია, მაგრამ ექსპერტების საკმაოდ დიდ ნაწილს ეს ვერსია, რომლის ფარგლებში დღეს ოპერირებენ ბრაიზა, კონდოლიზა რაისი და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები, არ აკმაყოფილებს, რადგან, თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ არანაირი საპირისპირო სიგნალები ვაშინგტონიდან არ ყოფილა, ლამის ავტომატურ რეჟიმში იმის აღიარებაც მოგვიწევს, რომ სააკაშვილის მთავრობა სრული შემადგენლობით გაგიჟდა. მეთიუ ბრაიზა პირდაპირ ამბობს: «ჩემი პირადი გამოცდილებიდან ვიცი, რომ ომის დროს ზოგიერთ ქართველ მაღალჩინოსანს არ სჯეროდა, რომ ჩვენ სამხედრო დახმარებას არ აღმოვუჩენდით საქართველოს და ეს იმიტომ, რომ ასე ძალიან გვიყვარდა ეს ქვეყანა. ეს გიგანტური შეცდომა იყო». აშკარაა, რომ ამ შეცდომისთვის, კლასიკური შიზოფრენიის გარდა, სხვა საფუძველიც უნდა არსებობდეს, მიუხედავად იმისა, რამდენად პესიმისტურად ვაფასებთ სააკაშვილის მენტალურ (არა)მდგრადობას.

ვერსიები «საომარი სიგნალების» შესახებ დოკუმენტურად გამყარებული არ არის და გავა წლები, თუ არა ათლეულები, ვიდრე ვაშინგტონურ არქივებში თუნდაც ერთი, თუნდაც ორაზროვანი დოკუმენტი მოიძებნება (ეს შეიძლება არც მოხდეს). ჯერჯერობით კი ცნობილი ექსპერტები მხოლოდ ძალიან ფრთხილი ვარაუდებით შემოიფარგლებიან და ამ მიდგომის კარგ ილუსტრაციად ლინკოლნ მიტჩელის განცხადება გამოდგება (აგვისტოს ომის მეხუთე წლისთავზე «ამერიკის ხმისთვის» მიცემულ ინტერვიუში). სააკაშვილის ხელისუფლებაზე საუბრისას მან შემდეგი რამ თქვა: «მათ რეალურად შეეძლოთ, მოეძებნათ ვაშინგტონში ხალხი, რომელთაგანაც გაიგებდნენ იმას, რისი გაგებაც სურდათ. ალბათ, ასეც იყო. რა დონეებზე იყვნენ ისინი, ვინც ასეთ სიგნალებს იძლეოდნენ, მე არ ვიცი. იყო ეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი? _ არ ვიცი. იყო ვინმე დიკ ჩეინის აპარატიდან? _ შესაძლებელია. იყო რომელიმე ეროვნული უშიშროების საბჭოდან? _ ესეც შესაძლებელია. იყო ეს კონდოლიზა რაისი? _ არა. იყო ეს ჯორჯ ბუში? _ არა. იყო ეს მაშინდელი ელჩი საქართველოში ჯონ ტეფტი? _ არა».

საინტერესოა, რომ თავის ბოლოდროინდელ მოგონებებში აგვისტოს ომზე მიხეილ სააკაშვილი მუდამ დიკ ჩეინის მიმართ აპელირებს და «რუსთავი 2»-თან საუბარში სთხოვა კიდეც, საჯაროდ დაადასტუროს, რომ 2008 წლის აგვისტოში ბუშის ადმინისტრაცია როკის გვირაბის დაბომბვის შესაძლებლობაზე მსჯელობდა: «ჩეინის რომ ვკითხე, როგორც ვიხსენებო, ალბათ, ასეაო და მე ვუთხარი, თუ შეიძლება, მაშინ კარგად გაიხსენეთ კიდევ და კარგი იქნება, რომ მემუარებში ან სადმე საჯაროდ ახსენოთ». სააკაშვილის განსაკუთრებულმა დამოკიდებულებამ დიკ ჩეინის მიმართ (თუნდაც კონდოლიზა რაისისგან განსხვავებით, რომელზეც ბოლო დროს ერთობ გაღიზიანებული საუბრობს) შეიძლება გაამყაროს ვერსია, რომელიც ძალიან ფრთხილად მონიშნა მიტჩელმა, თუმცა ცალსახა მტკიცებულებად მას, რასაკვირველია, ვერ განვიხილავთ.

«ყველაზე დიდი შეცდომა კი ის იყო, რომ სრულიად არასწორად იყო გაგებული ჩვენი განზრახვები. ჩვენ სრულიად გასაგებად ვეუბნებოდით, რომ თქვენ არ ხართ ნატოში, თუ სროლაზე მიდგა საქმე, ვერ დაგეხმარებით», _ ამბობს მეთიუ ბრაიზა და აქ ბუნებრივად შეიძლება გაჩნდეს ეჭვი, რომ აშშ-ს დიპლომატიის უზარმაზარი და ძლევამოსილი მანქანა უმცროსი ბუშის მმართველობის წლებში უიმედო დილეტანტების ხელში აღმოჩნდა, რომელთაც ვერ მოახერხეს ერთი პატარა ქვეყნის მთავრობამდე, რომელიც მასზე თითქმის 100%-ით იყო დამოკიდებული, საკუთარი პოზიცია მიეტანათ. მეთიუ ბრაიზა არ იხსნის ნაწილობრივ პასუხისმგებლობას მომხდარზე, თუმცა ავანსცენაზე, ბუნებრივია, სააკაშვილი გამოჰყავს: «ჩვენ ხშირად გვაკრიტიკებდნენ, რომ საქართველოსთან ძალიან თბილი დამოკიდებულება გვქონდა, რომ ზედმეტ მხარდაჭერას ვაძლევდით. მაგრამ ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებებს ქვეყნის არჩეული ლიდერები იღებენ და ამ შემთხვევაში მათ არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს». სხვათა შორის, ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი მაშინ (და დღესაც) სააკაშვილს არა «არჩეულ ლიდერად», არამედ უზურპატორად განხილავდა, რომელმაც 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გააყალბა, ხოლო მეთიუ ბრაიზა თავის კოლეგებთან ერთად სრულიად საპირისპიროს გვიმტკიცებდა, მაგრამ ეს, პრინციპში, სულ სხვა ისტორიაა. ამ შემთხვევაში, ალბათ, უფრო მნიშვნელოვანია, გავაანალიზოთ, თუ როგორი იყო აშშ-ის პოლიტიკა საქართველოში და რა ფაქტორებმა გახადა შესაძლებელი ეს «არასწორი გადაწყვეტილებები» და «გიგანტური შეცდომები».


სიყვარულო, ძალსა შენსა

მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ბუშის ადმინისტრაცია ცდილობდა, საქართველო ნატოში გაეწევრიანებინა, მეთიუ ბრაიზამ ძალიან საინტერესოდ შეფუთა. მოტივი, მისი ვერსიით, ასეთი იყო: «თუ ერთ ქვეყანას ნატოში შესვლა უნდა და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ალიანსის წევრობა მოიპოვოს, რუსეთს არ უნდა მისცემოდა საშუალება, ამ ქვეყნის სურვილისთვის ვეტოს დადების». ამას ერწყმოდა სიმპათია «ვარდების რევოლუციის» ლიდერების მიმართ, რომელშიც ბრაიზას თქმით, ამერიკას არანაირი წვლილი არ მიუძღვის («მათ იგივე ღირებულებები ჰქონდათ, როგორიც ჩვენ, ჩვენნაირად ფიქრობდნენ») და აშშ-ის მმართველების ზოგადი სიყვარული საქართველოს მიმართ _ «როგორც პრეზიდენტ კლინტონის, ასევე პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციას საქართველო ძალიან უყვარდათ. შეუძლებელია, არ გიყვარდეს ეს ქვეყანა, ხალხი, ბუნება, სამზარეულო, მუსიკა _ ყველაფერი. უცხოელისთვის საქართველო რომანტიკული ადგილია. საქართველოსთან ამერიკას ემოციური კავშირები ჰქონდა იმის გამო, რომ ეს იყო პატარა ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვებას ცდილობდა».


ალბათ, აჯობებს, დისკუსია ამერიკული სიყვარულის თავისებურებებზე დროებით გვერდზე გადავდოთ და მხოლოდ იმის დაფიქსირებით შემოვიფარგლოთ, რომ ამ მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ, შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ბრაიზა ცდილობს, გაიმეოროს ზოგიერთი ამერიკელი დიპლომატის ცნობილი ტრიუკი და მძიმე შეცდომები იდეალისტური მოტივების მოზღვავებით ახსნას. სხვათა შორის, ბევრი ქართველი, ანტიამერიკულად განწყობილი კომენტატორი გამუდმებით გვიმტკიცებს, რომ არანაირი იდეალიზმი აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში არ არის და ეს მხოლოდ ცინიკური პრაგმატიზმის შეფუთვაა. ეს, ალბათ, არასწორი შეფასებაა, იდეალიზმის გავლენა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე ცნობილი და საყოველთაოდ აღიარებული ფენომენია (ამაზე ძალიან საინტერესოდ წერს ჰენრი კისინჯერი), რომლის შესწავლით დაკავებული იყო არაერთი ცნობილი მკვლევარი, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ უმცროსი ბუშის მმართველობის (და ორმაგი სტანდარტების) წლებში იდეალიზმი (უფრო სწორად, საუბრები მასზე) მართლაც ძირითადად გამოიყენებოდა, როგორც შეფუთვა და, ამასთანავე, როგორც ერთგვარი ინდულგენცია უმძიმესი შეცდომების გამართლებისთვის.

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ამ «რომანტიკული შესავლის» შემდეგ ბრაიზას ინტერვიუში მოდის პასაჟი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს, სავარაუდოდ, ძალიან არ მოეწონებათ: «სააკაშვილს ვაშინგტონში უყურებდნენ, როგორც დინამიურ და ხანდახან იმპულსურ ლიდერს. მის შესახებ ვაშინგტონს ინფორმაცია მოსკოვიდანაც მოსდიოდა. ამ ყველაფერზე დაყრდნობით ამერიკაში ფიქრობდნენ, რომ ქართველები ახალგაზრდები და გამოუცდელები იყვნენ რუსებთან შედარებით და მათ გარკვეული შებოჭვა სჭირდებოდათ. ამიტომ ჩვენ ვფიქრობდით, რომ საქართველოსთვის სამხედრო, ფინანსური თუ პოლიტიკური ზედმეტი მხარდაჭერა შეიძლება გამხდარიყო გადაწყვეტილების საფუძველი, რომელსაც ზოგიერთი პოლიტიკოსი პრეზიდენტ სააკაშვილის ენერგიულ ხასიათს დაუკავშირებდა. ამიტომ ვაშინგტონი და განსაკუთრებით ბერლინი, ამ გადმოსახედიდან, ალბათ, მათი ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ასკვნიდნენ, რომ რუსები უფრო გამოცდილები და პასუხისმგებლობის მატარებლები იყვნენ. ამით, საქართველო მოვაქციეთ კუთხეში და ვუთხარით, რომ, აი, ამას არ გააკეთებ. ის კი არ გვითქვამს, თუ რა უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ ჩვენგან უფრო მეტი დახმარება მიეღო».

საერთოდ, საერთაშორისო პოლიტიკაზე საუბრისას სასურველია თავის შეკავება ემოციური შეფასებებისგან, რომლის სურვილიც წინარე აბზაცის წაკითხვის შემდეგ ნამდვილად შეიძლება გაჩნდეს; ეს არ არის ცინიზმი _ უბრალოდ, თეთრი სახლი ძალიან პრაგმატულად ატარებდა პოლიტიკას, რომელიც აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამებოდა. ყველაზე ნიშანდობლივი ამ შემთხვევაში, ალბათ, შესაძლო დანაკარგების მინიმიზაციაა; ამერიკელები არ წავიდნენ ვა-ბანკზე და ეს, მათი ინტერესებიდან გამომდინარე, სავსებით ლოგიკურია. აქ სხვა რამ არის საინტერესო: იმის გაცნობიერება, რამდენად მცდარი და არაკორექტული იყო სამყაროს სურათი და შეხედულებები აშშ-ის პოლიტიკაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების წარმოსახვაში დამკვიდრდა, რაშიც ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე, ალბათ, თავად მეთიუ ბრაიზაა.


არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი

თავის დროზე საქართველოში ფართოდ გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ მიხეილ სააკაშვილისა და მეთიუ ბრაიზას შეხედულებები ერთმანეთს თითქმის სრულად ემთხვევა. დღეს ვითარება აშკარად განსხვავებულია _ ყოფილი მაღლაჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით ბრაიზა ამბობს: «მე არ მგონია, რომ ეს პოლიტიკური დაპატიმრებებია», არ ეწინააღმდეგება 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გამოძიებას, ხოლო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ისეთ რამეს ამბობს, რაც სააკაშვილს, სავარაუდოდ, ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი არ დაესიზმრებოდა: «ცხადია, რომ ხალხებს ერთმანეთი მოსწონთ, რუსეთი საქართველოს ბუნებრივი პარტნიორია ვაჭრობაში, ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეიძლება რეგიონში, რუსეთსა და საქართველოს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა რომ ჰქონდეთ».

ძველი მეგობრობა _ ძველ მეგობრობად, მაგრამ რეალობა აიძულებს სააკაშვილის ყოფილ პარტნიორებს, კორექტულად ისაუბრონ საქართველოს ახალ ხელისუფლებაზე, ხოლო სააკაშვილისგან ნელ-ნელა დისტანცირება მოახდინონ, ამას კი «ნაცმოძრაობის» ბელადის შესაბამისი რეაქცია მოსდევს. სავარაუდოდ, სწორედ აქედან მოდის საუბრები იმაზე, რომ «მიშა ამერიკელებზე განაწყენებულია» და მათ შესაძლო სკანდალური ჩვენებებით აშანტაჟებს. გარკვეული საფუძველი ამ ვარაუდებს ნამდვილად აქვს; თავის მარათონულ ტელემონოლოგებში აგვისტოს ომის მეხუთე წლისთავზე სააკაშვილმა რამდენიმე საკმაოდ საეჭვო, ორაზროვანი მინიშნება გააკეთა, რომელთაც ნამდვილად შეეძლო რამდენიმე ვაშინგტონელი პოლიტიკოსის ანერვიულება.

გამორიცხული არაა, რომ სააკაშვილი მივიდა დასკვნამდე, რომ ყველა დაინტერესებული მხარისთვის ყველაზე ეფექტური და მარტივი გამოსავალი მისთვის «განტევების ვაცის» როლის მინიჭებაა, რომელსაც აჰკიდებენ მთელ ნეგატივს, ყველა იმ გაუგებრობას, რომელიც აშშ-საქართველოს ურთიერთობებში (ამასთანავე, სამკუთხედში ვაშინგტონი-მოსკოვი-თბილისი) ამ დროისთვის დაგროვდა. გასაგებია, რომ მას ამ როლის შესრულება არ სურს, თუმცა ამ შემთხვევაში ვერაფრით დავეხმარებით. პოლიტიკურ ფაქტორებს თავი რომც დავანებოთ, ყველაფერს ამქვეყნად, მათ შორის, სისულელეს, სიმხდალეს, გაუმაძღრობას და სისასტიკეს თავისი ფასი აქვს და ნებისმიერმა პოლიტიკოსმა ყველა თავის შეცდომასა თუ დანაშაულზე, ადრე თუ გვიან, პასუხი უნდა აგოს.