„ხალხის ძალა“: ვითარების დაძაბვისთანავე ბრიუსელმა საქართველოს ევროპული მისწრაფების სათავისოდ გამოყენება სცადა. როდესაც ხელისუფლების მორჩილებას ვერ მიაღწიეს, სრულიად უსამართლოდ გაყინეს საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე

„ხალხის ძალა“: ვითარების დაძაბვისთანავე ბრიუსელმა საქართველოს ევროპული მისწრაფების სათავისოდ გამოყენება სცადა. როდესაც ხელისუფლების მორჩილებას ვერ მიაღწიეს, სრულიად უსამართლოდ გაყინეს საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე

პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ ავრცელებს წერილს, რითაც ეხმაურება საქართველოში ევროკავშირის ელჩის - პაველ ჰერჩინსკის ინტერვიუს გაზეთ „ბათუმელებთან“, რომელშიც მრავლადაა მთელი რიგი უზუსტობები, პოლიტიკური სპეკულაციები და ტყუილები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან, სენსიტიურ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

წერილში საუბარია იმაზე, რომ გაუგონარია პაველ ჰერჩინსკის მიერ ხალხისა და ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობა იმ ფონზე, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის უმრავლესობის განუხრელი მხარდაჭერა აქვს.

„რაც შეეხება ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების საკითხს, რომელიც, როგორც პაველ ჰერჩინსკიმ ბრძანა, შეჩერებულია, რადგან ქართველ ხალხს სურს ევროპა, ხოლო ხელისუფლება უფრო და უფრო შორდება ევროკავშირს.

რასაკვირველია, ესეც მტკნარი სიცრუეა; პირველ რიგში, გაუგონარია ელჩის მიერ ხალხის და ხელისუფლების გამიჯვნის მცდელობა იმ ფონზე, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის უმრავლესობის განუხრელი მხარდაჭერა აქვს. ამას გარდა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება რეალური სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გახადა, რომელმაც შრომისა და თავდადების ხარჯზე მიაღწია ყველა იმ სიკეთეს, რითაც დღეს საქართველოს მოსახლეობა სარგებლობს“,- ვკითხულობთ წერილში.

წერილში ვკითხულობთ, რომ რეგიონში ვითარების დაძაბვისთანავე, ოფიციალურმა ბრიუსელმა საქართველოს ევროპული მისწრაფების სათავისოდ გამოყენება სცადა და ხელისუფლების შანტაჟის იარაღად გამოიყენა. პარალელურად კი ოფიციალური ბრიუსელი ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების, პრაქტიკულად, დემონიზაცია მოხდეს.

„თუმცა, როგორც გამოჩნდა, რეგიონში ვითარების დაძაბვისთანავე, ოფიციალურმა ბრიუსელმა საქართველოს ევროპული მისწრაფების სათავისოდ გამოყენება სცადა და ხელისუფლების შანტაჟის იარაღად გამოიყენა. ხოლო როდესაც სასურველ შედეგს და ხელისუფლების უპირობო მორჩილებას ვერ მიაღწიეს, სწორედ მათ, თანაც სრულიად უსამართლოდ გაყინეს საქართველოს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ეს საქართველოს ხელისუფლებას გადააბრალეს.

პარალელურად, ოფიციალური ბრიუსელი ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების, პრაქტიკულად, დემონიზაცია მოხდეს. ამაზე, ინტერვიუში, თავად პაველ ჰერჩინსკი საუბრობს:

„წარმოიდგინეთ, ევროკავშირის მიერ დასანქცირებულს როგორ შეხედავენ მეგობრები, ოჯახის წევრები, საზოგადოება. ამიტომ სანქციების საკითხს უკიდურესად სერიოზულად ვუყურებთ“.

ამ ფონზე, ელჩი წუხს იმაზე, თითქოს მმართველი გუნდი ევროკავშირს აბუჩად იგდებს და ევროპელ პოლიტიკოსებს შეურაცხყოფას აყენებს. რეალურად, საზოგადოება კარგად ხედავს, რომ საკუთარი ქმედებებით და პოლიტიკით, სწორედ ევროკავშირის ელჩი და სხვადასხვა, ანგაჟირებული ევროპელი დეპუტატები აღვივებენ ევროსკეპტიციზმს საქართველოში“,- ვკითხულობთ წერილში.

წერილში საუბარია იმაზე, რომ პაველ ჰერჩინსკის საქმიანობა არ არის ის რითაც დიპლომატი, მით უმეტეს კი ევროკავშირის ელჩი უნდა იყოს დაკავებული.

„რა თქმა უნდა, ეს არ არის ჯანსაღი ვითარება, ეს არ არის საქმიანობა, რითაც დიპლომატი, მით უფრო ევროკავშირის ელჩი უნდა იყოს დაკავებული, რადგან ამ ყველაფერს არანაირი კავშირი არ აქვს რეალურ ევროპულ ღირებულებებთან, თუმცა ამაში არაფერია გასაკვირი, რადგან დღეს ჩვენ ურთიერთობა გვიწევს ევროკავშირთან, რომელიც ევროპულობისგანაა დაცლილი, ევროკავშირთან, რომელსაც გლობალური ომის პარტია, იგივე „დიფ სთეითი“ მართავს.

თუმცა, ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, შეუძლებელია არ აღინიშნოს პაველ ჰერნჩინსკის საქმიანობის ერთი „დადებითი“ მხარე - მისი, როგორც „დიფ სთეითის“ წარმომადგენლის მაგალითზე, ვისი მთავარი ინტერესიც საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებაა, ჩვენს მოსახლეობას შეგვიძლია ავუხსნათ ის კატასტროფული რეალობა, რაც დღეს ოფიციალურ ბრიუსელში სუფევს“,- ვკითხულობთ წერილში.