შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: პრემიერის იმპიჩმენტის პროცესის დაწყების არანაირი საფუძველი არ აქვთ, თუ არა და აქ არიან, ჩამოაყალიბონ, რომელ საფუძველს ეყრდნობიან

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: პრემიერის იმპიჩმენტის პროცესის დაწყების არანაირი საფუძველი არ აქვთ, თუ არა და აქ არიან, ჩამოაყალიბონ, რომელ საფუძველს ეყრდნობიან

იმპიჩმენტის პროცესის დაწყების არანაირი საფუძველი არ აქვთ, თუ არა და აქ არიან, ჩამოაყალიბონ, რომელ საფუძველს ეყრდნობიან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

იგი რადიკალური ოპოზიციის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის საკითხს ეხება.

„რაც შეეხება „ლელოს“, ზოგადად ოპოზიციის ინიციატივას, იმპიჩმენტთან დაკავშირებით, ეს კიდევ ერთხელ, საბოლოო ჯამში, მოქალაქეებს დაანახებს ამ პოლიტიკური ჯგუფების არასერიოზულობას. იმპიჩმენტის პროცესის დაწყების არანაირი საფუძველი არ აქვთ, თუ არა და აქ არიან, ჩამოაყალიბონ ერთი, რომელ საფუძველს ეყრდნობიან. ხაზგასმით ითქვა, რომ არც ერთი თეთრი საბიუჯეტო თანხის არ დახარჯულა და ეს ხარჯები სრულად იყო დაფარული პრემიერის მიერ.

მინდა გაზი გავუსვა, რომ იმ ე.წ. საგამოძიებო რეპორტაჟში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობითაც კი, როგორც ხდება-ხოლმე დასაბუთება, არ თქმულა, რომ ბიუჯეტის თანხა დაიხარჯა. ანუ, არავის არ უთქვამს, საქმეც იმაშია, რომ ბიუჯეტის თანხა დაიხარჯა, ამ რეპორტაჟის შედეგად შეიქმნა ასეთი აღქმა, რომ თითქოს, ბიუჯეტის თანხით იყო. ამაზე განმარტება გააკეთა, როგორც პრემიერის ადმინისტრაციამ, ასევე შესაბამისმა უწყებებმა, ვინც პასუხისმგებელია ამ თვითმფრინავის მოვლაზე, ყველამ გააკეთა განმარტება, რომ ბიუჯეტის არც ერთი თეთრი არ არის დახარჯული. ასევე გაკეთდა განმარტება, რომ ყველა გაწეული ხარჯის დეკლარირება მოხდება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მან განმარტა, თუ რა არის ოპოზიციის აღნიშნული ინიციატივის მიზანი.

„ეს არის პასუხი კონსტიტუციის იმ უხეშ დარღვევაზე დაწყებული საიმპიჩმენტო პროცედურის, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ წამოიწყო. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რაც არის დღეს-დღეობით ეს ალიანსი და ეს არის პასუხი იმისთვის, რომ გადაიტანონ ყურადღება ამ თემაზე და თითქოს, საპირწონე შექმნან საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევის პრეცედენტის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.