ეს ზუსტად ის მომენტია, როდესაც ჩვენ უნდა ვიყოთ კონტაქტზე, გვქონდეს დიალოგი და ვეცადოთ, ერთად ვიყოთ გამჭვირვალე, საქართველოს აქვს მკაფიო განაცხადი ევროპულ მომავალზე, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ ქართველ ჟურნალისტებს ალბანეთში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-6 სამიტში მონაწილეობს.
მისივე თქმით, შესაძლოა, სამიტის ფარგლებში მან პირისპირ განიხილოს აღნიშნული საკითხები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად.
„ჩემთვის და ევროპის საბჭოსთვის სამხრეთ კავკასია მართლაც მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია სტაბილურობა და მშვიდობა რეგიონში. ასევე შემიძლია აღვნიშნო, თუ რას ვაკეთებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების წასახალისებლად და მხარდასაჭერად. რაც შეეხება საქართველოს, დეკემბერში მე ვიყავი საქართველოში, საქართველოს აქვს მკაფიო განაცხადი ევროპულ მომავალზე, მაგრამ მეორეს მხრივ, არსებობს გარკვეული კანონები, რაც გარკვეულ შეშფოთებას იწვევს ჩვენში. ეს ნიშნავს, რომ ახლა ზუსტად ის მომენტია, როდესაც ჩვენ უნდა ვიყოთ კონტაქტზე, გვქონდეს დიალოგი და ვეცადოთ, ერთად ვიყოთ გამჭვირვალე. სწორედ, ამიტომ მქონდა ცოტა ხნის წინ კონტაქტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. ბოლო შეხვედრა, ასევე, ანტალიაში გვქონდა. შევთანხმდით, რომ ერთად შევიმუშავებდით სტრუქტურირებულ დიალოგს ყველა ამ საკითხის მოსაგვარებლად და აქაც, ახლა, შეიძლება გვქონდეს შესაძლებლობა, პირისპირ განვიხილოთ ეს საკითხი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან,“- განაცხადა ალენ ბერსემ.