ეს არის მიზანმიმართული, ბინძური კამპანია პრემიერისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ. ძალიან ბევრი განცხადება გაკეთდა აღნიშნულთან დაკავშირებით, თუ ვინ გადაიხადა ეს თანხები. პირდაპირ მთავრობის მხრიდან განცხადებაც იყო გაკეთებული, რომ ეს იყო პრემიერ-მინისტრის პირადი ხარჯი, ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა, - ამის შესახებ კახა კალაძემ პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში ჩარტერული რეისით მგზავრობაზე საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი აცხადებს, რომ პრემიერის იმპიჩმენტის ინიციატივით ოპოზიცია ცდილობს პრეზიდენტის იმპიჩმენტის თემის გადაფარვას.
„რაც შეეხება იმპიჩმენტის საკითხს, რეალურად რომ შევხედოთ, ეს არის უბრალოდ იმ საკითხების გადაფარვის მცდელობა, რომლებიც დღეს აქტუალურია. მაგალითად, როდესაც პრეზიდენტის იმპიჩმენტზეა საუბარი, იმიტომ, რომ რეალურად გვაქვს ძალიან დიდი დანაშაული, როდესაც პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას. ეს არის უმძიმესი საკითხი, რომ ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც პირველი უნდა იცავდეს კონსტიტუციას, კანონს, პატივს სცემდეს ჩვენს ქვეყანას, ხალხს, კონსტიტუციას. რეალურად პოლიტიკური საკითხებით ხდება ასეთი საკითხების გადაფარვის მცდელობა“, - განაცხადა კალაძემ.