კახა კალაძე: ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მალე გავხდეთ ევროპული დიდი ოჯახის წევრი ქვეყანა, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უარი ვთქვათ ქვეყნის ინტერესების დაცვაზე

კახა კალაძე: ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მალე გავხდეთ ევროპული დიდი ოჯახის წევრი ქვეყანა, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უარი ვთქვათ ქვეყნის ინტერესების დაცვაზე

ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მალე გავხდეთ ევროპული დიდი ოჯახის წევრი ქვეყანა, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უარი ვთქვათ ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს გურიაში განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით არასამართლიანი გადაწყვეტილება იყო მიღებული, როდესაც ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭეს.

„საქართველოსთან მიმართებაში მოიქცნენ არასწორად, არასამართლიანად და ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი დაჩაგრეს, რომ სტატუსი არ მოგვანიჭეს, თუმცა მე ძალიან უბრალოდ ვსაუბრობ., რომ ხალხმა ყველაფერი გაიგოს. საზოგადოების დიდი ნაწილი ყველაფერს ხვდება, თუ რატომ არ მისცეს მაშინ ქვეყანას სტატუსი. კიდევ ერთხელ ავხსნი, ეს სჭირდებოდათ პოლიტიკური მიზნებისთვის, რომ მოეხდინათ ქვეყანაში არეულობა, მოეხდინათ ხელისუფლების ცვლილება ყველანაირი მეთოდებით, იყო ამის მცდელობა, რომ ხალხისთვის ეთქვათ, აი, იცით რა არის? თქვენ კარგი ხალხი ხართ, იმსახურებთ ევროპას, ევროპულ მომავალს, მაგრამ აი, ხელისუფლება გყავთ ცუდი. ეს ნარატივი ჰქონდათ და სამწუხაროდ, დღესაც, ზოგიერთ შემთხვევებში ვისმენთ აღნიშნულ მესიჯს, რაც ძალიან მძიმეა, დამაზიანებელია. კიდევ ერთხელ, ხაზი მინდა გავუსვა ერთ რამეს, თუ ვინმემ, რაიმე წარმატებას მიაღწია ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად. თუ რაიმე წინგადადგმული ნაბიჯი გვაქვს რეფორმების თვალსაზრისით, ეს უკავშირდება 2012 წლის შემდგომ პერიოდს: ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ასე შემდეგ.

ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე მსვლელობას ვაგრძელებთ, რეფორმების განხორციელებას. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მალე გავხდეთ ევროპული დიდი ოჯახის წევრი ქვეყანა, შევუერთდეთ ევროპის ოჯახს, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უარი ვთქვათ ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე“, - განაცხადა კალაძემ.