სანამ BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება დაიწყებოდა და დაიდებოდა კონკრეტული შედეგები, ჩვენი შესაბამისი სამსახურები საუბრობდნენ აღნიშნულ პრობლემაზე, საუბრობდნენ იმაზე, რომ დავით კეზერაშვილის და მისი დაჯგუფების მხრიდან მიმდინარეობდა ძარცვა ევროპელი პენსიონერების და ეს დადასტურდა ამ გამოძიებითაც. მე როგორც ვიცი, გამოძიება მიმდინარეობს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და ვფიქრობ, უნდა დაველოდოთ შედეგებს, რასაც მეტი კონკრეტიკა მოჰყვება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„კეზერაშვილი მაქსიმალურად ცდილობს, რომ საკუთარი კრიმინალური ქმედებები შეფუთოს ტელევიზიით, შეფუთოს პოლიტიკაში ჩართულობით, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების დაფინანსებით, რომ მას ჰყავდეს ე.წ. ლობისტები. როგორც კი გააქტიურდება გამოძიება, მაგალითად როგორც კი BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების შედეგები დაიდო, მაშინვე იწყებენ საუბარს, რომ ეს არის პოლიტიკური ზეწოლა. რა შუაშია პოლიტიკა, როდესაც ადამიანს კრიმინალი აქვს ჩადენილი და უბრალოდ ცდილობს, პოლიტიკითა და ტელევიზიით შეფუთოს ეს ყველაფერი“, - განმარტა კახა კალაძემ.