შალვა რამიშვილს სახლში მისასვლელი ფული ციხის უფროსმა აჩუქა

შალვა რამიშვილს სახლში მისასვლელი ფული ციხის უფროსმა აჩუქა

ოთხწლიანი პატიმრობის შემდეგ, ამა წლის 26 აგვსიტოს, ციხიდან ჟურნალისტი შალვა რამიშვილი გათავისუფლდა. მის დასახვედრად ბევრი ადამიანი ემზადებოდა, მაგრამ შალვა დილით ადრე გამოუშვეს ციხიდან და ტაქსით სახლში მარტო მივიდა. კარზე გაბმული ზარი გაისმა, შალვას დედამ კარი გააღო და ხელში ოთხი წლის უნახავი შვილი შერჩა... იმავე დღეს რამიშვილების ოჯახი საქართველოს პატრიარქმა მიიღო და დალოცა.

გათავისუფლების შემდეგ ცნობილი ჟურნალისტი შეხვედრებითაა დაკავებული და თითქმის არ სძინავს. "სარკე" მას სახლში ესტუმრა. ოთახში სამი პატარა ფუსფუსებდა - შალვა რამიშვილისა და თეა აბაშმაძის ბიჭები, გიორგი, ლაშა და ნიკოლოზი, რომელთაგან ყველაზე უმცროსი 4 წლის ნიკოლოზია, აქამდე მას ციხის გარეთ მამა არც ენახა. "ჩემი შვილები უმამოდ იყვნენ. ციხეში უცხო სხეულივით მიყურებდნენ, ახლა შევუყვარდი მათ", -  გვითხრა შალვა რამიშვილმა. ოჯახი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება.

შალვა, გახსოვთ, რა გრძნობა დაგეუფლათ მაშინ, როცა პირველად ხელბორკილები დაგადეს?

- იმ წუთში მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო პერიოდი იწყებოდა და შინაგანად მოვემზადე, რომ ყველაფერი ღირსეულად გამოჩენილიყო. რაკი ტელევიზიასთან მჭიდრო ურთიერთობა მქონდა, იმაზეც კი ვფიქრობდი ქვეცნობიერად, კადრში როგორ გამოვჩნდებოდი. ალბათ გახსოვთ ცნობილი ჟესტი, ამით ჩემი ახლობლების, მეგობრებისთვის უნდა მეთქვა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და რომ თითებაწეული "ვიქტორი" მომავალშიც დარჩება. არ ვამბობ, რომ ეს კადრი საუკუნეებს გაუძლებს, მაგრამ როცა შალვა რამიშვილი გაახსენდებათ, გაახსენდებათ ეს კადრიც.

მერე, როცა რკინის კარი თქვენ წინ მიიხურა, ეს "ამაღლებული" განწყობა შეგრჩათ?

- ეს სოდ-ის წინასწარი დაკავების საკანი იყო. ნორმალური პირობების მიუხედავად, პირველი სამი ღამე არ მიძინია. ბევრს ვფიქრობდი და გონება არეული მქონდა.

რაზე ფიქრობდით?

- როგორ დამთავრდებოდა ყველაფერი. ვიცოდი, ძალიან დიდი ხნით ციხეში უნდა ვყოფილიყავი, ან უნდა დამეწერა შეწყალება და გამოვსულიყავი.

ამის შანსი რამდენჯერმე გქონდათ, რატომ არ გააკეთეთ?

- არის ადამიანი, რომელიც ეპატაჟურად იქცევა, შემოქმედებით პროვოკაციაზე მიდის და მთელი ჩემი ცხოვრება პროვოკაციების ჯაჭვია. ჯგუფი "სახე", "რადიო 105", "დარდუბალა", "რადიო 101"... რასაც ვაკეთებდი, პროვოკაციული იყო, თუმცა სისტემა მიისწრაფოდა სტაბილურობისა და ბალანსისკენ. სისტემის მცველი უცებ ხედავს ადამიანს, რომელიც ასეთ პროვოკაციებზე მიდის, ყვირის და აქნევს თეთრ დროშას. მცველი ყოველთვის მიდის იმ ადამიანთან და ეუბნება – შენ თუ ასეთი მაგარი ხარ და თუ გინდა, ამ პროვოკაციებით აღსავსე პოპულარობის მომტან გზაზე იარო, მაშინ მე შენ გამოგცდი. გინდა პრეზიდენტობა? კი, ბატონო, მე გამოგცდი. გინდა ბევრი ფული?.. ყოველთვის მოგიწყობ გამოცდებს. გინდა ასეთი შალვა რამიშვილი, რომლის სახელის გახსენებაზე კონკრეტული რაღაცეები ახსენდებათ და იციან, რომ რაღაც არაორდინარული იქნება? მოგიწყობ გამოცდას. მე ბრძოლაში არ დავმარცხდი. რომ დამეწერა შეწყალება, გამოდიოდა, მთელი ამ ხნის მანძილზე რასაც ვაკეთებდი, მოჩვენებითი იყო. შეიძლება უფრო დიდი განსაცდელიც გამომიგზავნონ, მაგრამ მზად ვარ.

მიხეილ სააკაშვილთან მეგობრობდით, ამბობენ, რომ მის გაპრეზიდენტებაშიც გარკვეული როლი ითამაშეთ. მერე რატომ გაიყო თქვენი გზები?

- ზოგს გადაჭარბებულად მიაჩნია ეს როლი. გარკვეული როლი მართლაც ვითამაშე. მიშა პრეზიდენტი რომ გახდა, მერე ძალიან გაცივდა ჩვენი ურთიერთობა. საერთოდ გაუგებარი კურსის გატარება დაიწყო, რეპრესიები, დაჭერები. მათ ეგონათ, ყველა ადამიანს, ვინც შენკენ არ არის, თუ დაიჭერ, უკეთესია. ჩემი მიდგომა სააკაშვილის მიდგომისგან რადიკალურად განსხვავებულია, ადამიანები კი არ უნდა შეგვეცვალა, ისინი უნდა ჩაგვერთო პროცესში. მას ვერ ვეტყოდი, რომ გენიოსია, რომ საქართველოს ათათურქია. ალბათ არ ეწყინება, ამ ინტერვიუს რომ წაიკითხავს. რა ათათურქი, შენი ადგილი იცოდე, მე ხომ ვიცი ჩემი ადგილი! დავით აღმაშენებელთან თავის შედარება ხომ საერთოდ ფანტასტიკაა და კომენტარიც ზედმეტია. შეიძლება ამაზე თვითონაც ეცინება, თუ არ ეცინება, მაშინ მძიმედ გვაქვს საქმე. მას უნდა ევროპეიზაცია, მაგრამ არა - ჩვენი წარსულის და ევროპული ღირებულებების შერწყმით, არამედ წარსულის მოკვლა სურს. მიშას შეცდომების მერე მივხვდი, რომ ჩემს ჩარევას აზრი არ ჰქონდა. ასე რომ მელაპარაკა, მიშას ეგონებოდა, რომ მტერი ვარ, არ ვაფასებ იმას, რომ ის გენიოსია. არ მინდა "შეაყარე კედელს ცერცვი"-ს პოზიციაში ყოფნა და ამიტომაც არ დაველაპარაკე. მერე უკვე დავიწყე ირონიით ყურება.

თეა აბაშმაძე - შალვას ცოლი:

- მახსოვს, როცა შალვამ ტელევიზიით მიშას კრიტიკა დაიწყო, ვკითხე, რას აკეთებ-მეთქი. მითხრა, ამით მას ვეხმარები, მინდა, დაინახოს, რეალურად რაც ხდებაო.

შალვა:

- ეს ჩემი ილუზიები იყო. ციხე ილუზიებს ყველაზე მეტად კლავს. შესაბამისად განვითარდა მოვლენები ისე, როგორც განვითარდა. ეს წლები გავატარე იქ, სადაც გავატარე.

ამ ოთხ წელს დაკარგულად მიიჩნევთ თუ პირიქით, პიროვნულად გაიზარდეთ?

- ამ ოთხმა წელმა სამყაროს მოწყობას მიმახვედრა და წესრიგის მცველის კონცეფცია მიმაღებინა. ძალიან ბევრი წიგნი წავიკითხე ისეთი, რომლებსაც საქართველოში აღარ კითხულობენ და ალბათ გარეთ მეც არ წავიკითხავდი -  კლასიკა, ფილოსოფიური ლიტერატურა რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ ენებზე.

თუ არ გეძნელებათ, აღწერეთ თქვენი ერთი დღე ციხეში.

- დილით ადრე თუხთუხით შემოდის პურის მანქანა და მე მზად უნდა ვყოფილიყავი. იღება "კარმუშკა" და ვიღებ პურს, იმიტომ რომ ბიჭებს სძინავთ. მერე ვიღებ წიგნს და ერთი საათი მაქვს დრო, რომ წავიკითხო. ვუყურებ საინფორმაციოს. ამ ბოლო დროს ერთი ნიუსი საკმარისია იმისთვის, რომ მიხვდე, ქვეყანაში რაც ხდება. შემდეგ უკვე იწყება ე.წ. დილის "პრავერკა". გამოდიხარ გარეთ, კედლისკენ ტრიალდები და მკაცრი სახით ითვლიან. შემდეგ რაღაც ხუმრობას იტყვიან, ვთქვათ, შენ როდის გადიხარ, ეტყვი, როდის გადიხარ და შემოდიხარ საკანში, ბიჭებს ესაუბრები. მერე ან კითხულობ, ან წერ. ისევ კარი იხსნება და გამოდიხარ გარეთ. დაყიალობ ეზოში, ამას "ტასაობა" ჰქვია, ერთი კედლიდან მეორე კედლამდე დადიხარ. ახლაც ოთახში ბოლთას ვცემ - მიჩვეული ვარ. შემდეგ საჭმელია, მერე საუბარი ან ტელევიზიით რაღაცას ნახავ და გაარჩევ. "მადლობა" მიშას, რომ ბევრი ინტელექტუალი მოახვედრა იქ. პოლიტპატიმრები იყვნენ ჩემთან ერთად, ე.წ. გიორგაძის მომხრეები. სასაუბრო თემები გვქონდა. იქ ამხანაგები, ძმაკაცები დავტოვე, ყველას ვკოცნი და ვეტყვი - მათ გაჭირვებაში არ მივატოვებ, რაც შემიძლია, იმას გავაკეთებ.

სიტყვა "თავისუფლება"-ახლა როგორი შინაარსი აქვს თქვენთვის?

- რომ გელაპარაკები და ეს დაიბეჭდება, ეს ჩემი თავისუფლებაა. მერე რა, რომ სხეულით ჩაგვკეტეს, ძალიან მძიმეა, მაგრამ დრო გადის. იქ მეგობარს რაღაცას ეტყვი, დაწერ, მოგივა რაღაც იდეა თავში და ხვდები, რომ ეს იდეები უფრო ინტენსიურად მოდის, ვიდრე გარეთ. გარეთ ტყვე ხარ ცდუნებების, რა ჩაიცვა, რა ჭამო... იქ ეს პრობლემები მოხსნილია, უნდა ჩაიცვა იგივე ტანსაცმელი, უნდა ჭამო იგივე "ბალანდა".

სიტყვამ მოიტანა და კვების რაციონი როგორი იყო?

- ორშაბათს ნორმალური ბორშჩი, სამშაბათს სოიას და კამეჩის ხორცის კატლეტი, ოთხშაბათ-პარასკევს ლობიო, ხუთშაბათს საზარელი ბარდა, შაბათს ბარდის სუპი და კვირას სოსისი. მანამდე კი, მეექვსე საპყრობილეში, საშინელი კვება იყო. იქ 20 კილო დავიკელი, სალაფავი იყო. ბარდა, თევზის თავები, "სეჩქა" - თუთიყუშების საჭმელი. გაქვავებული პურით და რუსთავის წყლით ვიყავი, სანამ რუსთავის მეორე დაწესებულებაში გადამიყვანდნენ.

დეპრესიის წუთები არ გქონიათ?

- როგორ შეიძლება, ციხეში იყო და დეპრესიაში არ ჩავარდე?! ეს წამიერი იყო, მაშინ საკუთარ თავს ვეკითხებოდი: "შალვა, შეგიძლია ნებისმიერ სიტუაციაში დაწერო შეწყალება და გახვიდე, შენ ამას არ აკეთებ, გინდა, აქ იყო, მაშინ რატომ ვარდები დეპრესიაში, შტერი ხარ? თუ არ გინდა, დაწერე და წადი!". ვიცოდი, მიშა არ გამიშვებდა, თუ სულიერად არ გავტყდებოდი, მე მას კარგად ვიცნობ. ჩემი მეუღლე ბევრჯერ მოსულა გახარებული და უთქვამს, გაგიშვებენო, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი: "არ გამიშვებენ". მიკვირს, სასჯელი რომ არ დამიმატეს. ადმინისტრაციამ დადებითი დახასიათება მომცა, ხომ იცით, ამას მიშას თანხმობის გარეშე ვერ დაწერდნენ. მან თქვა, გავუშვებო, მაგრამ მეორე დღეს ისევ თქვა, არაო. ვიცოდი, ბოლო დღემდე მომიწევდა იქ ყოფნა.

ცნობილია, რომ ციხეში ჯანმრთელობის პრობლემა გქონდათ.

- კენჭის გავლა მქონდა, დამიშალეს და ამ მხრივ მადლობა მათ. მე ევროსასამართლოში მოვიგე და ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება იყო გამახვილებული არასამთავრობოებიდან, თორემ ნებისმიერ პატიმარს არ აქვს ანალოგიური პრობლემა მოგვარებული. ბევრია ტკივილისგან საშინელ დღეში. მეუხერხულებოდა, რომ მე გამიკეთეს და მათ - არა.

ციხიდან გამოსვლის დღეს რა ხდებოდა?

- ციხის დირექტორმა გოგა კიკნაველიძემ სამი დღით ადრე მითხრა, 26 აგვისტოს 1 საათზე გაგიშვებო. მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. დილის 8 საათზე უკვე დამიძახა, ჩაიცვი და ჩამოდიო. ჩუსტებით ჩავედი. მითხრა, ახლავე წადი აქედანო. ჯერ ხალხს არ დავმშვიდობებივარ, პირველ საათზე მიშვებდით, ასე მოპარვით ადამიანის გათავისუფლება სად გინახავთ-მეთქი. მაშინ მომკიდა ხელი და ჯაჯგური დამიწყო. ყვირილიც კი დავიწყე. ციხეში ასეთი კანონია - როცა პატიმარს ეძალავებიან სხვების დასანახად, ისინი ვალდებულები არიან, პროტესტი გამოხატონ. ამიტომ ადმინისტრაცია ციხეში სხვების დასანახად ასეთ რამეებს ერიდება, ბუნტი რომ არ დაიწყოს. რა მექნა? ჩავიცვი და გამოვედი. გარეთ დამხვდა ორი ჯეელი და მითხრეს, ინსპექციიდან ვართო. მიბრძანდით, სირცხვილია სააკაშვილის ასეთი დავალებების შესრულება-მეთქი და გაიძურწნენ. ციხის დირექტორმა მასესხა 50 ლარი, რითაც მოვედი სახლამდე, მისი ვალი მაქვს. რომ გავმდიდრდები, დავუბრუნებ ან სადმე დავპატიჟებ.

პრივილეგირებული ყოფილხართ, ციხის უფროსი ყველა პატიმარს 50 ლარით ალბათ არ ასაჩუქრებს.

- გარეთ გამომაგდო და სახლამდე ხომ უნდა მივსულიყავი. დილით, 10-ის 20 წუთზე, უკვე სახლში ვიყავი.

ოჯახთან თქვენი შეხვედრა როგორი იყო?

- გაოგნდნენ, არ მელოდებოდნენ.

თეა აბაშმაძე:

- რუსთავში წასასვლელად ვემზადებოდი. ახლობლებს 11 საათზე უნდა შევხვედროდი. ჩემი დედამთილი სამზარეულოში სადილს ამზადებდა. ამ დროს გაბმული ზარი გაისმა. მივხვდი, შალვა იქნებოდა, მან იცოდა ასეთი ზარის მიცემა. ადგილიდან ვეღარ გავიძარი. კარი ჩემმა დედამთილმა გააღო და დედა–შვილი ერთმანეთს შორიდან უყურებდნენ.

შალვა, დედა ოთხი წელია არ გინახავთ, რადგან ქალბატონი ნუნუ ციხეში არ მოდიოდა...

- თვითონ ჰკითხეთ, რატომ არ მოდიოდა ციხეში.

ქალბატონი ნუნუ:

- გაბმულ ზარზე კარი გავაღე და შალვა შემრჩა. ერთმანეთს ვუყურებდით, მეგონა, ძალიან გამხდარი და გაუბედურებული იქნებოდა. ძნელია გადმოსცე ის ემოციები და ასევე ის, თუ რატომ არ მივდიოდი ციხეში, რომ ჩემი ნალოლიავები, დედისერთა შვილი მენახა. ის ფაქტი, რომ ასე უჩუმრად გამოაგდო ციხიდან, ნიშნავს, რომ პრეზიდენტს ეშინია. ვიცოდი, რომ შალვას არ მისცემდნენ უფლებას, იქ მიტინგი გაემართა. ტელეფონები ისმინება და იცოდნენ, რომ ბევრი ადამიანი მიდიოდა რუსთავში შალვას დასახვედრად. რისი უნდა გეშინოდეს?! თუ უნდა, ჩაატაროს მიტინგი, დაიშლებიან და წავლენ. პრეზიდენტმა თავისი გამოუცდელობით, უცოდინარობით თუ გაუნათლებლობით, ეს სფერო არ იცის, "უცნობი" და შალვა რამიშვილი ძალად აქცია გმირებად. ეს წლები ძალიან მძიმე იყო დედისთვის, მაგრამ, მეორე მხრივ, პოპულარული გავხდი. ქუჩაში ყველა მცნობდა. შალვა რომ დაიჭირეს, კარგა ხანს ტრანსპორში ბილეთის ფულს არ მახდევინებდნენ. სახლში ატირებული მოვდიოდი, დიდ თანადგომას ვგრძნობდი. რატომ გვაქციეს გმირებად? ვიყავით ჩვეულებრივი განათლებული თბილისური ოჯახი.

შალვა, რა გეგმები გაქვთ? პოლიტიკაში ხომ არ აპირებთ წასვლას?

- ამ ინტერვიუს რომ გაძლევთ, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე პოლიტიკაში ვარ. საზოგადოება მენტალურად უნდა შევცვალო.

რომელიმე პარტიიდან შემოთავაზება გაქვთ?

- რა პარტია, რა მინდა პარტიაში! არ მქონია იმიტომ, რომ იციან, არ დავთანხმდები. პარტიულ იერარქიაში ჩემი თავი წარმოგიდგენიათ? მე დავექვემდებარები პარტიულ დისციპლინას? მაშინ ჩემი ხიბლი რაშია?

"202"-ის აღდგენაზე არ ფიქრობთ?

- ჩემთვის მთვარეზე გაფრენა უფრო რეალურია, ვიდრე ის, რომ "202" ჩემს ხელში დაბრუნდეს.

თეა:

- შალვა ზღვა ენერგიით დატვირთული გამოვიდა, მხიარული, ბევრი იდეით,.ამბობს, საზოგადოების შოკში ჩამგდები 100 არტის იდეა მაქვსო. ინტერნეტში დევს შალვას არტი "სტაბილიზაცია", რომელიც პოპულარულია. 26 აგვისტოს გამოვიდა და მას შემდეგ სულ მოძრაობაშია, ბევრს მოენატრა და ხვდება ყველას. დღე-ღამის 24 საათი არ გვყოფნის ჯერჯერობით. ვთხოვ, გააანალიზოს კარგად ყველაფერი და ისე გადაწყვიტოს, რას გააკეთებს. უკვე აქვს შემოთავაზებები მედიის კუთხით. ჯერჯერობით საუბრებია, ის უსმენს ყველას ყურადღებით. მინდა, ძალიან ზუსტი წარმოდგენა შეექმნას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. თიკა კანდელაკმაც დაგვირეკა მისი გათავისუფლების პირველ დღეს და მითხრა, შენ გაცნობიერებული გაქვს, ვინ არის შენი ქმარი, მეშინია, რადგან მას ყოველ ფეხის ნაბიჯზე საფრთხეები აქვსო.

გამოსვლის დღეს პატრიარქმა მიგვიპატიჟა და საღამოს 7 საათზე მთელი ოჯახი მიგვიღო. ეს იყო ღვთისგან გამოწვდილი ხელი. პატრიარქს ჰკითხა შალვამ, რა გავაკეთოო. პატრიარქმა რაც უპასუხა, ამის გახმიანების უფლება არ მაქვს, მაგრამ ეს უთხრა, შენ გაქვს ულევი ენერგია და ამას შენ თვითონ უნდა მისცე ფორმა, მაგრამ ახლა დაისვენეო. დაგვასაჩუქრა. დიდი მადლობა მთელი ოჯახის სახელით პატრიარქს! პირადად მე დიდი სურვილი მაქვს, შალვა საქართველოდან ცოტა ხნით წავიდეს, განათლება უცხოეთში მიიღოს და ისე დაბრუნდეს.