საქართველოს კომკავშირმა თვითლიკვიდაცია გამოაცხადა

საქართველოს კომკავშირმა თვითლიკვიდაცია გამოაცხადა

ამა წლის 20 მარტს შავნაბადაში (ყოფილი კომკავშირული ქალაქი ბორის ძნელაძე) გაიმართა საქართველოს კომკავშირის რიგგარეშე ყრილობა. რიგგარეშე იმიტომ, რომ საქართველოს კომკავშირს, მუშაობის ტრადიციული მეთოდებით, ყველაფერი რიგის მიხედვით აქვს გათვლილი.

ყრილობის დელეგატებს შეშფოთება ეტყობოდათ, რასაც საკმაო საფუძველი ჰქონდა. საქმე იმაშია, რომ განხილული იქნა საქართველოს კომკავშირის თვითლიკვიდაციის საკითხი.

ამ შემთხვევაში თვითლიკვიდაცია თვითმკვლელობის ტოლფასი იყო. პოლიტიკურ გადასხვაფერებას და „გარდაქმნას“ სიკეთისა და არსებითი ცვლილების მოტანა რომ არ შეუძლია, ამას თითოეული ჩვენგანი ხედავს „დიად იმპერიაში“.

თავის რიგგარეშე ყრილობაზე კომკავშირი ისეთ განწყობაზეა, რომ მზად არის გარდაიქმნას, გადასხვაფერდეს, მაგრამ სიკვდილით მაინც არ მოკვდეს.

სწორედ ეს აზრი იქნა გამოთქმული საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის სესილი გოგიბერიძის მოხსენებაში. თუმცა იყო განსხვავებული აზრიც, რომლის მატარებელიც იყო საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის თავმჯდომარის ირაკლი წერეთლის გამოსვლა.

მან თქვა: „ კომკავშირი უნდა გაუქმდეს და თუ აღმოჩნდებიან კომკავშირული იდეების ერთგული ახალგაზრდები, მათ შეუძლიათ თავიანთი საქმიანობა ნულოვანი მდგომარეობიდან დაიწყონ.“

ყრილობაზე გადაწყდა: კომკავშირმა ორი თვის განმავლობაში მოახდინოს თვითგამორკვევა.

ჩვენთვის გასაგებია მცნება „ერის თვითგამორკვევა“. რაც შეეხება კომკავშირის თვითგამორკვევის შესახებ ყრილობის გადაწყვეტილებას, მიგვაჩნია, რომ ეს არის ფარსი კომკავშირის სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, როგორც იტყვიან, „წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო.“

იმედია, „კომკავშირის თვითგამორკვევის“ პროცესი წარმართული იქნება ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთებით და არა კონიუნქტურული პოლიტიკური მანევრირებით.