საინვესიტიო ნახტომები გრძელდება. მეორე კვარტალის მონაცემებმა ეს ოფიცილურადაც დაადასტურა. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის მე-2 კვარტალში 505.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის მე-2 კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 29.9 პროცენტით მეტია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წლის მე-2 კვარტალში სააქციო კაპიტალი, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით 23.3 პროცენტით შემცირდა და 72.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 14.4 პროცენტია. რეინვესტიციამ 422.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მისი წილი 83.5 პროცენტით განისაზღვრა.
„პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 168.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 33.3 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება თურქეთი - 71 მლნ აშშ დოლარით (14 პროცენტი), ხოლო მესამეზე ნიდერლანდები - 62.7 მლნ აშშ დოლარით (12.4 პროცენტი). ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 78 პროცენტს შეადგენს.
2023 წლის მე-2 კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 255.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 50.6 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს ენერგეტიკის სექტორი - 137.2 მლნ. აშშ დოლარით (27.1 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 35.6 მლნ. აშშ დოლარით (7 პროცენტი.
ეკონომისტების დიდი ნაწილი საინვესტიციო მონაგარს ცალსახად დადებითად აფასებს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც ეჭვის ჭია მაინც არ ასვენებთ. ფინანსისტი გიორგი ცუცქირიძის აზრით, საინტერესოა თავად ინვესტიციების სტრუქტურა, როგორც მოცულობის, ასევე ბოლო წლების დინამიკის და გეოგრაფიული არეალის თვალსაზრისითაც.
„პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვან ინდიკატორს წარმოადგენს, საგარეო სავაჭრო ბრუნვასთან ერთად. გარდა იმისა, რომ უშუალოდ მონაწილეობს ეკონომიკური ზრდის კონტრიბუციაში, აჩვენებს ინვესტორთა მოლოდინს ქვეყნის განვითარების პერსპექტივის თვალსაზრისით, განსაკუთრებით ეს გრძელვადიან საინვესტიციო დაბანდებებს ეხება, რაც აისახება რეინვესტირების მაჩვენებელში და სააქციო კაპიტალში შენატანების ზრდის დინამიკის კონტექსტში.
ქვეყნების მიხედვით მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში ლიდერობენ დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირის ქვეყნები აშშ-სთან და იაპონიასთან ერთად. 2023 წლის პირველ ნახევარში ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია ნიდერლანდებიდან (30.6% - 327.8 მლნ. აშშ. დოლარი) განხორციელდა, შემდეგ მოდის თურქეთი (13.3% - 142.9 მლნ. აშშ დოლარი), გაერთიანებული სამეფო (13.3% - 142.5 მლნ. აშშ დოლარი) იაპონია (6.9% – 73.7 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (6.7% – 71.4 მლნ. აშშ დოლარი).
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მეორე კვარტალში წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით 20.5%-ით არის გაზრდილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ევროკავშირიდან და 175.1 მლნ. აშშ დოლარს - მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34.6%-ს შეადგენს, ხოლო ორი კვარტალის ჯამში ევროკავშირიდან ინვესტიციები 2.5%-ით გაიზარდა და 461.3 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც მთლიანი ინვესტიციების 43.0%-ია!
მიმაჩნია, რომ ეს მაჩვენებლებიც რეალურს ხდის ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მიღებას ოქტომბერში, ხოლო 2030 წლისათვის ევროკავშირში სრული ინტეგრაციის პერსპექტივასთან ერთად და აჩვენებს ქვეყნის შეუქცევად ინტეგრაციას ევრო-ატლანტურ სივრცეში.
შედარებისათვის, მთლიან ინვესტიციებში რუსული კაპიტალის წილი მხოლოდ 5%-ია, რაც რეალურად აცლის ყოველგვარ არგუმენტს ოპოზიციურ ნარატივს, რუსული კაპიტალის ექსპანსიაზე ბოლო წლებში და განსაკუთრებით, ეს გასულ წელს ეხება“, - აღნიშნა ცუცქირიძემ.
არის სკეპტიკური შეხედულებებიც - PPMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი ამბობს, რომ საქართველოს რეალობაში რეინვესტიციის გაზრდილი მაჩვენებელი შეიძლება სულაც არ უკავშირდებოდეს ინვესტორისთვის საინტერესო ბიზნეს გარემოს, რადგან რეინვესტირების წილი ისედაც ისეთ სექტორზე მოდის, სადაც მოგების მარჟა საქართველოში ყველაზე მაღალია.
„კარგი მოვლენაა რეინვესტირებაც, იმიტომ, რომ ბიზნეს გარემო, იმ ბიზნესებს, რომლებიც ოპერირებენ საქართველოში და უცხოელების საკუთრებაში არიან, საფუძველს აძლევს, რომ დატოვონ თანხები საქართველოში. მეორე მხრივ, უნდა აღვნიშნოთ კომპოზიცია - რეინვესტირების დიდი ნაწილი მოდის საფინანსო სექტორზე. ჩვენ ვიცით, რომ ბოლო ორი წელია საფინანსო სექტორი რეკორდულ მოგებაზეა, აქედან გამომდინარე, ასე ხმამაღლა ძნელია ვისაუბროთ იმაზე, რომ ქვეყანაში არის იდეალური ბიზნეს გარემო რეინვესტირებისთვის, რადგან რეინვესტირებული თანხების სექტორული ჩაშლა ძალიან ცალმხრივია“, - განაცხადა ხიშტოვანმა.
ნიშანდობლივია, რომ 2023 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თითქმის 30%-ით გაიზარდა და 505.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მეორე კვარტალების მონაცემებს შორის ბოლო 15 წლის ისტორიული მაქსიმუმია, ხოლო 2023 წლის პირველ ორ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წინა წელთან შედარებით 10.9%-ით გაიზარდა და 1,072.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, და რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია წინა პანდემიურ 2019 წელთან შედარებით ზრდა 88.7%-ს შეადგენს!