250-მდე ავტოიმპორტიორი აპირებს რუსთავის ავტობაზრობას კონკურენციის სააგენტოში უჩივლოს. მიზეზი დღიური მოსაკრებელია, რომელიც იმპორტიორების შეფასებით ძალიან მაღალია.
საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსი ნონიაძე პირდაპირ ამბობს, რომ კერძო თუ იურიდიული პირები, რომელებიც მანქანების ჩამოყვანით არიან დაკავებულნი, დღევანდელ პირობებში გადასახადს ვერ გადაიხდიან. ბაზარი ზედმეტად გაჯერებულია და ავტომობილების რეალიზაცია მინიმუმამდეა დასული.
„ავტოიმპორტიორები რუსთავის ავტობაზრობის ადმინისტრაციას ეუბნებიან, რომ უჭირთ ყოველდღიური 10-15 ლარის გადახდა. როგორც კი გაყიდვების კუთხით მდგომარეობა გამოსწორდება ისევ დავუბრუნდეთ ძველ ტარიფებს. ავტოიმპორტიორებმა ასოციაციას მოგვმართეს და გვთხოვეს ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების პროცესში ჩავრეულიყავით. ჩავერთეთ ამ პროცესში, პირობებიც შემოგვთავაზეს, თუმცა ავტოიმპორტიორებმა რომ დაითვალეს ის უფრო უძვირებთ გადასახადს, ვიდრე უმცირებთ.
იცის ადმინისტრაციამ, რომ გაყიდული მანქანების რაოდენობა ძალიან მცირეა და მაინც არსებულ ტარიფს ტოვებს. ეჭვი არის იმის, რომ ის საკუთარ დომინანტურ მდგომარეობას ბოროტად იყენებს. ეს კონკურენციის სააგენტომ უნდა დაადგინოს. სააგენტოს როცა ასოციაციის სახელით მივმართეთ, მოითხოვა რომ უშუალოდ ავტოიმპორტიორებმა მიმართონ“, - აცხადებს ნონიაძე.
რეექსპორტზე გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, ავტოიმპორტიორების მოგების მარჟა მცირდება და მზარდი სავაჭრო მოცულობების ფონზე გაყიდული ერთეული ავტომობილების რაოდენობა იკლებს.
„ერთი შეხედვით, ვაჭრობის მოცულობა იზრდება, მაგრამ არა იმიტომ, რომ ბევრი ავტომობილი იყიდება. ავტოიმპორტიორი გაყიდული ავტომობილების მიხედვით ითვლის. მთავარი ის კი არ არის რამ გაიარა მის ხელში, რა დარჩა მას და რა დარჩა ეკონომიკას. ამ მხრივ მდგომარეობა ნამდვილად არასახარბიელოა, უწევთ დაბალი მარჟით გაყიდონ, რის გამოც აღარ უღირთ მუშაობა.
რაც შეეხება კაპიტალდაბანდებას, თუკი ადრე ავტომობილის საყიდლად იმპორტიორს სჭირდებოდა საშუალოდ 10 000 დოლარი, ახლა ეს მაჩვენებელი 15 000 დოლარია. ჩამოყვანისთვის საჭირო იყო 3-4 თვე, ახლა 6 თვე სჭირდება. გარდა ამისა, მოგების მარჟა მცირდება, რადგან მოთხოვნა დაბალია, მიწოდება - გაცილებით მეტი.
სანამ ეს სიტუაცია გამოსწორდება, რუსთავის ავტობაზრობის ადმინისტრაციას შეეძლო გარკვეული შეღავათი გაეწია ამ ადამიანებისთვის, თუ გაკოტრდება ეს ხალხი, უკვე მეტთან მოუწევთ სასამართლო დავა“, - განაცხადა ნონიაძემ.
ვითარების დრამატულობას ადასტურებს „რობანი მოტორსის“ დამფუძნებელი ელგუჯა ჯამაგიძეც. იგი ყურადღებას რუსეთში რეექსპორტის შეზღუდვაზე ამახვილებს, რამაც საქართველოში ბაზრის გაჯერება გამოიწვია.
„ბიზნესს დაარტყა სანქციებმა. რუსეთში რეექსპორტის შეჩერებამ გამოიწვია ბაზარის გაჯერება ავტომობილებით და კიდევ უფრო თვალნათელი იქნება პრობლემა პირველი აგვისტოს ამოქმედებული რეგულაციის გამო. ვინც ამერიკაში პირველი აგვისტოს ჩათვლით ავტომობილი იყიდა, შემოდგომაზე ჩამოვა ქვეყანაში, რისი რეალიზება გართულდება.
მანქანები მიჰყავდათ რუსეთში და ასევე გადიოდა უკრაინაშიც. ომის გამო უკრაიანში გაყვანაც ძნელია, რუსეთი კი სანქცირებულია. პრობლემა ისაა, რომ რუსეთში გასაგზავნ ავტომობილებს თითქმის არავინ ყიდულობს საქართველოში, რადგან ძვირია. ნაკლებ სავარაუდოა, რომ მათი ფასი იმ დონეზე ჩამოვიდეს, რომ ადგილობრივებმა შეიძინონ, რადგან ის რუსეთის ბაზარზე იყო გათვლილი და ფასიც ისეთი ჰქონდა, რასაც ამ ქვეყნის წარმომადგენლები გადაიხდიდნენ“, - აღნიშნა ჯამაგიძემ.
კონკურენციის სააგენტოს ჯერ საკითხის შესწავლა არ დაუწყია, თუმცა დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემდეგ ირაკლი ლექვინაძის უწყება საქმეს მსვლელობას მისცემს.
მალე მანქანების შემოსვლა შეწყდება (ახლა უკვე შემცირებულია აუქციონზე შესყიდვები).
შედეგად რამდენიმე მიზანი იქნება მიღწეული:
1. მოიშლება ავტომობილების რეექსპორტის ბიზნესი და შემოსავლის გარეშე დარჩება ამ საქმით დაკავებული ასობით ადამიანი და მათი ოჯახები;
2. მსხვილი დილერები სხვა ქვეყნებში გადაიტანენ თავიანთ კაპიტალს და ქვეყნიდან გაიქცევიან. ბიუჯეტი დაკარგავს გარკვეულ შემოსავლებს;
3. დაიხურება ავტოშემკეთებელი საამქროები და შემოსავლის გარეშე დარჩება ამ სფეროში დასაქმებული ათასობით ადამიანი და მათი ოჯახები;
4. შემცირდება მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა და ყველა სახის ბაზარზე შემცირდება საქონელბრუნვის მოცულობა, რაც შემოსავლის გარეშე დატოვებს ვაჭრობაში და დისტრიბუციაში დასაქმებულ ათიათასობით ადამიანს და მათ ოჯახებს;
5. გაიზდება სოციალურად დაუცველთა რაოდენობა, რაც ტვირთად დააწვება ბიუჯეტს;
6. მოსახლეობაში მოიმატებს უკმაყოფილების მუხტი, რაც საუკეთესო ნიდაგია, ნებისმიერი სპონტანური მიზეზით, ხალხის ქუჩაში გამოყვანისათვის და არეულობების ინსპირირებისათვის.
დანარჩენი, უკვე რევოლუციურ ტექნოლოგიებში გაწაფულობის საკითხია.