მსოფლიოში ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებით ძალიან რთული ვითარებაა. მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთმა მოპოვება შეამცირა, ხოლო ჩინეთმა ქვეყნის ეკონომიკის მხარდასაჭერად ზომები მიიღო, ნავთობის ფასი გაიზარდა. შედეგად „ბრენტის“ ტიპის ნავთობის ღირებულებამ 91 დოლარს გადააჭარბა.
საკმაოდ ცუდი ტენდენციაა რუსეთშიც, რომლის ბაზარზეც საქართველო დიდადაა დამოკიდებული. რუსულ ნავთობზე განსაზღვრული 60-დოლარიანი საფასო ჭერის მიუხედავად, „ურალსის“ ფასმა ლამის 80 დოლარს უწია. ეს ყველაფერი საავტომობილო საწვავის გაძვირებას იწვევს. 1 ტონა ბენზინის ღირებულება, „პლატცის“ მიხედვით, 1000-დოლარიან ნიშნულს მიუახლოვდა.
ახლო მომავალში საწვავის კიდევ გაძვირებაა მოსალოდნელი, რაც საბოლოო ასახვას პროდუქციაზე მოახდენს და ისედაც გაძვირებული ფასები კიდევ მოიმატებს. სწორედ ამაზე საუბრობს საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია, რომლის პროგნოზითაც, საწვავის ფასი 15-25 თეთრით კიდევ მოიმატებს. გამორიცხული არ არის, ყველაზე იაფი „რეგულარის“ ფასმა 3 ლარს მიაღწიოს.
„სექტემბრიდან ბენზინზე ფასი მოიმატებს 15-დან 25-თეთრამდე, ხოლო დიზელის ღირებულება აუცილებლად გადააჭარბებს 3-ლარიან ნიშნულს. ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი არის ის, რომ საწვავი გაძვირდა რუსეთში, რომელ გარემოებასაც ემატება ის მოუშორებელი სენი, რასაც ქართულ ბაზარზე კარტელური გარიგება და მაღალი ფასის შენარჩუნების სურვილი ჰქვია.
საწვავის სიძვირე, რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ რაღაც დასახელების საკვებზე მოიმატებს ფასი და მეტიც, მიმდინარე წლის დეკემბერში, პროდუქციაზე ფასები იქნება იმაზე გაცილებით მაღალი, ვიდრე იყო წინა წლის ანალოგიურ პერიოდში“, - განაცხადა შენგელიამ.
ვითარება უკვე არასახარბიელოა და შესაძლოა, მალე საგანგაშო გახდეს. გამოსავალი არ ჩანს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა ნავთოპროდუქტების მხრივ სრულად იმპორტდამოკიდებულია. აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი შექმნილ რთულ ვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას:
„საწვავის ფასს ჩვენნაირი, ანუ მომხმარებელი ქვეყნებისთვის განაპირობებს რამდენიმე მთავარი ფაქტორი. პირველია გლობალურ ბაზრებზე ნავთობის საერთაშორისო ფასები. ჩვენ ახლა ცოტა განსხვავებულ სიტუაციაში ვართ, რადგან შემოგვაქვს რუსული საწვავი, რომელიც გლობალურ ბაზრებთან შედარებით იაფი ღირს. ბოლო პერიოდში ორივე მიმართულებით, რუსეთშიც და სხვა ბაზრებზეც, ფასები მნიშვნელოვნად არის მომატებული.
მეორეა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და ეროვნული ვალუტის ნომინალური კურსი. ამას ემატება ხშირ შემთხვევაში ლოგისტიკის გართულებული პროცესები. ბოლო წელიწად-ნახევარში რუსეთის ომმა უკრაინაში დიდი პრობლემები შექმნა. მეოთხე და მთავარი ის არის, რომ ფასწარმოქმნაზე შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს არაჯანსაღმა კონკურენციამ.
არ უნდა გამოგვრჩეს ეროვნული ვალუტის საკითხიც, რომელიც საკმაოდ ტურბულენტურ მდგომარეობაშია. ეს ჩემთვის არც არის გასაკვირი, რადგან ეროვნული ბანკი ეროვნულ ვალუტას ცოტა „შორიდან უყურებს“, რბილად რომ ვთქვათ, და ამ მიმართულებით ცოტა მეტი სიმკაცრე ცუდი არ იქნებოდა.
საწვავის გაიაფების ბევრი მექანიზმი არსებობს, დაწყებული აქციზის გადასახადით და გაგრძელებული ეროვნული ვალუტის მდგომარეობით და სხვ. რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობს ბერკეტები საწვავის ფასზე ზეგავლენის მოსახდენად, თუმცა, როგორც წესი, ნავთობის მომხმარებელი ქვეყნები ამ ბერკეტებში შეზღუდული ვართ“, - აღნიშნა ბაირახტარმა.