რთველი უკვე დაიწყო, მაგრამ წელს პრობლემები ბევრი მიმართულებითაა. მოსავალი შემცირებულია, ხარისხი კი - გაუარესებული. ამას თან დაერთო კახეთში რამდენიმე დღის წინ მოსული საშინელი სეტყვა, რომელმაც დასაკრეფად გამზადებული ყურძენი პირწმინდად გააფუჭა.
მთავრობა ცდილობს ფერმერებს პრობლემების მოგვარებაში შეეხიდოს. გარდა იმისა, რომ რთველის სუბსიდირება უკვე ძალაში შევიდა, სახელმწიფომ სეტყვისგან დაზიანებული ყურძნის შესყიდვაც დაიწყო, თანაც საკმაოდ მაღალ ფასად.
პრემიერმა ორშაბათის მთავრობის სხდომაზე წლევანდელი რთველის შესახებ ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება:
„ჩვენ რამდენიმე კვირის წინ შევიკრიბეთ და განვაცხადეთ, რომ სუბსიდიას შევინარჩუნებდით. ასევე ვთქვით, რომ დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო ჩაიბარებდა 90 თეთრად. იცით, რომ რამდენიმე დღის წინ ძლიერი სეტყვა მოვიდა კახეთში. ხალხს გამზადებული ჰქონდა ყურძენი ჩასაბარებლად და სამწუხაროდ, სეტყვა მოვიდა, მაგრამ ამის მიუხედავად, მინდა მკაფიოდ განვაცხადო და დავამშვიდო ჩვენი ძვირფასი მოქალაქეები - არც ერთი კილოგრამი დაზიანებული იქნება, დასეტყვილი თუ ჩვეულებრივი ყურძენი, არ დარჩება ჩაუბარებელი. სახელმწიფო ჩაიბარებს 90 თეთრად, მათ შორის დასეტყვილ ყურძენს.
ასევე რამდენიმე კონკრეტული შედეგი მინდა შევახსენო საზოგადოებას, მათ შორის, ჩვენს კრიტიკოსებს მინდა შევახსენო, თუ სად ვიყავით 10 წლის წინ, რა ხდებოდა ამ სექტორში, რა მდგომარეობა იყო. მაშინ ქვეყანაში 40 ღვინის კომპანია არსებობდა, დღეს არის 2500. ვენახების ფართობები მთლიანად შეადგენდა 25 000 ჰექტარს დაახლოებით. ბოლო 10 წელიწადში კი ვენახების ფართობები გაორმაგდა.
შარშან 270 მილიონი ლარი მიიღო კახეთმა შემოსავლის სახით, მხოლოდ მევენახეებმა და ადამიანებმა, რომლებიც ჩართულები არიან ამ სფეროში. ჯამში, 10 წელიწადში, 2 მილიარდ ლარზე მეტი მიიღეს კახელმა მევენახეებმა და ფერმერებმა. წინა ხელისუფლების დროს შეიძლება ჯამურად 200 მილიონ ლარზე მეტი არ ყოფილიყო. ეს არის ჩვენს მიერ სწორად დაგეგმილი და გააზრებული პოლიტიკა, დახმარებები, სუბსიდია.
მინდა მოვუწოდო ჩვენს მევენახეებს, აუცილებელია აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულობა. შარშან გვქონდა თუ არ ვცდები, 50%-იანი თანადაფინანსება და ეს გავზარდეთ 70%-მდე. ანუ 70% არის ჩვენი თანადაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან.
შარშან რეკორდული რაოდენობის - 103 მილიონი ლიტრი ღვინო გაიყიდა. აქედან ასეულობით მილიონი დოლარის შემოსავლები შემოდის ქვეყანაში. 10 წლის წინ დაახლოებით 20-30 მილიონი ლიტრი იყიდებოდა. ეს არის რეალობა, ჩვენ ამ პოლიტიკას შევინარჩუნებთ, გავაძლიერებთ, კიდევ მეტ დახმარებას გამოვუყოფთ მევენახეებსა და ფერმერებს“, - განაცხადა პრემიერმა.
აღსანიშნავია, რომ 2 სექტემბერს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის, ახმეტის, სიღნაღის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა. დაზიანებული ყურძნის სახელმწიფო საწარმოში ჩაბარება 3 სექტემბერს, ანუ სტიქიის მეორე დღიდან დაიწყო. მევენახეები შპს „მოსავლის მართვის კომპანიას“ დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად აბარებენ.
„მოსახლეობა აქტიურად აბარებს დაზიანებულ ყურძენს. დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება დღეს 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს. საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ, რომ კიდევ 2 ლოკაცია დავამატოთ. წინასწარი მონაცემებით, სეტყვისგან დაზიანებულია 3500 ჰექტარზე მეტი ფართობი, განსაკუთრებით თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტები, სწორედ ამიტომ განსაკუთრებით დატვირთულია სოფელ აკურაში მდებარე სახელმწიფო საწარმო. პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ.
მისი ინფორმაციით, გადამუშავებულია 11 ათასი ტონა ყურძენი და აქტიურობით გამოირჩევა კერძო სექტორი. სახელმწიფო საწარმოს მიერ ჯამში გადამუშავებულია 500 ტონა დაზიანებული ყურძენი. “ის დაზიანებული ყურძენი, რომელიც საღვინედ არ გამოიყენება, სასპირტედ გადამუშავდება სახელმწიფო საწარმოში“, - დასძინა მან.
2023 წლის რთველმა სტარტი რამდენიმე დღეა აიღო, მაგრამ მევენახეები და მეღვინეები არც ისე იმედიანად არიან. ამბობენ, რომ წლევანდელი მოსავალი როგორც მოცულობით, ისე ხარისხობრივად გასული წლებისას მნიშვნელოვნად ჩამორჩება. მთავარი ფაქტორი კი უამინდობაა, რამაც კახეთსა და რაჭაში ყურძენი დააზიანა.
კომპანია „ღვინუკას“ დამფუძნებლის შეფასებით, წელს რაჭაში 35%-ით ნაკლები მოცულობის მოსავალი მოვა. მთავარი გამოწვევა იქნება ხარისხიც, რადგან რეგიონში დიდი რაოდენობით ყურძენი გაფუჭდა. შესაბამისად, წელს ღვინის მარნებს ხარისხიანი ყურძნის შესყიდვა გაუჭირდებათ, რაც სავარაუდოდ, ადგილზე კონკრეტულ ჯიშებზე ფასის ზრდას გამოიწვევს.
„იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად ძალიან ცოტაა ყურძენი, საიდანაც მაღალი ხარისხის ღვინო დამზადდება, სავარაუდოდ, მოიმატებს ფასიც. მაგალითად, რაჭული თეთრა, რომელიც 2.5-3 ლარი ღირდა, წელს ალბათ 4 ლარი ეღირება. ცოლიკაური, რომელიც 3-4 ლარი ღირდა, მისი ფასიც გაიზრდება. ძველშავიც, რომელიც მხოლოდ რაჭაშია, ისიც გაძვირდება. საუბარია ხარისხიან, გადარჩენილ ყურძენზე, ხოლო რაც ვერ გადარჩა და სუბსიდირებაც არ ეხება, შეიძლება გლეხებმა ვერსადაც ვერ ჩააბარონ და ვერც გაყიდონ“, - განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა ზურაბ მაისაშვილმა.