არავითარ შემთხვევაში ჩვენ მხარს არ დავუჭერთ პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ზოგადადაც, ამ თემის წამოწევა მიგვაჩნია მავნებლობად, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„ეს [პრეზიდენტის იმპიჩმენტი] არის ერთ-ერთი ახალი გამოგონილი მავნებლობა, რათა ჩააგდონ კანდიდატის სტატუსის მიღება. არავითარ შემთხვევაში ჩვენ მხარს არ დავუჭერთ პრეზიდენტის იმპიჩმენტს. ზოგადადაც, ამ თემის წამოწევა მიგვაჩნია მავნებლობად, რადგან მილიონი რეალური პრობლემაა ქვეყანაში და „ქართული ოცნება“, იმის მაგიერ, რომ ამაზე ფიქრობდეს, იგონებს ახალ-ახალ მავნებლობებს ცარიელ ადგილას. სააკაშვილისთვის ახლა მნიშვნელოვანია, რომ გამოვიდეს ციხიდან და თავისუფლად ისუნთქოს, ამიტომ წავა ყველაფერზე. არავის პრინციპულობის იმედი არ მაქვს „ნაციონალურ მოძრაობაში“. მეტ-ნაკლებად ადეკვატური ვინც იყო, ყველა ჩამოშორდა „ნაციონალურ მოძრაობას“, - განაცხადა ელისაშვილმა.
მმართველი გუნდი პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ხელმოწერებს დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე შეაგროვებს. პროცედურების დასაწყებად საჭიროა 50 ხელმოწერა. შემდეგ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.