შარშანაც იყო ეს კონფერენცია და მაშინაც არ დავესწარით. მიზეზი არის მარტივი, ცხადი და საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარეობს. სამწუხაროდ ეს კონფერენცია იქცა პლატფორმად, სადაც ტრიბუნა ეძლევა რადიკალურ ძალებს, იმ პოლიტიკურ ჯგუფებს საქართველოში, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას, რომლებიც უარყოფენ არჩევნებს. ისინი არა მხოლოდ სტუმრებად არიან იქ დაპატიჟებულები, არამედ ეძლევათ ტრიბუნა, რომ საკუთარი დღის წესრიგი გააჟღერონ ასეთი სახის კონფერენციებზე, - ეს კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის „პუტინიზმის დამარცხების“ შესახებ გააკეთა.
„ასევე იქ არიან ზოგიერთი უცხოელი მონაწილეები, რომლებიც გამოირჩევიან საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებით. მაგალითად სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით და ა.შ.. თავისთავად ისეთი ადამიანებისთვის და პოლიტიკური ჯგუფებისთვის, რომელთაც აქვთ რადიკალური დღის წესრიგი და აწარმოებენ დეზინფორმაციას, მათთვის ტრიბუნის მიცემა არის მიუღებელი და ჩვენ რა თქმა უნდა ამის ლეგიტიმაციას ვერ მოვახდენთ. თუ ჩვენ დავაკვირდებით, ვინაიდან ორგანიზატორები არიან ამერიკული ორგანიზაციები, დღეს ამერიკაში მიმდინარეობს პროცესი ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ იმ ის საფუძველზე, რომ ის ავრცელებდა დეზინფორმაციას არჩევნების ვითომდა გაყალბების შესახებ. შეერთებული შტატების ორგანიზაციები, ამ შემთხვევაში „მაკკეინის ინსტიტუტი“ და „ბუშის ინსტიტუტი“, ქართულ ორგანიზაციასთან ერთად არიან ორგანიზატორები კონფერენციის, სადაც მათ გამომსვლელებში ჰყავთ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები, რომლებიც დადასტურებულად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით“, - განამარტა პაპუაშვილმა.