იმპიჩმენტის პროცედურის განხორციელების დროს ჩვენ გვექნება კონსულტაციები პრეზიდენტთან, მაგრამ ამ საკითხის დაკავშირება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნასთან ახლა უმართებულო იქნება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო ოპოზიციამ შეინარჩუნოს ერთიანობა და არ ჩაებას „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ამ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებში, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დისკრედიტაციას ეწევა და განსაკუთრებულ პრობლემას შეუქმნის ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას. სალომე ზურაბიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა ახლა ვერ დადგება, იმიტომ რომ ის ყოველთვის არის დღის წესრიგში. ახალი ამაში არაფერი არ იქნება. იმპიჩმენტის პროცედურის განხორციელების დროს ჩვენ გვექნება კონსულტაციები პრეზიდენტთან, მაგრამ ამ საკითხების დაკავშირება ახლა უმართებულო იქნება“, - აცხადებს ბეჟაშვილი.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურები იწყება - დღეს უმრავლესობის სხდომაზე მმართველი გუნდი საჭირო 50 ხელმოწერას შეაგროვებს, შემდეგ კი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია პრეზიდენტთან ოპოზიციის პოლიტიკურ ვაჭრობაზე.