ოპოზიციას აქვს ერთადერთი მიზანი - ისინი მხარს უჭერენ ყველაფერს, რაც აზიანებს ქართულ სახელმწიფოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„დღეს ეს შეიძლება იყოს პრეზიდენტის ვიზიტები, რომელიც მან განახორციელა საკუთარი უფლებამოსილების დარღვევით. გუშინ ეს შეიძლება ყოფილიყო რაიმე სხვა მოვლენა. პანდემია, სხვადასხვა ტრაგედია - არცერთი თემა არ წარმოადგენს მათთვის მორალურ ბარიერს იმისთვის, რომ ეს თემა გამოიყენონ იარაღად ქართული სახელმწიფოს დასაზიანებლად. ისინი იყენებენ ნებისმიერ თემას, რომლითაც ისინი ფიქრობენ, რომ შეიძლება დააზიანონ ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხი“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
მმართველი გუნდი პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ხელმოწერებს დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე შეაგროვებს. პროცედურების დასაწყებად საჭიროა 50 ხელმოწერა. შემდეგ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.