ჯავახიშვილის, სამედიცინო და ჭავჭავაძის უნივერსიტეტები დიღმის ჭალებში გადააქვთ.

ჯავახიშვილის, სამედიცინო და ჭავჭავაძის უნივერსიტეტები დიღმის ჭალებში გადააქვთ.

სტუდენტური ქალაქის მშენებლობაზე საუბარი დიდი ხანია მიდის. გაჩნდა იდეა, რომ ასეთი ქალაქი მაღლივ კორპუსთან აშენებულიყო, თუმცა იქ ფართი არასაკმარისი აღმოჩნდა და თბილისის მერიამ გადაწყვიტა, სტუდენტური ქალაქი ამერიკის საელჩოს უკან, დიღმის ჭალებში გააშენოს.

ნაპოვნია ინვესტორი, რომელიც მილიარდ დოლარად ღირებული პროექტის განხორციელებას ითავებს.

მამუკა ახვლედიანი, თბილისის ვიცე-მერი: "ინვესტორის ვინაობის გამხელას ჯერ ნუ მომთხოვთ, გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ის უცხოელია და მზადაა, ამ პროექტში მილიარდი ჩადოს. საუნივერსიტეტო ქალაქში გადავა თბილისში არსებული სახელმწიფო უნივერსიტეტები. აქ იქნება ყველაფერი ის, რაც სტუდენტებისთვისაა საჭირო. ამ პროექტში მერია თავისი წილით შედის, ეს წილი ის ასოცი ჰექტარია, სადაც ქალაქი უნდა გაშენდეს. პროექტი დაახლოებით 5, მაქსიმუმ 7 წელიწადში დასრულდება. რაც შეეხება იმ კორპუსებს, რომლებსაც ახლა უნივერსიტეტები ფლობენ, მათ ეს ქონება შეუნარჩუნდებათ და მათ ბედს თავად გადაწყვეტენ, თუმცა ერთი რამ ზუსტად ვიცი - ისტორიული კორპუსები არ გაიყიდება. რაც შეეხება კერძო უმაღლეს სასწავლებლებს, მათ შეეძლებათ საერთო საცხოვრებლებით სარგებლობა, თუმცა არა უფასოდ".

გია ხუბუა: "ჩვენ ძალიან მოგვწონს ეს გეგმა და მონაცემებიც დავამუშავეთ, რათა პროექტის შექმნისას გაითვალისწინონ, ზუსტად რა დაგვჭირდება. რაც შეეხება უნივერსიტეტის კორპუსებს, პირველ და მეორე კორპუსს ხელს არ ვახლებთ, პირველ კორპუსში ჰუმანიტარული, ხოლო მეორე კორპუსში იურიდიული ფაკულტეტი დარჩება. დანარჩენ ცხრა კორპუსს კი გავყიდით და ამ თანხას უნივერსიტეტის უკეთ განვითარებას და განახლებას მოვახმართ".

რა ბედი ეწევა იმ ცხრა კორპუსს, რომელიც ამჟამად ჭავჭავაძის უნივერსიტეტს აქვს დაკავებული, რექტორმა გიგი თევზაძემ ჯერ არ იცის. მონაცემები მასაც მომზადებული აქვს და ახალი იდეით ისიც, როგორც სხვები, კმაყოფილია.

იდეის განხორციელებაში ბოლომდე დარწმუნებული არ ჩანს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ოთარ ზუმბურიძე.

"მონაცემები გავაგზავნეთ, მაგრამ ჯერ არ ვიცით, ეს პროექტი როდის დასრულდება, ოფიციალურად არავის არაფერი უთქვამს, ისე ტექნიკურ უნივერსიტეტს 9 კორპუსი აქვს და იმ შემთხვევაში, თუ პროექტი განხორციელდება, ჩვენც გვაქვს რაღაც გეგმები კვლევითი უნივერსიტეტის შექმნასთან დაკავშირებით, რომელსაც ექნება თავისი საწარმოები, ლაბორატორიები, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ იდეაა და დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი".

რაც შეეხება სამედიცინო უნივერსიტეტს, მისი რექტორის მოადგილის, რიმა ბერაშვილის თქმით, მონაცემები უკვე გაგზავნილი აქვთ და ფიქრობენ, რომ თუ მთელი ინფრასტრუქტურა, რაც მათ სტუდენტებს სჭირდება, ერთად იქნება თავმოყრილი, ძალიან კარგი იქნება. აუცილებელია, სტუდენტებს იქვე ჰქონდეთ კლინიკა, ბიბლიოთეკა და საერთო საცხოვრებელი, ისევე როგორც ეს ევროპულ ქვეყნებში ხდება.