ლევან გაჩეჩილაძეს ბანკის ვალები ჯერ არ გაუსტუმრებია

ლევან გაჩეჩილაძეს ბანკის ვალები ჯერ არ გაუსტუმრებია

ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერ ლევან გაჩეჩილაძეს "ტაო-პრივატ-ბანკის" წინაშე არსებული დავალიანება, რის გამოც მის საცხოვრებელ სახლს აუქციონზე გატანა ემუქრება, ჯერ კიდევ არ გაუსტუმრებია.

ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მისმა ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ განუცხადა.

"ლევანს არ დაუფარავს ბანკის წინაშე არსებული დავალიანება, რადგან ფული არ აქვს. შესაბამისად დავა მასსა და "ტაო პრივატ-ბანკს" შორის ისევ მიმდინარეობს", - განმარტა ადვოკატმა.

მისივე თქმით, ბარნოვის ქუჩა 144-ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით დავამ სააპელაციო სასამართლოში უკვე გადაინაცვლა.

"სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვის დაწყებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებული აქვს. ველოდებით განხილვის დაწყებას, თუმცა პროცესი ჯერჯერობით არ ჩანიშნულა", - აღნიშნა კორკოტაძემ.

შეგახსენებთ, რომ გაჩეჩილაძესა და მის ოჯახს აღნიშნული სახლიდან გამოსახლება ემუქრებათ, რადგან ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს მას გაცემული სესხის სანაცვლოდ ბანკი ედავება. აღსანიშნავია, რომ აუქციონი სასამართლო დავის დასრულებამდე ვერ გამოცხადდება. გაჩეჩილაძეს "ტაო-პრივატ ბანკისთვის" სულ 220 ათასი ლარი აქვს გადასახდელი.

შეგახსენებთ იმასაც, რომ "ქართული პარტიის" პარიზში მცხოვრები ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის მტკიცებით, ლევან გაჩეჩილაძემ პარტიის გეგმები გაყიდა, რაშიც ხელისუფლებისგან 5 მილიონი აიღო.

"ქართულ პარტიაში" არ გამორიცხავენ, რომ გაჩეჩილაძემ თანხით "ძველი ვალები" გაისტუმროს. აღსანიშნავია, რომ "ტაო-პრივატ-ბანკის" გარდა, გაჩეჩილაძეს აღებული სესხების გამო დავა სხვა უძრავ ქონებაზე კიდევ რამდენიმე ბანკთან აქვს.