გურიის აწიოკება გრძელდება!!!

გურიის აწიოკება გრძელდება!!!

ამის აღწერა ძნელია. მას მთელი ტომები მოუნდებოდა. აღარ დარჩენილა მაზრაში სოფელი, რომ ჯარებსა და ჩეკისტებს არ აეკლოთ. მოგეხსენებათ ობოლაძის შემდეგ გურიაში ტალახაძე გამოგზავნეს, რომელმაც დიდძალი ჯარი მოიყვანა და როგორც ერთ თავის საიდუმლო დეპეშაში ამბობდა „გურიას ოკუპაცია უქნა“.

20 თებერვალს ოზურგეთს ესტუმრნენ პანკრატოვი და კვანტალიანი. მათ ჩეკისტების ვიწრო წრეში მოხსენება გააკეთეს, რომლის შინაარსი მოკლეთ იმაში გამოიხატებოდა, რომ საბჭოების შინაური მდგომარეობა გართულებულია, ანტიკომუნისტურმა ძალებმა თავი წამოყვეს, მასიური ხვრეტა რუსეთშიაც სწარმოებს და ამიტომ არ უნდა გაგიკვირდეთ, რაც აქ ხდება.

ამავე საღამოს ციხიდან გაიყვანეს ქალაქის ქუჩაზე და დახვრიტეს 13 კაცი, რომელთა გვამები მეორე დღეს ქუჩაში ეყარა. ჩეკის სარდაფში აწამეს რა, შემდეგ მხეცურათ მოჰკლეს გურიის გლეხთა  მოძრაობის ერთი პიონერთაგანი, ამხ. სამსონ ქავჟარაძე. მისი გვამი ღამით გადიტანეს და 13 დახვრეტილთან დააგდეს, ვითომ ამით დანაშაულობა შეიმსუბუქეს.

ეს იყო დასაწყისი. ამის შემდეგ დატუსაღებამ და ხვრეტამ მასიური ხასიათი მიიღო. ციხეებში გაიარა არა ნაკლებ 2500 კაცმა. ბევრმა ტყეს შეაფარა თავი. გარბოდნენ ქალებიც და ბავშვებიც, ვინაიდან გაქცეულების მაგიერ მათ ატუსაღებდნენ, თუ სახლში მოასწრებდნენ.

დამალული ძმის მაგიერ სახლში დარჩენილებს ხვრეტდნენ. ასე მოექცნენ მაგალითად, ძმებს ინწკირველებს ბახვში. დახვრეტილთა და მოკლულთა საერთო რაოდენობა 300 კაცს აღემატება. ჯერ ყველას ვინაობა სავსებით გამორკვეული არაა, ვინაიდან ხვრეტენ აშკარათ და ფარულათაც.

მრავალი სახლი დაწვეს და დაშალეს. არის ისეთი ოჯახები საიდანაც ყველაფერი წაიღეს, სახლიდან დაწყებული საღორეთი გათავებული. წაიყვანეს ქათმები და გოჭებიც კი. გურიას გადაახდევინეს 70 მილიარდი კონტრიბუცია, გარდა იმისა, რომ სალდათები ფაქტიურად გლეხების ხარჯზე ცხოვრობენ.

ჯარის უფროსმა განცხადება გააკრა საჯარო ადგილებზე, რომ ყველა მენშევიკი გამოცხადებულიყო მასთან თფილისის ციხეში გადასაგზავნათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა ცოლშვილის და ნათესავების დაჭერით და სახლკარის დაწვით. თან ადგილობრივი კომუნისტები ხმებს ავრცელებდნენ, რომ თუ ვინმე არ გამოცხადდა, მთელ სოფელს დასჯიანო. სიები კი წინასწარ დამზადებული ქონდათ. ხშირათ იბარებენ მთელ სოფელს, ატუსაღებენ და მთელი დღეების განმავლობაში უჭმელ-უსმელს ამყოფებენ.

იყო შემთხვევები, როცა სამი დღე არაფერი აჭამეს დატუსაღებულ გლეხებს. სთხოვენ დამალულების გაცემას და დამსჯელი რაზმისთვის აქტიურ დახმარებას. ადგენენ კომისიებს და აწერიებენ ხელს, რომ „ახლა დარწმუნდენ მენშევიკებისა და მეორე ინტერნაციონალის გამცემლობაში“ და სხვ. ციხეებში ხომ წარმოუდგენელი რამ ხდება ამ ნიადაგზე. გაიყვანდენ ღამე ერთ პარტიას დასახვრეტათ, ხოლო მეორეს ეუბნებოდნენ: ხელი მოაწერეთ, თორემ თქვენც ზედ მიგაყოლებთო. აი, როგორ პირობებში ხდება ის ხელის მოწერა, რომლის შესახებ სულითა და ხორცით დაცემული მწერლუკები კომუნისტურ გაზეთებში გრძელ გრძელ წერილებს ბეჭდავენ.

საზოგადოთ, მთელი მცხოვრებლები კანონგარეშეა გამოცხადებული. მაზრაში სამაზრო ხუთეული, ხოლო რაიონებში და სოფლებში სარაიონო და სასოფლო ხუთეულებს განუსაზღვრელი უფლებები გააჩნიათ და ისინიც სარგებლობენ ამით. იჭერენ, ხვრეტენ, სწვავენ!

გურია და მისი გლეხების სიცოცხლე ბანდიტების ხელშია. 4 თვეა ასეთი მდგომარეობა გრძელდება და არავინ იცის როდის გაძღებიან სისხლით ჩვენი ქვეყნის ჯალათები!

მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას