ახალმა კვლევამ გამოავლინა, როგორ გამოიყურებოდა

ახალმა კვლევამ გამოავლინა, როგორ გამოიყურებოდა "ყინულის კაცი" ეცი

ეცი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუმიაა, რომელიც იტალია-ავსტრიის საზღვარზე 1991 წელს აღმოაჩინეს. ის 5 300 წლის წინ მცხოვრებ ადამიანს ეკუთვნის და დღემდე ძალიან კარგადაა შემონახული, რის გამოც მეცნიერთა განსაკუთრებული ინტერესის ობიექტია.

ამ ინდივიდის ჯანმრთელობისა და სხვა დეტალების შესახებ სპეციალისტებმა გარკვეული მონაცემები უკვე მოიპოვეს. მაგალითად, გამოავლინეს გამაგრებული არტერიები, ტატუები და უკანასკნელი საკვები — ალპური გარეთხა. ასევე, ვიცით, რომ მისი სიკვდილი, სავარაუდოდ, ზურგში ნასროლმა ისარმა გამოიწვია.

ახალი კვლევის ფარგლებში ალპებში ნაპოვნი "ყინულის კაცის" ვიზუალური თავისებურებები შეისწავლეს და დაადგინეს, რომ მას შესაძლოა, იმაზე მუქი კანი ჰქონოდა, ვიდრე აქამდე გვეგონა, სხვა ევროპელ თანამედროვეებზე მუქიც კი. ამ დრომდე მიიჩნეოდა, რომ ზედაპირული ქსოვილები მას მუმიად ქცევისას გაუმუქდა, თუმცა ავტორთა თქმით, მეტწილად ეს თავდაპირველი შეფერილობაა.

საინტერესოა და სიახლეა ისიც, რომ ეცის, რომელიც უკვე ზრდასრული იყო, სიმელოტე უნდა ჰქონოდა, რაზეც მისი გენები მიანიშნებს. ეს ხსნის, თუ რატომაა მუმიაზე ძალიან მცირე ოდენობის თმა შემორჩენილი.

გენომში დაფიქსირდა ჯანმრთელობის რისკები, როგორიცაა სიმსუქნე და მეორე ტიპის დიაბეტი. ამის მიუხედავად, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეცი ჯანსაღად ცხოვრობდა, რის გამოც ჩამოთვლილი რისკფაქტორები არ აწუხებდა.

დღევანდელი ევროპელების გენომი სამი ძირითადი მემკვიდრეობითი ჯგუფის მოზაიკური ერთობლიობაა. მათ შორისაა დასავლელი მონადირე-შემგროვებლები, ანატოლიელი ფერმერები და აღმოსავლეთ ევროპის სტეპის მესაქონლეები. ეცის პირვანდელმა გენეტიკურმა ანალიზმა გამოავლინა, რომ ის სტეპის მესაქონლეებთან უფრო ახლოსაა, მაგრამ ახალი კვლევის მიხედვით, შესაძლოა, ნიმუში თანამედროვე ადამიანთა დნმ-ით "დაბინძურებულიყო".

მეცნიერები ამბობენ, რომ მას შემდეგ ბევრი რამ შევიტყვეთ და გენომის გაშიფვრის ტექნოლოგიაც საგრძნობლად განვითარდა. შედეგად გაირკვა, რომ "ყინულის კაცი" იზოლირებულ პოპულაციას ეკუთვნის, რომელსაც სხვა ევროპულ ჯგუფებთან ნაკლები შეხება ჰქონდა. მის გენებში სტეპის მესაქონლეთა კვალი არ დაფიქსირებულა, მონადირე-შემგროვებელთა წილი კი მცირე აღმოჩნდა.

"როგორც ჩანს, მისი წინაპრები პირდაპირ ანატოლიიდან მოვიდნენ და მონადირე-შემგროვებლებთან არ შერწყმულან", — აცხადებენ ავტორები.