კაცობრიობა მარსზე სიცოცხლის კვალის აღმოჩენას უკვე მრავალი წელია, ცდილობს. პროგრამა Mars Sample Return-ის ფარგლებში იქიდან დედამიწაზე გრუნტის ნიმუშების ჩამოტანაც იგეგმება, რომელსაც მეცნიერები დეტალურად გააანალიზებენ. ამის მიუხედავად, ერთ-ერთი სპეციალისტი ეჭვობს, რომ იქ სიცოცხლეს ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ მივაკვლიეთ და შემთხვევით გავანადგურეთ.
დიდი ხნით ადრე, სანამ წითელ პლანეტაზე მავალ Curiosity-ის გავუშვებდით, იქ NASA-ს Viking-ის მისიებისას ორი აპარატი დაეშვა. მისი ზედაპირის ახლო გამოსახულებები მაშინ პირველად მოვიპოვეთ და გრუნტს ბიოლოგიური ტესტირებაც ჩავუტარეთ. ექსპერიმენტების უმეტესობა დამაიმედებელი არ იყო, თუმცა ერთ-ერთმა ქლორის შემცველი ორგანული ნივთიერებები გამოავლინა. იმ დროს მიიჩნიეს, რომ ისინი მარსზე დედამიწიდან მოხვდა.
ექსპერიმენტის ერთ ნაწილში ნიმუშში წყალი დაამატეს, რომელიც საკვებ ნივთიერებებსა და რადიოაქტიურ ნახშირბადს შეიცავდა. თუ პლანეტაზე სიცოცხლე იყო, სავარაუდოდ, ის სწორედ ამ ნივთიერებებს მოიხმარდა, ხსენებულ აირს კი ცხოველქმედებისას გამოყოფდა. ამის მიუხედავად, სათადარიგო ტესტირებაში მსგავსი აირი აღარ იყო.
არაერთგვაროვანი აღმოჩნდა სხვა ცდებიც: პოტენციურად არსებული მიკრობების რადიოაქტიური ნივთიერებებით გამოკვებასა და ინკუბაციას მეტი აირი უნდა წარმოექმნა, მაგრამ ასე არ მოხდა. პირველადი ნიმუში პერქლორატში მოათავსეს, რომელიც ასაფეთქებლებსა და რაკეტის საწვავში გამოიყენება, ეს კი საკვებ ნივთიერებებს გადაამუშავებდა.
სხვაგვარად ფიქრობს ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ასტრობიოლოგი დირკ მაკუჩი. მისი აზრით, ნიმუშში წყლის დამატება შეცდომა იყო, რადგან ამას იქ არსებული მიკრობების განადგურება შეეძლო.
სიცოცხლის ასეთი ფორმები დედამიწაზე, ყველაზე მკაცრ პირობებშიც გვხვდება. ისინი მარილის მინერალებში ბინადრობენ და ტენს ჰაერიდან იღებენ. მათთვის წყალი დამღუპველია. დირკ მაკუჩი არ გამორიცხავს, რომ მარსის გრუნტის ნიმუშებშიც მსგავსი მიკრობები არსებულიყო, რაც ხსნის, რატომ ვერ დაფიქსირდა მოგვიანებით იქ რადიოაქტიური აირი.
"ამ ადაპტაციას მარსის გარემოში გარკვეული უპირატესობები ექნებოდა, როგორიცაა ყინვის დაბალი ნიშნული, ჟანგბადის წყარო და ჰიგროსკოპიულობა. თუ დავუშვებთ, რომ მარსზე სიცოცხლე იქაურ პირობებს წყალბადის ზეჟანგის მიერთებით შეეგუა, ეს Viking-ის შედეგებს ახსნის.
თუ ამ მიკრობთა უჯრედები წყალბადის ზეჟანგს შეიცავდა, ეს ცდა მათ დახოცავდა. ის ორგანულ მოლეკულებთან შევიდოდა რეაქციაში და დიდი ოდენობით ნახშირორჟანგს წარმოქმნიდა, რაც ხელსაწყომ დააფიქსირა კიდეც", — ვკითხულობთ დირკ მაკუჩისა და მისი კოლეგის ადრეულ ნაშრომში.