ამერიკელი მსახიობი ბრედლი კუპერი კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა. ოსკარის არაერთგზის ნომინანტ კინოვარსკვლავს, რომელიც მუსიკოს ლენარდ ბერნსტაინზე გადაღებული ახალი ბიოგრაფიული ფილმის რეჟისორი, სცენარისტი და მთავარი როლის შემსრულებელია, ებრაელების სტერეოტიპულად წარმოჩენაში ადანაშაულებენ.
აშშ-ში დაბადებული ბერნსტაინი ებრაელი ემიგრანტების შვილი იყო. მისი როლის შემსრულებელი კუპერი კი, რომელიც ებრაელი არაა, ფილმში ხელოვნური ცხვირით ჩნდება.
"თუკი კუპერს ცხვირის პროთეზი უნდა ეკეთოს, ეს ჩემთვის და კიდევ ბევრისთვის იგივეა, რაც შავკანიანების ან აზიელების სტერეოტიპულად წარმოჩენა", — წერს ბრიტანელი მსახიობი და აქტივისტი ტრეისი-ენ ობერმანი სოციალურ ქსელში, — "და თუ ბრედლი კუპერს [როლისთვის] მხოლოდ სამსახიობო ოსტატობა არ ჰყოფნის, სულ ნუ დაამტკიცებთ ამ როლზე, ებრაელი მსახიობი აიყვანეთ".
ობერმანი ასევე იხსენებს, რომ 2014 წელს დადგმულ სპექტაკლში The Elephant Man კუპერმა მსგავსი პროთეზების გარეშე განასახიერა კაცი, რომელსაც დეფორმირებული სახე ჰქონდა.
ბერნსტაინის ბიოგრაფიულ ფილმში მსახიობის ამგვარ გამოჩენას "პრობლემური" უწოდა The Hollywood Reporter-ის კინოკრიტიკოსმა დენიელ ფინბერგმაც და კინოსურათი "ეთნიკურობის კოსტიუმირებულ შოუდ" შეაფასა.
კრიტიკის საპასუხოდ, ბერნსტაინის შვილებმა განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ კუპერის შესრულებულ როლთან პრობლემა არ აქვთ.
მიუხედავად ამისა, ეთნიკურად ებრაელებისთვის სტერეოტიპული გარეგნული მახასიათებლების მიწერა საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა მათი დისკრედიტაციისათვის. ამ ტენდენციის აღსანიშნავად ინგლისურ ენაში საგანგებო ტერმინიც კი არსებობს — Jewface ("ებრაელის სახე").
მსგავს პრაქტიკას (მაგალითად, ცხვირის ზომით ადამიანის წარმომავლობის "დადგენას") აქტიურად მიმართავდა ნაცისტური რეჟიმი, რომელიც თავისი რასისტული და ანტისემიტური პროპაგანდის გამართლებას სწორედ ყალბი მეცნიერებით ცდილობდა.