უცხოელმა ინვესტორებმა 2022 წელს ქართულ ეკონომიკაში 2.1 მლრდ დოლარის ინვესტიცია ჩადეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია საქართველოს ისტორიაში. ეკონომისტები აღებული ტემპის გაგრძელებას ელიან წელსაც და ვარაუდობენ, რომ საინვესტიციო მონაგარი შარშანდელზე ნაკლები არ იქნება.
„საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული დაზუსტებული მონაცემებით, რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 66%-ს მიაღწია.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციებში გაერთიანებული სამეფო ლიდერობს 20.8%-ით (437 მლნ დოლარი), მეორეზეა ესპანეთი 17.2%-ით (360.5 მლნ დოლარი), მესამე პოზიციაზე კი ნიდერლანდებია 9.4%-ით (196.2 მლნ დოლარი).
სექტორებს შორის საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები ლიდერობს 538 მლნ დოლარით, ეს მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 25.6%-ია. მეორე პოზიციაზე უძრავი ქონების სექტორია 366.5 მლნ დოლარით (17.5%), მესამეზე - წყალმომარაგება და ნარჩენების მართვა 197.2 მლნ დოლარით (9.4%).
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კომპონენტების მიხედვით წილი: სააქციო კაპიტალი - 696.8 მლნ დოლარი; რეინვესტიცია - 1 378.4 მლნ; სავალო ვალდებულებები - 22.7 მლნ დოლარი.
სპეციალისტები პირდაპირ აღნიშანვენ, რომ სამომავლო მოლოდინიც პოზიტიურია და საინვესტიციო მაჩვენებლები კიდევ გაუმჯობესდება.
ამას ადასტურებს მიმდინარე წლის წინასწარი მონაცემებიც. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის I კვარტალში 496.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 13.7 პროცენტით ნაკლებია, თუმცა ხოლო 2022 წლის IV კვარტლის მონაცემებს 53.3 პროცენტით აღემატება.
როგორც ფინანსისტი, გიორგი ცუცქირიძე მიიჩნევს, ის მაჩვენებლები, რაც ახლა გვაქვს შთამბეჭდავია, თანაც ინვესტიციები, ეკონომიკის თითქმის ყველა დარგში იდება.
მიმდინარე წელს პირველ კვარტალში გვაქვს 497 მლნ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. მართალია ეს ნაკლებია გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, როცა 575 მილიონი იყო, მაგრამ დაფიქსირებული 497 მილიონი არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პირველ კვარტალში ბოლო 10 წლის განმავლობაში, თუ შარშანდელ წელს არ ჩავთვლით.
ყველაზე მსხვილი ინვესტორები ევროკავშირის ქვეყნები იყვნენ, ასევე გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, აშშ და თურქეთი, ეს ტენდენცია კი წელსაც გრძელდება. კაპიტალი ეკონომიკის ყველა მიმართულებით იდება - უძრავი ქონების, ფინანსური სექტორის, დამამუშავებელი მრეწველობის და ენერგეტიკის მიმართულებით.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ რეინვესტირების მაჩვენებელი გაზრდილია 64%-მდე, ასევე 3-ჯერ არის გაზრდილი ინვესტიციები სააქციო კაპიტალში, ხოლო ყველაზე მცირე სამომავლო ვალდებულებებშია. ეს ნიშნავს, რომ საქართველოსადმი ნდობა იზრდება“, - აღნიშნა „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას ცუცქირიძემ და დასძინა, რომ აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობნით უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ წელსაც შესანიშნავი შედეგი გვექნება.
„მიუხედავად იმ გლობალური გამოწვევებისა, რაც დაკავშირებულია უკრაინის ომთან და გაჭიანურებულ ხასიათთან, ქართული ეკონომიკა მაინც ინარჩუნებს მაღალ მიმზიდველობას უცხოური ინვესტიციების მხრივ, რაც არის თავისებური ინდიკატორი ეკონომიკის მიმზიდველობისა. გვაქვს საკმაოდ კარგი პოტენციალი, მათ შორის ენერგეტიკაში, მშენებლობაში. ოპტიმისტური უნდა იყოს შეფასება წელსაც, მით უმეტეს პოლიტიკური რყევები არ არის, სტაბილურად ვითარდება ეკონომიკა“, - დასძინა ცუცქირიძემ.