ევროპის უძველესი ტბის ფსკერზე საიდუმლოებით მოცული სოფლის კვალი აღმოაჩინეს — ახალი კვლევა

ევროპის უძველესი ტბის ფსკერზე საიდუმლოებით მოცული სოფლის კვალი აღმოაჩინეს — ახალი კვლევა

მკვლევრებმა აქ აღმოაჩინეს მტკიცებულებები, რომლებზე დაყრდნობითაც ვარაუდობენ, რომ დასახლება გამაგრებული იყო ათასობით დალურსმული ფიცრით, რომლებიც თავდასაცავ ბარიკადებად გამოიყენებოდა. მაგრამ რისთვის სჭირდებოდათ სოფლის მცხოვრებლებს ამ დონის თავდაცვა?

ოჰრიდის ტბის, "ბალკანეთის მარგალიტის" ფსკერზე მეცნიერებმა აღმოაჩინეს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული საზოგადოების კვალი და ცდილობენ, ამოიცნონ საიდუმლო, თუ რატომ იყო მათი სოფელი გარშემორტყმული ათასობით დალურსმული ფიცრით.

არქეოლოგების აზრით, ტბის მონაკვეთი ალბანეთის ნაპირზე ოდესღაც, 8 000 წლის წინ დასახლებული იყო, რაც მას აქცევს ევროპაში დღემდე აღმოჩენილ ყველაზე ძველ ტბისპირა სოფლად. რადიოკარბონული დათარიღებით, სოფელი არსებობდა, დაახლოებით, ძვ.წ. 6000-5800 წლებში. ვარაუდობენ, რომ დასახლებაში ცხოვრობდა 200-დან 500-მდე ადამიანი.

მსგავსი ტიპის ყველაზე უძველესი სოფლები აღმოაჩინეს იტალიის ალპებში და ისინი თარიღდება, დაახლოებით, ძვ.წ. 5000 წლით.

მკვლევრებმა აქ აღმოაჩინეს მტკიცებულებები, რომლებზე დაყრდნობითაც ვარაუდობენ, რომ დასახლება გამაგრებული იყო ათასობით დალურსმული ფიცრით, რომლებიც თავდასაცავ ბარიკადებად გამოიყენებოდა. მაგრამ რისთვის სჭირდებოდათ სოფლის მცხოვრებლებს ამ დონის თავდაცვა? კითხვაზე პასუხის გაცემას მეცნიერები ამ დრომდე ცდილობენ.

"სოფლის ოჩოფეხებზე აშენება ძალიან რთული ამოცანა უნდა ყოფილიყო და მნიშვნელოვანია გავიგოთ, თუ რატომ გააკეთა ხალხმა ეს არჩევანი", — აღნიშნეს მკვლევრებმა.

პროფესიონალი მყვინთავების დახმარებით, არქეოლოგები ტბის ფსკერს ათვალიერებდნენ და პოულობდნენ ხის გაქვავებულ ფრაგმენტებსა და მუხის ნაჭრებს. ხის რგოლების ანალიზზე დაყრდნობით, მიიღეს რა ღირებული ინფორმაცია იმ პერიოდის კლიმატური და გარემო პირობების შესახებ, გუნდს შეექმნა წარმოდგენა ტერიტორიის მაშინდელი მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების შესახებ.

ამ დროისთვის, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სოფელი გამოსაკვებად მიწის დამუშავებასა და შინაური პირუტყვის ყოლას ეყრდნობოდა.

"ჩვენ აღმოვაჩინეთ სხვადასხვა თესლი, მცენარეები და ველური და შინაური ცხოველების ძვლები", — განაცხადა ალბანელმა არქეოლოგმა, პროფესორმა, ილრი ჯეპალიმ, რომელიც ადგილზე მუშაობს.

არქეოლოგების თქმით, ადგილის სრულად შესწავლასა და საბოლოო დასკვნების გამოტანას კიდევ ორი ათეული წელი დასჭირდება, თუმცა გათხრები ყოველ ჯერზე იძლევა ღირებულ ინფორმაციას, რომელიც საშუალებას მისცემს მათ, აღადგინონ ოჰრიდის ტბის სანაპიროზე დასახლებული ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების სურათი — დაწყებული საცხოვრებელი სახლებითა და დამთავრებული საზოგადოებრივი სტრუქტურებით.