კახეთში ატმისა და ვაშლატამას სეზონი დასასრულს უახლოვდება - პროდუქტის ძირითადი ნაწილი ამ რეგიონიდან უკვე გაყიდულია. დაახლოებით ორი კვირის შემდეგ სეზონი იწყება შიდა ქართლში. შეიძლება ითქვას, სეზონი შედარებით ნორმალურად წარიმართა. ფასიც ხელსაყრელი იყო და რეალიზაციის პრობლემაც არ შექმნილა.
კახელი ფერმერების უმეტესობა თავდაპირველად უკმაყოფილო იყო ფასებით, განსაკუთრებით კი ვაშლატამას ღირებულებით, რომელიც 2022 წელთან შედარებით დაბალი იყო. გასულ სეზონზე, გაყიდვების დასაწყისში ვაშლატამას მაღალი ფასების მიუხედავად, მიწოდების პიკის პერიოდში ფასები მკვეთრად დაეცა.
ამ სეზონზე პროდუქტის ფასები კილოგრამზე 1,5 ლარიდან დაიწყო და სტაბილურად შენარჩუნდა. საექსპორტო ხარისხის ვაშლატამას შეძენა შესაძლებელი იყო 1,8-2,10 ლარად. რაც შეეხება ატმის ფასებს, ფერმერებს წინა სეზონთან შედარებით მნიშვნელოვანი ფასების ცვლილება არ შეუნიშნავთ. ამჟამად 1 კილოგრამი ატამი საშუალოდ 1,2 ლარი ღირს.
ქართული ატმისა და ვაშლატამას საექსპორტო მოცულობის 90% რუსეთში იყიდება, შესაბამისად, 2022 წელს ექსპორტთან დაკავშირებული პრობლემები სწორედ რუსეთის ბაზარს უკავშირდებოდა. მწარმოებლები და ექსპორტიორები ჩიოდნენ, რომ პროდუქტი გაუყიდავი რჩებოდათ, უფრო კონკრეტულად, ვარაუდობდნენ, რომ ომის ფონზე რუსეთს პროდუქციის დეფიციტი შეექმნებოდა, თუმცა ჩინეთმა, უზბეკეთმა, ირანმა და თურქეთმა ქვეყანას დიდი რაოდენობით ატამი და ვაშლატამა მიაწოდა.
ომის გამო, რუსეთში მსყიდველუნარიანობაც შემცირდა, ქართველი ექსპორტიორები კი ორი პრობლემის - პროდუქტის გასაღებისა და დაბალი ფასის წინაშე დადგნენ. საბოლოოდ, დაბალი ფასის მიუხედავად, ქართველმა ექსპორტიორებმა და ფერმერებმა მოსავალი მაინც რუსეთში გაყიდეს, რადგან სხვა გზა არ ჰქონდათ.
ფერმერი ნიკა გეთიაშვილი ამბობს, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნების და აღმოსავლეთ ევროპის ბაზარი როგორც ფასის, ასევე სხვა მიზეზების გამო, სასურველი და მიმზიდველია, თუმცა ამ მიმართულებების ასათვისებლად, ყველაფერი ნულიდან უნდა დაიწყოს. მოსამზადებელი პერიოდი, პროდუქტის ანალიზი, გაზრდილი ხარჯები - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რატომაც ექსპორტიორი ახალი, უფრო სასურველი ბაზრის მოძიებას არ ცდილობს.
„გალფის ქვეყნები და აღმოსავლეთ ევროპა ძალიან საინტერესო იქნებოდა, თუმცა ევროკავშირში რომ შევიდეს პროდუქცია, მოსამზადებელი პერიოდი, ანალიზებია საჭირო. ეს დამატებით ხარჯს და ცოდნას მოითხოვს, ამას ყველა გაურბის, როგორც ექსპორტიორი, ასევე ფერმერი.
მაგალითად, ექსპორტიორებს რუსეთში წარმომადგენლები ჰყავთ და რეალიზაცია მარტივად ხდება. სხვა ქვეყნების ბაზრებზე კი გარკვეული არ არიან. მომგებიანობაზე წარმოდგენა არ აქვთ.
მე ვფლობ ინფორმაციას გალფის ქვეყნებზე და გამოცდილებაც მქონია. ისინი საკმაოდ მაღალი ფასის გადამხდელები არიან. ვფიქრობ, ამ ყველაფერს უნდა მივუდგეთ მარკეტინგულად, ეს არის ძნელი, ამიტომაც შედეგად რუსეთის ბაზარზე ვართ ჩამოკიდებული“, - განაცხადა „ბიზნეს მედიასთან“ ფერმერმა.
ევროკავშირის ბაზარზე გასვლას რომ შესაბამისი მომზადება და მუშაობა სჭირდება, ამ მოსაზრებას ეთანხმება ფერმერი გიორგი ქიტესაშვილიც, უმცა იქვე ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი შედარებით უფრო „მკაცრი“ ბაზარია.
„ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის კუთხით რუსეთი ლიდერია. ევროკავშირში ჩვენი პროდუქცია რთული გასატანია, ამას უნდა დაგეგმვა და ყველაფრის ნულიდან დაწყება. ევროპას უფრო მკაცრი ბაზარი აქვს, სტანდარტების დაცვა და ლაბორატორიული შემოწმებაა საჭირო. ჩვენი პროდუქტი რუსეთშიც გადის შემოწმებას, მაგრამ ყველა ქვეყანას თავისი სტანდარტი აქვს“, - აღნიშნავს ფერმერი.
მაისიდან ივლისის ჩათვლით, საქართველოდან ექსპორტზე 15 435 ტონა ატამი და ვაშლატამა გავიდა, რაც შარშანდელ მონაცემებზე 7%-ით ნაკლებია. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ აგვისტოზე ექსპორტის 30% მოდის, სრული მონაცემები ცნობილი მხოლოდ სექტემბერში იქნება.