ბელგიის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ტეილორ სვიფტის ინსპირაციით ლიტერატურული სალექციო კურსი შეიქმნება.
საგნის ლექტორი გენტის უნივერსიტეტის პროფესორი, ელი მაკკოსლენდი, ამბობს, რომ სილაბუსი ისეთი ცნობილი მწერლების შემოქმედებას მოიცავს, როგორებიც უილიამ შექსპირი, შარლოტა ბრონტე ან მარგარეტ ეტვუდი არიან, თუმცა სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესი საგნის სახელმა ლიტერატურა, ტეილორის ვერსიამ მიიქცია.
"ამდენი მეილი აღფრთოვანებული სტუდენტებისგან, რომლებიც კურსზე დასწრებას მთხოვენ, არასოდეს მიმიღია, თუმცა მათ გარდა, კურსით ის ადამიანებიც დაინტერესდნენ, რომლებიც სტუდენტები სულაც არ არიან", — ამბობს ლექტორი.
მაკკოსლენდს ამ არჩევითი საგნის შექმნის იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც აღმოაჩინა, რამდენი პარალელი არსებობს ტეილორ სვიფტის სიმღერების ტექსტებსა და კლასიკურ ლიტერატურას შორის. თემები, რომლებზეც ცნობილი ავტორები საუკუნეების წინ წერდნენ, ტეილორის შემოქმედებაში დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას.
"მინდა სტუდენტებს დავანახო, რომ მართალია, ზოგიერთი ძველი ტექსტი დღეს გაუგებარი ჩანს, თუმცა მას ძალიან მარტივად ჩავწვდებით, თუ ცოტა სხვა კუთხიდან შევხედავთ. აი, მაგალითად, შექსპირი და ტეილორ სვიფტი თავიანთ შემოქმედებაში დაახლოებით მსგავს კითხვებს სვამენ, რაც გიჟურად ჟღერს, თუმცა ასეა", — ხსნის ელი.
მსგავსი ტიპის საგანი ევროპის უნივერსიტეტში პირველად ისწავლება, თუმცა აშშ-ში ეს ტენდენცია უკვე ათობით უნივერსიტეტში შეინიშნება.