მსახიობ ეშლი ოლსენს და მის ქმარს პირველი შვილი შეეძინათ

მსახიობ ეშლი ოლსენს და მის ქმარს პირველი შვილი შეეძინათ

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დიზაინერ და მსახიობ ეშლი ოლსენს და მის ქმარ ლუი აისნერს პირველი შვილი შეეძინათ. მათ ახალშობილს ოტო დაარქვეს. ამ საკითხთან დაკავშირებით თავად წყვილს სოციალურ ქსელში კომენტარი არ გაუკეთებია და არც დაუდასტურებია.

ოლსენი და აისნერი სავარაუდოდ ერთმანეთს 2017 წლიდან ხვდებოდნენ, თუმცა როგორც ტყუპი დებისთვის, ეშლისა და მერი-კეიტისთვისაა დამახასიათებელი, პირადი ცხოვრების დამალვას ამჯობინებდნენ — ეშლი და ლუი საჯაროდ ერთმანეთის შესახებ არ საუბრობდნენ და ერთადაც იშვიათად ჩნდებოდნენ.

2018 წლიდან წყვილმა ქუჩაში ერთად გამოჩენა დაიწყო, 2019 წელს კი გავრცელდა ხმები, რომ ისინი დაინიშნნენ. ამის მიზეზი ერთ-ერთ სადილზე ეშლის მუქი ნაჭრით დაფარული თითი იყო, რომელზეც ნიშნობის ბეჭედს იკეთებენ ხოლმე. წყვილი პირველად საჯაროდ 2021 წელს წითელ ხალიჩაზე პირველად გამოჩნდა, 2022 წელს კი იქორწინეს.

მერი-კეიტ და ეშლი ოლსენებმა თავი ბავშვობიდან სახალისო ფილმებში მონაწილეობით დაგვამახსოვრეს, რომლებშიც ისინი ტყუპებს განასახიერებდნენ. ამის შემდეგ დებმა პროფესიად მოდა აირჩია და დღემდე წარმატებული დიზაინერები არიან — მათ თავიანთი ბრენდი The Row 2006 წელს შექმნეს.

ოლსენები ხშირად მედიის ყურადღების მიღმა დარჩენას ამჯობინებენ, რასაც მათ დაზე, ელიზაბეტ ოლსენზე ვერ ვიტყვით, რომელიც მარველის წარმატებული მსახიობია.