პირველი სექტემბრიდან ბუნებრივი აირის საფასური თბილისში, კომერციული მომხმარებლისთვის, ანუ კომპანიებისთვის 11 თეთრით, რეგიონებში კი 13 თეთრით გაიაფდება. შესაბამისი ცვლილება რეგიონების შემთხვევაში „სოკარ ჯორჯია გაზის“ მომხმარებელს, დედაქალაქის შემთხვევაში კი „თბილისი ენერჯის“ მომხმარებელს შეეხება. ბუნებრივი აირის მსხვილი მომხმარებელებისთვის ეს მნიშვნელოვანი შეღავათია, თუმცა რამდენად იმოქმედებს ეს მათ მიერ გამოშვებულ პროდუქციაზე?
პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ ტარიფის ცვლილება სექტორზე დადებითად აისახება, თუმცა პურზე ფასის შემცირების მოლოდინი არ არის, რადგან დაზოგილი თანხა, სავარაუდოდ, დასაქმებულების ანაზღაურების ზრდას მოხმარდება.
„11-თეთრიანი ცვლილება, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება ყველა ბიზნესზე, მათ შორის ჩვენს სექტორზეც. თუმცა ის მოლოდინი, რომელიც გაჩნდა, თითქოს ეს პურის ფასზე აისახება, რეალობასთან ახლოს არ არის. ტარიფის ცვლილება ხელფასებზე უნდა აისახოს, რადგან ჩვენ დარგში ადამიანური რესურსის ძალიან დიდი გადინებაა. ხელფასებთან დაკავშირებით მძიმე სიტუაციაა, იძულებული ვართ ანაზღაურება გავზარდოთ, რომ ის კადრები მაინც შევინარჩუნოთ, რომლებიც ჯერ კიდევ გვყავს.
სხვაობა, რასაც გაზის ტარიფის შემცირება მოგცემს წარმოებაზე ნამდვილად დადებითად იმოქმედებს. ამ ეტაპზე პურზე ფასის კლებას საეჭვოდ ვუყურებ, უფრო რეალურია იმის თქმა, რომ ფასი შენარჩუნდება. შეღავათი რასაც გაზის ტარიფის შემცირება მოგცემს, ხელფასების მატების მიმართულებით უნდა გამოვიყენოთ, პურზე კი ფასის კლება მოსალოდნელი არ არის“, - განაცხადა დოლიძემ.
ბუნებრივი აირის ტარიფის ცვლილებას სხვა ბიზნესის წარმომადგენლებიც აფასებენ. ტკბილეულის მწარმოებელ კომპანია „სანდომში“ მიაჩნიათ, რომ 11-თეთრიანი შემცირება, წარმოებაზე მნიშვნელოვან ცვლილებას არ გამოიწვევს, თუმცა „სანდომის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, თეკლა თალაკვაძე ადასტურებს, რომ კომპანიაში პროდუქტებზე ფასების დაკორექტირებას მაინც არ გამორიცხავენ.
„ვფიქრობ, ფასის ცვლილება მნიშვნელოვნად ვერ აისახება ბიზნესის წარმოებაზე. იმის გათვალისწინებით, რომ ნედლეულზე მაინც არასტაბილური ფასია და კონკრეტული პროდუქტი, მნიშვნელოვნად გაძვირებულია, ამის ფონზე, ვფიქრობთ, დიდი ცვლილება ვერ მოხდება, თუმცა ჩვენი მხრიდან შევეცდებით, გარკვეულ პოზიციებზე ფასები დაკორექტირდეს“, - აღნიშნა თალაკვაძემ.
პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო ნაწარმის მწარმოებელი კომპანია „მადამ დე“-ს დირექტორი ალექსანდრე რატიშვილიც ბუნებრივი აირის ტარიფის კლებას დადებითად აფასებს და დაუფარავად ამბობს, რომ საწარმოს 11-თეთრიანი შემცირება ათასობით ლარს დაუზოგავს.
„როდესაც საუბარია, ეკონომიკურ ობიექტებსა და სუბიექტებზე, ვინც გაზს დიდი რაოდენობით მოიხმარს, ეს ცალსახად ეკონომიკურ საქმიანობაზე და შედეგებზე დადებითად აისახება. წლის განმავლობაში ჩვენ დაახლოებით 50 000 ლარამდე გაზის ხარჯი გვაქვს, რაც ნიშნავს, რომ 11-თეთრიანი შემცირება ათასობით ლარს დაგვიზოგავს. პროდუქციის თვითღირებულებაში, საქართველოში, სამწუხაროდ, კომუნალურ გადასახადების მდგენელს საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ რატიშვილმა.
„თბილისი ენერჯის“ მომხმარებლებისთვის კომერციული ტარიფი 1,35 თეთრის ნაცვლად, 1,24 თეთრით განისაზღვრება, „სოკარ ჯორჯია გაზის“ შემთხვევაში კი ახალი ტარიფი სექტემბრიდან 1,38 თეთრის ნაცვლად, 1,25 თეთრი იქნება.