ცნობილი ამერიკელი მოდელი და მსახიობი მეგან ფოქსი მალე თავის სადებიუტო წიგნს გამოსცემს. პოეტური კრებული, სახელწოდებით ლამაზი ბიჭები მომწამვლელები არიან, ნოემბერში გამოიცემა.
გავრცელებულ ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ ფოქსი "სევდიანი და პირქუში ლექსების კრებულში თავის მახვილგონივრულ იუმორსაც გვაჩვენებს".
"80-ზე მეტ ლექსში ფოქსი ასახავს, როგორ ვცდილობთ, საყვარელი ადამიანებისთვის სხვადასხვა ფორმას მოვერგოთ, მაშინაც კი, თუ ეს პროცესში საკუთარი თავის დაკარგვას გულისხმობს".
თავად მსახიობი კი ამბობს, რომ ლექსების წერისკენ იმ დაავადებამ უბიძგა, რომელმაც მასში "გაჩუმების გამო მოიკიდა ფეხი".
"მთელი ჩემი ცხოვრება კაცების საიდუმლოებების შენახვას შევალიე", — ამბობს ფოქსი განცხადებაში, — "სხეული მათი ცოდვების სიმძიმის ტარებით მტკივა. ჩემი თავისუფლება კი ამ ფურცლებს შორისაა მოქცეული. და, იმედი მაქვს, ჩემი სიტყვები სხვებს შთააგონებს, საკუთარი ხმით ბედნიერება და იდენტობა დაიბრუნონ".
სხეულის დისმორფული აშლილობა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემაა, რომლის დროსაც ადამიანს აკვიატებული აზრი აქვს, რომ თავისი სხეული ან მისი რომელიმე ნაწილი "ნაკლოვანია". ამ ობსესიური იდეის შედეგად, ისინი ცდილობენ, დამალონ ან "გამოასწორონ" ნაკლად მიჩნეული.
ბოლო წლებში მეგან ფოქსი ღიად საუბრობდა თავის მენტალურ მდგომარეობაზე. 2021 წელს მან განაცხადა, რომ სხეულის დისმორფული აშლილობა აქვს. მსახიობის თქმით, მედიასა და კინოში მისი სექსუალიზება მას შემდეგ დაიწყო, რაც ფილმში Jennifer’s Body ითამაშა. მოგვიანებით, მან ამ საკითხზე კიდევ უფრო ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცხოვრებაში არასდროს ჰქონია ისეთი მომენტი, როცა საკუთარი სხეული უყვარდა.
"ჯენიფერის სხეულის შემდეგ ძალიან მძიმე პერიოდი გამოვიარე", — ამბობდა მსახიობი, — "არ მინდოდა, რომ ვინმეს დავენახე, ჩემთვის ფოტოები გადაეღოთ, წითელ ხალიჩაზე გამევლო ან საერთოდ საზოგადოების წინაშე გამოვჩენილიყავი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ დამცინებდნენ, შემაფურთხებდნენ, მიყვირებდნენ ან მცემდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ გარეთ ვიყავი".