ახალ ფილმში ფიფქიას როლის შემსრულებელი რეიჩელ ზეგლერი ორიგინალი ზღაპრის მიმართ "არაფემინისტური პოზიციების" გამო გააკრიტიკეს. დისნეი ცნობილ ზღაპარზე ფიფქია და 7 ჯუჯა ფილმს იღებს.
ზეგლერმა ფილმთან დაკავშირებულ ინტერვიუებში რამდენჯერმე აღიარა, რომ ზღაპრის ორიგინალი ვერსია არ მოსწონს და ეკრანიზაცია სულ ერთხელ აქვს ნანახი. მისი თქმით, ბავშვობაში ფიფქიასი ეშინოდა კიდეც და ამიტომ ზღაპართან მიბრუნების სურვილი არ გასჩენია.
მსახიობს ისიც უთქვამს, რომ ახალ ეკრანიზაციაში ფიფქიას თანამედროვე ვერსიას ვნახავთ, რომელშიც დინსეის პრინცესას სიყვარულის ისტორიას ნაკლები ყურადღება დაეთმობა.
"1937 წელი აღარაა. ფიფქია ნამდვილ სიყვარულზე კი არ იოცნებებს, არამედ იმაზე, რომ ლიდერი გახდეს", — ამბობს ზეგლერი.
ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა ფიფქიაზე შეყვარებულ უფლისწულს "სტალკერიც" უწოდა, რომელიც პრინცესას დასდევს და თქვა, რომ შესაძლოა, მასთან ერთად გადაღებული სცენები ამოჭრან.
"ჩვენ ფილმის მიმართ განსხვავებული მიდგომა გვაქვს, თუმცა ალბათ, ბევრი მაინც სასიყვარულო ისტორიაზე ფოკუსირდება, რადგან ფილმში პრინცის შემსრულებელი მსახიობიც გვყავს. მისი სცენები შეიძლება ამოიჭრას კიდეც — ეს ჰოლივუდია, ყველაფერი ხდება!" — ამბობს მსახიობი.
მსგავსი პოზიციების გაჟღერების გამო სოციალურ ქსელში რეიჩელი უამრავმა ადამიანმა გააკრიტიკა, ისინი მსახიობს "ფენომენალური როლის არდაფასებაში" ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მისი შეხედულებები არაფემინისტურია.
ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოში ერთ-ერთი ტიკტოკერი რეიჩელს ეკითხება, თუ ორიგინალი ზღაპარი ამდენად სძულს, ფიფქიას როლს რატომ თამაშობს და იმასაც ამატებს, რომ ქალებს ნებისმიერი რამის არჩევის უფლება აქვთ, მათ შორის, სიყვარულისაც.
"ანტიფემინისტური არაა, რომ სიყვარული ან ქორწინება გინდოდეს. ეს არც ნაკლებ ადამიანად გაქცევს და არც ნაკლებ ქალად. დისნეის პრინცესების გაკრიტიკება ან იმის ფიქრი, რომ თუ ქალს ვინმე შეუყვარდა, ნაკლებად ღირებულია, ფემინისტური არ არის", — პასუხობს ტიკტოკერი რეიჩელს.
საზოგადოების ნაწილმა რეიჩელი დაიცვა — მათი თქმით, მსახიობმა ის იგულისხმა, რომ ამჯერად ფიფქიას საკუთარი ამბიციებიც ექნება და მხოლოდ პრინცის დახმარების იმედად არ დარჩება.