ლიბანის კულტურის მინისტრის განცხადებით, ფილმი „ბარბი“ კინოთეატრებში ოთხშაბათიდან აიკრძალა. მისი თქმით, მიზეზი „ჰომოსექსუალობის რეკლამირებაა“. მინისტრის განმარტებით, ფილმი დაპირისპირებაში მოდის ქვეყნის რელიგიურ ღირებულებებთან.
ლიბანის კულტურის მინისტრ მუჰამად მორტადას მხარს შიიტური ტერორისტული ორგანიზაცია და ქვეყანაში მოქმედი პოლიტიკური ორგანიზაცია „ჰეზბოლა“ უჭერს. „ჰეზბოლას“ ლიდერი საიდ ჰასან ნასრალა კი საკუთარი ანტი-ლგბტ განცხადებებითა და რიტორიკითაა ცნობილი. გამოსვლებში ის ლგბტ საზოგადოების წევრების სიკვდილით დასჯას ითხოვს, რასაც ისლამური ტექსტების მოწოდებებით ხსნის.
„ფილმი რეკლამას უწევს ჰომოსექსუალობასა და სექსუალურ ტრანსფორმაციას, რაც წინააღმდეგობაში მოდის რწმენასა და მორალურ ღირებულებებთან“, - განაცხადა ლიბანის კულტურის მინისტრმა საკუთარი გადაწყვეტილების გასაჯაროებისას.
მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენზურის კომიტეტს ფილმის ნახვა და საკუთარი რეკომენდაციების გამოქვეყნება დაავალა. ცნობისთვის, ლიბანში ცენზურის კომიტეტი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
საინტერესოა, რომ ლიბანის შემდეგ მსგავსი გადაწყვეტილება კიდევ ერთმა არაბულ სახელმწიფომ, ქუვეითმა მიიღო. ქუვეითში ფილმები „ბარბი“ და „დამელაპარაკე“ საზოგადოების ეთიკისა და სოციალური ტრადიციების დარღვევის საფრთხის მიზეზით აიკრძალა. ფილმის ჩვენება ასევე აიკრძალა ვიეტნამში, ამ შემთხვევაში საკამათო რუკის მიზეზით.