განზრახულობათა და გარემოებათა ბალანსი - ქვეყნის ეფექტიანი მართვის საფუძველი

განზრახულობათა და გარემოებათა ბალანსი - ქვეყნის ეფექტიანი მართვის საფუძველი

3 აგვისტოს რაჭაში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს ქვეყნისა და მისი მოსახლეობის უსაფრთხოების მხრივ არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზები და პრობლემები.

32 წელზე მეტია გასული საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან. აღნიშნულ პერიოდში საქართველოში მრავალი სამრეწველო დარგის და ობიექტის განადგურებამ, ადგილობრივი სანედლეულო ბაზის საფუძველზე ინდუსტრიულმა განუვითარებლობამ, საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქციის წარმოებისადმი უყურადღებობამ, უახლესი და პერსპექტიული ტექნოლოგიებით დაუინტერესებლობამ გამოიწვია ქვეყნის არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა, მოსახლეობის დიდი ნაწილის ცხოვრების დაბალი ხარისხი. არასრულყოფილი გახდა რეგიონების და მთლიანად ქვეყნის მართვის სისტემა.

სამწუხაროდ, ვერ ავუვლით გვერდს იმ მიზეზებს, რომლებიც ადრეც იწვევდა და დღესაც იწვევს ისეთი დაბრკოლებების შექმნას, რომელიც მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მართვის სისტემის სრულყოფაზეა დამოკიდებული და საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხთან, მისი საქმიანობის წარმატებულ წარმართვასთან არის დაკავშირებული.

გასული საუკუნის 70-80-ანი წლებიდან გლობალური კლიმატური პროცესების მკვეთრმა გაუარესებამ XXI საუკუნის მეორე ათწლეულიდან გადაიზარდა მსოფლიოს მოსახლეობაზე, საწარმოო პროცესებზე უპრეცედენტოდ მწვავე ზემოქმედებაში.

სამხრეთ კავკასიაში დმანისის (1978 წ.), სპიტაკის (1988 წ.) და საჩხერეს (1991 წ.) მიწისძვრების გარდა დამანგრეველ ბუნებრივ კატასტროფებს ადგილი, შეიძლება ითქვას, არ ჰქონია. მართალია, აღნიშნული „მშვიდი“ პერიოდი ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებებით არ გამოირჩეოდა. მეტიც: 2015 წელს თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა მოულოდნელმა წყალდიდობამაც არ გამოიწვია ადექვატური, პრევენციული ღონისძიებების კომპლექსის შემუშავებისა და რეალიზაციის განხორციელება და საქმე, ძირითადად, წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციით (რაც ჯერაც არ არის დასრულებული) შემოიფარგლა.

მ.წ. 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტში განვითარებულმა სტიქიურმა მოვლენებმა, უკიდურესად ტრაგიკული შედეგების მიუხედავად, კვლავ არ გამოიწვია (ჯერ-ჯერობით მაინც) ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფების პრევენციასთან დაკავშირებული პრინციპული შეფასებები და მომავალში მსგავსი მოვლენების მთლიანად ან ნაწილობრივ თავიდან აცილების და ასეთი მოვლენებისადმი მზადყოფნის განხორციელების აუცილებლობის განწყობა. პასუხისმგებელი პირებისა და მოხელეთა ერთი ნაწილის მიერ მთავარ მიზეზად კატასტროფის გამომწვევი ფაქტორების ერთდროული „ამოქმედება“ სახელდება.

საქართველო დღეს მრავალი გამოწვევის წინაშეა. მათ შორის უმთავრესია ქვეყნისა და მისი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და წინსვლითი განვითარების უზრუნველყოფა.

ამოცანა რთულია, მაგრამ რეალიზებადი.

მიმდინარე პრობლემების გადაჭრა ქვეყნის მართვის პრინციპებზეა დამოკიდებული.

მართვა სისტემურ ხასიათს უნდა ატარებდეს და უნდა განთავისუფლებული იყოს მმართველი თუ ოპოზიციური პოლიტიკური ძალების გასაგები, მაგრამ ქვეყნის ზოგადი განვითარების ინტერესებიდან დაცლილი კერძო მოტივაციებისგან.

განვლილი 32 წელი, რომელიც რამდენიმე პოლიტიკური „მიკროეპოქისგან“ შედგებოდა, ხშირად მართვის „იმპულსური“ და არა სტრატეგიული ხასიათით გამოირჩეოდა. მმართველობის სუბიექტების ცვლილება იწვევდა ქვეყნის ორიენტაციის ცვლილებებსაც, ერთიანი მკაფიო სტრატეგიის უქონლობა კი ამუხრუჭებდა უმდიდრესი ისტორიულ-კულტურული, მაღალი ინტელექტუალური და მრავალფეროვანი ინტეგრალური რესურსების მქონე ქვეყნის ადექვატურ განვითარებას.

რაც შეეხება ქვეყნის მართვის სისტემას.

ნებისმიერი ქვეყნის მართვის სისტემა უნდა ითვალისწინებდეს მეზობელ, რეგიონულ და საერთაშორისო თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობებსა და ურთიერთდამოკიდებულებებს, მაგრამ ძირითადად უნდა ეყრდნობოდეს საკუთარ ისტორიულ გამოცდილებას, ტრადიციებს, მიმდინარე და სტრატეგიულ მიზნებსა და რაც მთავარია - საკუთარ შესაძლებლობებს.

იმაზე, თუ რამდენად მაღალი იქნება ასეთი მიდგომის რეალურ მოქმედებებში გადატანის ხარისხი და რამდენად ეფექტიანი და შედეგიანი იქნება ქვეყნის სათავეში მყოფი ხელისუფლების საქმიანობა, დამოკიდებულია როგორც დღევანდელი ასევე მომავალი თაობების ცხოვრების არსი, ხარისხი, გლობალურ სივრცეში მისი ადგილი, როლი და რეპუტაცია.

ქვეყნის მართვა უპირველესად მისი მიმდინარე გამოწვევებითა და უცვლელი ფასეულობებით განისაზღვრება და საჭიროა ეფუძნებოდეს ქვეყნის პრიორიტეტებისა და რესურსების ბალანსის გაცნობიერებასა და მკაფიო, მოსახლეობის უმრავლესობის მიერ აღიარებული სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას.

რა არის დღევანდელი საქართველოსათვის პრიორიტეტული?

  1. საკუთარი ისტორიული და კულტურული იდენტობის შენარჩუნება და განმტკიცება.
  2. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა 1990 წლის საზღვრებში.
  3. მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის არსებითი ამაღლება.
  4. პოლიტიკური, ეკოლოგიური, ენერგეტიკული, აგროსასურსათო უსაფრთხოების, სამედიცინო, სადაზღვევო და საბანკო-საფინანსო მომსახურების მკაცრი რეგულირება.
  5. განათლებისა, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების თანამედროვე ეფექტიანი სისტემების ჩამოყალიბება.
  6. მიმდინარე გეოსტრატეგიული და გეოეკონომიკური ვითარების ოპერატიული და გონივრული გამოყენება ქვეყნის გრძელვადიანი სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და რეალიზაციის მიზნით.

პასუხობს თუ არა ქვეყნის მართვის არსებული მოდელი ამ ამოცანების გადაწყვეტას? მხოლოდ ნაწილობრივ და აი რატომ:

საქართველოში მოქმედებს 11 სამინისტრო, 2416 საჯარო სამართლის იურიდიული პირი. აღნიშნულ სტრუქტურებში მხოლოდ მოხელეთა რაოდენობა შეადგენს, დაახლოებით, 160 ათასი ადამიანს.

სამინისტროებსა და სსიპებში მომუშავეთა უმრავლესობა - ხელმძღვანელ თანამდებობებზეა. უკიდურესად მცირეა მათ შორის დარგობრივი გამოცდილების მქონე ექსპერტებისა და კონსულტანტების რაოდენობა. მოხელეთა უმეტესობა თანამდებობაზე ინიშნება, პრაქტიკულად, საკონკურსო შერჩევის გარეშე.

მართვის სისტემის სრულყოფისა და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრის მიზნით შემოთავაზებულია საქართველოს მთავრობის შემდეგი სტრუქტურა:

შენარჩუნებული სამინისტროები:

საგარეო საქმეთა;

იუსტიციის;

თავდაცვის;

შინაგან საქმეთა;

ახალი სამინისტროები:

ეკონომიკისა და ფინანსთა;

სოციალურ საკითხთა და სამედიცინო მომსახურების;

სახელმწიფო მოწყობა;

გარემოს დაცვის;

სოფლის განვითარებისა და სოფლის მეურნეობის;

კულტურისა და ძეგლთა დაცვის;

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა;

განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების.

მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ქვეყნის მართვის სისტემა, რამდენად ოპტიმალური ხასიათიც არ უნდა გააჩნდეს მის საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო სტრუქტურებს - გადამწყვეტ გავლენას ქვეყნის წინსვლით განვითარებაზე ისინი ვერ მოახდენენ, თუ არ იქნება მიღწეული ძირითადი ამოცანა - ქვეყანა უნდა იყოს აღქმული - და უპირველესად მისი მოქალაქეების მიერ - როგორც ერთი მთლიანი ფენომენი - მისი მოსახლეობით, ისტორიით, ბუნებით, კულტურით, ტრადიციებით, მიწით, ტყით, მდინარეებით, მთებით, ზვავებით, მეწყერებით, წყალდიდობებით, გეოლოგიური თავისებურებებით, მომავლის გეგმებითა და მიზნებით - ერთი სიტყვით, რეალური ცხოვრების უკლებლივ ყველა ხელშემწყობი და ხელშემშლელი ატრიბუტითა და კომპონენტით, რომელთა ერთობლიობა ქმნის კიდეც მხოლოდ ამ ქვეყნისთვის დამახასიათებელ მოცემულობას, რითაც ხდება მისი გარჩევა სხვა ქვეყნებისგან და რაც ქმნის მის განუმეორებელ სახეს.

მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია განზრახულობათა და გარემოებათა ბალანსის მიღწევა და წინა და ამჟამინდელი თაობების სურვილებისა და მიზნების განხორციელებისკენ წარმატებული სვლა.

trampi კობახიძეს ოპტომ იმიტომ დაეძგერნენ, რომ ამერიკის ელჩს ყველაზე მეტად ეგ აგინებს დედის პრ.....ჭს
ხოოდა კობახიძეზე ეგ შეტევა დაგნარის დავალებააა ..
მაგრამ ფეხები არ არ მოსჭამონ
1 წლის უკან