2008 წლის გაზაფხულზე, აგვისტოს ომამდე ორიოდე თვით ადრე, ქართული მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნინო ანანიაშვილსა და მის მეუღლეს - გრიგოლ ვაშაძეს წყნეთსა და ბაგებს შუა, პრესტიჟულ ადგილას 8000 კვ.მ მიწის ფართობი აჩუქა (შეგახსენებთ, ნინო ანანიაშვილი მიხეილ სააკაშვილის უმცროსი ვაჟის - ნიკოლოზის ერთ-ერთი ნათლიაა). ანანიაშვილმა ნაწილობრივ უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ მიწის ნაკვეთი მას გაცილებით ადრე აჩუქა ხელისუფლებამ და შედარებით მცირე, მაგრამ ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია.
ძალაუნებურად ჩნდება ეჭვი, რომ ანანიაშვილი ვიღაცას გადაეფარა. ამ ეჭვს ისიც ამყარებს, რომ გრიგოლ ვაშაძის ბოლო, 2010 წლის, და არც მანამდელ დეკლარაციებში ეს მიწა არსად ჩანს. თუმცა მთავარი წინ არის. უკვე 2 წელია, იმ 8000 კვ.მ მიწის ფართობზე გამალებული სამუშაოები მიმდინარეობს. „საქართველო და მსოფლიოს“ ინფორმაციით, აქ რეალურად ორი 4-სართულიანი სახლი შენდება. ერთი სახლი ანანიაშვილ-ვაშაძის წყვილს ეკუთვნის, მეორე სახლი კი, პირველზე გაცილებით დიდი, როგორც საცხოვრებელი ფართით, ასევე ეზოთი, - პრეზიდენტის ძმას, დავით სააკაშვილს.
ნინო ანანიაშვილის სახლი 3000 კვ.მ ფართობზე შენდება, დანარჩენი 5000 კვ.მ კი ათვისებული აქვს დავით სააკაშვილს. ამ მშენებლობიდან დათხოვნილმა ერთ-ერთმა მშენებელმა „საქართველო და მსოფლიოს“ მოუთხრო, რომ რეალურად ვაშაძის ოჯახი მშენებლობაში ფულს არ იხდის და ეს სახლი სააკაშვილების საჩუქარია ხელისუფლების მსახური ცოლ-ქმრისთვის. წყაროს ინფორმაციით, ეს სახლები, რომლებიც ვითომ ერთი ოჯახის საკუთრებაა, მაგრამ ცალ-ცალკე შესასვლელები აქვთ, არაა ერთ სახურავში მოქცეული და მხოლოდ ბეტონის კონსტრუქციით ებმის ერთმანეთს, რომლის მონგრევაც ნებისმიერ დროს შეიძლება. ამასთან, ორივე სახლი განსხვავებული არქიტექტურით შენდება.
მუშები საუბრობენ, რომ მშენებლობა რამდენიმეჯერ მოინახულა დავით კეზერაშვილმა, ხელისუფლების არალეგალური ბიუჯეტის მთავარმა მაკონტროლებელმა. უფრო ხშირად, ამ მშენებლობაზე მოდის ლევან მხეიძე, კეზერაშვილის ყოფილი მოადგილე ფინანსურ პოლიციაში და ამჟამად ამ სამსახურის შეფი. მშენებლობის პროცესში ჩართული იყო რუსუდან კერვალიშვილის „ცენტრ-პოინტი“, მართალია, თავად არ გამოჩენილა ამ ტერიტორიაზე, მაგრამ, წყაროს განცხადებით, „ცენტრ-პოინტის“ სამშენებლო ტექნიკა უსასყიდლოდ ემსახურებოდა ორივე სახლის მშენებლობას და დღემდე ის ტექნიკა არავის წაუღია. სავარაუდოდ, „ცენტრ-პოინტის“ მესვეურებმა, მიუხედავად გაკოტრებისა, ვეღარ „შეჰბედეს“ პრეზიდენტის ძმასა და კეზერაშვილს ასიათასობით ევროს ღირებულების ტექნიკის გამორთმევა.
ორივე სახლი იტალიელმა არქიტექტორებმა დააპროექტეს. საუბარია მიკელე დე ლუკის არქიტექტურულ კომპანია „პერმა სტელიზაზე“. ეს ის მიკელე დე ლუკია, ვინც მტკვარზე შუშის ხიდი დააპროექტა, რომელსაც ხელისუფლება „მშვიდობის ხიდს“ უწოდებს, ხალხი კი - „ოლვეის ულტრას“.
იტალიელი არქიტექტორები დაახლოებით ორ თვეში ერთხელ ჩამოდიან თბილისში, რამდენიმე დღე მშენებლობას დასტრიალებენ, მშენებლებს მითითებებს აძლევენ და უკან ბრუნდებიან. ბოლოს იტალიელები ოქტომბერში ყოფილან თბილისში დავით სააკაშვილის საგანგებო მოწვევით, მას მშენებლობის ერთი ფლიგელი აღარ მოსწონებია, რომელიც თავდაპირველ არქიტექტურულ გეგმაში იყო, გეგმის გადაკეთება მოინდომა - ამ ფლიგელის მონგრევა და სხვაგვარად აშენება. იტალიელებსაც სხვა რა გზა ჰქონდათ, ადგნენ და მთელი ოთხი სართული მოანგრევინეს, პროექტში დამკვეთის ახირებისამებრ ცვლილებები შეიტანეს. ამ პროცესს, ფლიგელის მონგრევას, დავით კეზერაშვილი თავიდან ბოლომდე ესწრებოდა. წყარო აცხადებს, რომ იქ ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენება გამორიცხული იყო, მცირე გაუთვალისწინებელი ბიძგი და, დავით სააკაშვილის კი არა, ანანიაშვილის სახლიც ჩამოიშლებოდა, ამიტომ მუშები 4 დღის განმავლობაში ანგრევდნენ ამ ფლიგელს, თუმცა მათთვის დამატებითი სამუშაოების შესრულებისთვის არავის გადაუხდია.
დავით სააკაშვილის სახლის ერთი სართულის ფართობი 3000 კვ. მეტრია, 4 სართული კი 1200 კვ.მ გამოდის, ეზოდ 2000 კვ. მეტრს იტოვებს. ეს იქნება ულტრათანამედროვე სახლი, რომელიც გაცილებით უფრო სოლიდური, ძვირადღირებული და პომპეზურია, ვიდრე კანონიერი ქურდის - შაქრო კალაშოვის ვილა ზემო წყნეთში, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ მერე ჩამოართვეს კალაშოვს და ახლა იქ ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის სამსახურებია განთავსებული.
საინტერესოა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, რომელი სახელმწიფო უწყებები განთავსდება „კაკლების დასახლების“ ყველაზე პრესტიჟულ ადგილას მდებარე ფეშენებელურ სახლში? ერთი დრო რომ არავის შერჩება და ამქვეყნად ყველაფერი წარმავალია, ეს ყველას კარგად მოგვეხსენება.
ჩვენ ვცადეთ, გაგვერკვია, რა ინფორმაციას ფლობდა ამ მშენებლობის შესახებ დიდგორის რაიონის გამგეობა. მოგეხსენებათ, წყნეთი სწორედ ამ რაიონს ეკუთვნის. გამგებლის მოადგილემ კახა შაგულაშვილმა პასუხი ვერ გაგვცა. - ნამდვილად არ ვიცი, იშენებს თუ არა კაკლების დასახლებაში ნინო ანანიაშვილი სახლს. არც არასდროს დავინტერესებულვარ ამ საკითხითო, - გვიპასუხა. სამაგიეროდ, გაცილებით სიტყვაუხვი და ენაწყლიანი აღმოჩნდა ნინო ანანიაშვილის ძმა, გიორგი ანანიაშვილი. თავდაპირველად პრიმა ბალერინის პრესმდივანს, თამარ მოდებაძეს დავუკავშირდით. ქალბატონმა თამარმა დაადასტურა, რომ ნინო ანანიაშვილს მართლაც ჰქონდა მიწის ნაკვეთი ზუსტად იმ ტერიტორიაზე, სადაც ახლა მშენებლობა მიმდინარეობს, მაგრამ ნინომ ეს ნაკვეთი 5 თუ 7 წლის წინ გაყიდაო.
თამარ მოდებაძესთან საუბრისას, ტელეფონში მოისმა უცნობი მამაკაცის ხმა, რომელიც დაინტერესდა, თუ ვის ესაუბრებოდა ქალბატონი თამარი. როცა თამარ მოდებაძემ უთხრა, ჟურნალისტიაო, მან თავად გადაწყვიტა ჩემთან საუბარი. ეს უცნობი გიორგი ანანიაშვილი, ნინო ანანიაშვილის ძმა, აღმოჩნდა. ცხადია, პირველ რიგში იმით დავინტერესდით, საიდან ჰქონდა ნაკვეთი ნინო ანანიაშვილს „კაკლების დასახლებაში“ და მართლა გაასხვისა თუ არა.
გიორგი ანანიაშვილი:
- მე ვარ ნინოს ძმა, ნინომ ეს ნაკვეთი მაჩუქა 10 წლის წინ და მე გავყიდე დაახლოებით 7 წლის წინ. მივყიდე „ვისოლს“.
კომპანიას მიჰყიდეთ თუ „ვისოლის“ ოფიციალურ მფლობელ კერძო პირებს?
- რა მნიშვნელობა აქვს. იურისტი იყო მოსული და მივყიდე მას. ვის სახელზე გააფორმეს, არ ვიცი.
ქალბატონმა ნინომ საჩუქრად მიიღო ეს ნაკვეთი თუ იყიდა?
- შევარდნაძემ გადასცა თავის დროზე.
რამდენი კვადრატული მეტრია ეს ნაკვეთი?
- დაახლოებით ათასამდე. მათ (იგულისხმება „ვისოლი“) ბევრი ნაკვეთი იყიდეს, კახი კალაძის ნაკვეთიც და სხვებიც.
კი, იქ რამდენიმე ნაკვეთია, ალბათ, გაერთიანებული, უზარმაზარი ტერიტორიაა და ამბობენ, რომ 2 სახლი შენდება: ერთი ნინო ანანიაშვილისაა და მეორე მიხეილ სააკაშვილის ძმის, დავით სააკაშვილის.
- არ არის ეგრე. ნაკვეთი გაყიდულია 7-8 წლის წინ, ნინო წყნეთში არაფერს აშენებს.
მართალია, გიორგი ანანიაშვილი აცხადებს, რომ ნაკვეთი (ისიც მხოლოდ 1 000 კვ.მ) დამ აჩუქა, თავად კი „ვისოლს“ მიჰყიდა, რომ ნაკვეთი იქ კახი კალაძემაც გაყიდა, მაგრამ კახის მამამ, კარლო კალაძემ ჩვენთან საუბარში კატეგორიულად უარყო ეს ფაქტი - კახის წყნეთში ერთი სახლი აქვს და მთელმა ქვეყანამ იცის. არანაირი ნაკვეთი „კაკლების დასახლებაში“ არც ჰქონია და, შესაბამისად, „ვისოლსაც“ ვერაფერს მიჰყიდიდა.
ამასთანავე, ერთი საგულისხმო ფაქტი იპყრობს ყურადღებას: „ვისოლი“, რომელსაც გიორგი ანანიაშვილმა (მისივე სიტყვებით) პრიმა ბალერინასგან ნაჩუქარი ნაკვეთი მიჰყიდა, სწორედ ის ნავთობკომპანიაა, რომლის მეპატრონედაც დავით სააკაშვილი მოიაზრება. დიდი შანსია, რომ პრეზიდენტის ძმამ კომპანიის სახელით შეიძინა რამდენიმე ნაკვეთი, რათა მათი რეალური მფლობელი არ დაფიქსირებულიყო, ისევე, როგორც „ვისოლის“ დაფუძნებაში დავით სააკაშვილი არსად ჩანს, მაგრამ რეალურად კომპანიის ყველაზე სოლიდური წილის მფლობელია.
„საქართველო და მსოფლიო“ „ვისოლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს - რუსიკო კბილაშვილს დაუკავშირდა. ის შეგვპირდა, რომ გაგვირკვევდა, მართლა იყიდა თუ არა „ვისოლმა“ ნინო ანანიაშვილის, კახი კალაძისა და სხვათა ნაკვეთები, იშენებს თუ არა სახლს ე. წ. კაკლებში დავით სააკაშვილი „ვისოლის“ კუთვნილ მიწაზე.
ჩვენ ერთი დღე ველოდეთ რუსიკო კბილაშვილს, მაგრამ არ დაგვკავშირებია. შემდეგ მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით „ვისოლის“ პიარ მენეჯერთან ტელეფონით დაკავშირებას, მაგრამ მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.