ნეანდერტალელთა მიერ გამოქვაბულში აშენებული სტრუქტურა, რომლის დანიშნულებაც უცნობია

ნეანდერტალელთა მიერ გამოქვაბულში აშენებული სტრუქტურა, რომლის დანიშნულებაც უცნობია

თითქმის 200 000 წლის წინ სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში მდებარე გამოქვაბულის სიღრმეში ნეანდერტალელებმა უჩვეულო სტრუქტურა ააგეს. ის მოტეხილი სტალაგმიტებისგანაა შექმნილი და 2 დიდი წრის ფორმა აქვს, ზოგ ადგილას კი მინერალებია დახვავებული. მეცნიერებმა ის 1990 წელს აღმოაჩინეს.

ამ ნიმუშის ადრეული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ის 47 000 წლის იყო, თუმცა კვლევის ხელმძღვანელის სიკვდილმა სტრუქტურის სიღრმისეული შესწავლა 20 წელზე მეტი ხნით შეაჩერა. 2016 წელს სპეციალისტებმა აღნიშნულ საკითხზე მუშაობა განაახლეს და ურანზე დაფუძნებული დათარიღების გზით დაასკვნეს, რომ სტრუქტურის ასაკი 176 500 წელია.

"ადრეული ნეანდერტალელები ამ პერიოდში ევროპაში მცხოვრებ ადამიანთა ერთადერთი სახეობა იყო. ჩვენი კვლევა მიუთითებს, რომ მათი სოციუმი თანამედროვეობის ელემენტებს შეიცავდა. ახლა უკვე შესაძლოა, დადასტურებულად ვთქვათ, რომ ეს ელემენტები იმაზე ადრე გაჩნდა, ვიდრე გვეგონა. მათ შორისაა რთული სივრცითი გადანაწილება, ცეცხლის გამოყენება და ღრმა კარსტული სივრცის დაკავება", — აცხადებენ მეცნიერები.

მკვლევრები ამბობენ, რომ მსგავსი სტრუქტურის აგებას გარკვეული დონის სოციალური წყობა და სხვადასხვა მიზნის ერთობლივი გააზრება სჭირდება. ასევე, ეს ნიმუში გამოქვაბულის შესასვლელიდან 336 მეტრში მდებარეობს, რაც მიანიშნებს, რომ იმ დროს ნეანდერტალელები ასეთ გარემოს უკვე ძალიან კარგად იცნობდნენ.

სტალაგმიტების შუა ნაწილებისგან შექმნილი ერთ-ერთი წრის ზომა 6.7/4.5 მეტრია, მეორისა კი — 2.2/2.1 მეტრი. საერთო ჯამში 400-მდე ფრაგმენტია გამოყენებული, რომელთა მთლიანი სიგრძეც 112.4 მეტრია, ხოლო წონა 2.2 ტონას შეადგენს. საინტერესოა, რომ 123 ნატეხზე ცეცხლის კვალიც შეინიშნება.

ჯერჯერობით გაურკვეველია, რა იყო ამ სტრუქტურის ფუნქცია, რატომ ააგეს ის ასეთ სიღრმეში ან რატომ ანთებდნენ ცეცხლს სტალაგმიტების გროვებზე და არა პირდაპირ გამოქვაბულის ზედაპირზე. ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა, რაიმე სახის სიმბოლური ან რიტუალური ქცევის შედეგი იყოს, მაგრამ მიზანი უცნობია.