პალეონტოლოგებმა ეგვიპტეში აღმოაჩინეს ვეშაპის გადაშენებული სახეობა, რომელიც დედამიწაზე ცხოვრობდა 41 მილიონი წლის წინ, როდესაც ვეშაპების წინაპრები ხმელეთიდან ზღვაში ინაცვლებდნენ საცხოვრებლად.
ჯგუფმა სახეობას უწოდა Tutcetus rayanensis; სახელის პირველი ნაწილი მიემართება ეგვიპტის ცნობილ ფარაონ ტუტანხამონს, ხოლო მეორე ნაწილი — ვადი ელ-რაიანის დაცულ ტერიტორიას, სადაც აღმოჩენა გაკეთდა.
სავარაუდო სიგრძით 2,5 მეტრი და სხეულის მასით, დაახლოებით, 187 კილოგრამი, Tutcetus არის ყველაზე პატარა სახეობა, რომელიც აქამდე უპოვიათ ბაზილოსაურიდებიდან, უძველესი ცნობილი ვეშაპებიდან, რომლებიც მხოლოდ წყალში ცხოვრობდნენ.
გუნდის ლიდერმა, ჰეშამ სალამმა, კაიროს ამერიკული უნივერსიტეტიდან (AUC), განაცხადა, რომ ეს არის "აღსანიშნავი აღმოჩენა, რომელიც გვიჩვენებს წყლის ცხოვრების წესზე სრულად გადასვლის ერთ-ერთ პირველ ფაზას".
"ბაზილოსაურიდებს განუვითარდათ თევზის მსგავსი მახასიათებლები, როგორებიცაა: გამარტივებული სხეული, ძლიერი კუდი, ფარფლები და კუდის ფარფლი და ჰქონდათ საკმარისად ხილული უკანა კიდურები, რომლებისთვისაც შეგვეძლო, დაგვერქმია "ფეხები", რომლებიც გამოიყენებოდა არა სიარულისთვის, არამედ, შესაძლოა, შეწყვილებისთვის", — განმარტა მან.
ჯგუფის დასკვნების თანაავტორი, ერიკ სეიფერტი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, ამბობს, რომ ეგვიპტის დასავლეთ უდაბნოს ეოცენური ნამარხი ადგილები მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანია ვეშაპების ადრეული ევოლუციისა და მათი წყალში ცხოვრებაზე სრულად გადასვლის გასაგებად.