რევოლუციის შემდეგ საქართველო აჩქარებულის ტემპით იპყრობს ახალ-ახალ პოზიციებს ხელოვნების ყველა დარგში და თანდათანობით უსწორებს თვალს თანამედროვე კულტურულ ქვეყნებს.
ყველაზე უფრო ნორჩი ჩვენში არის კინო-ხელოვნება. კინოს დამახასიათებელია სისწრაფე და მართლაც საოცარი სისწრაფით მოიპოვა პოპულარობა ქართულმა კინომ.
ქართულ კინოს უკვე ჰყავს დასრულებული საკუთარი კინო არტისტები, რომლებმაც მიიქციეს ყურადღება და რომელთა მომავალ ბრწყინვალე გამარჯვებებს ყველა ჩვენგანი გრძნობს.
კინოს პლიუსი ის არის, რომ უაღრესად ინტერნაციონალურია, მისი დინამიკა, მრავალფეროვნება და მრავალმხრივობა დიდ ზეგავლენას ახდენს მასაზე. მაყურებელს იტაცებს ეს სისწრაფე და აღუძრავს მოთხოვნილებას ყველაფერი ნახოს. მისთვის ერთგვარად საინტერესოა როგორც ევროპის სატახტო ქალაქების ისე აზიის მიყრუებული პროვინციის ცხოვრების სურათის ნახვა. კინო უმთავრესად ეყრდნობა სანახაობას.
ამ მხრით კი საქართველოს ბუნება დიდ ხელსაყრელ პირობებს წარმოადგენს. ამ ბუნების პირველი კინემატოგრაფიული ექსპლოატაცია ხდება თვით ჩვენი, საქართველოს სახელმწიფო კინო-მრეწველობის მიერ. ეს უთუოდ არის ერთი პირობა იმისი, რომ საზღვარგარეთაც დაინტერესდნენ ჩვენი ფილმებით.
ჩვენ სრული დარწმუნებული ვართ რომ სახელმწიფო კინომრეწველობის მიერ უკანასკნელად გამოშვებული სურათი „სამი სიცოცხლე“ ყველა ქვეყანაში გამოიწვევს ინტერესს.
ჩვენი კინო დღეს უკვე მაგარ ფეხზე დგას. მას უკვე აქვს ისტორია. დღემდის მან გამოუშვა შემდეგი სურათები: „არსენა ჯორჯიაშვილი“, „მოძღვარი“, „წითელი ეშმაკუნები“, „მამის მკვლელი“, „დაკარგული საუნჯე“ და „სამი სიცოცხლე“.
მზადდება „წითელი ეშმაკუნების“ - მესამე და მეოთხე სერია, „შრომის ფრონტზე“, „კამო“, „რკინის რკალი“, „ტარიელ მკლავაძე“, „ხაჯი მურატი“, „ამბაკო სამანიშვილი“ და სხვა.
ამას გარდა სოციალურ უზრუნველყოფის კომისარიატმა უკვე დაამზადა ახალი სურათი: „ქარიშხალის წინ“ შალვა დადიანის სცენარით. სურათს დგამს კოტე მარჯანიშვილი და ამ ახლო ხანში გამოვა კიდეც.
ჩვენ გვჯერა, რომ კოტე მარჯანიშვილი მოგვცემს სიურპრიზს, რომელიც ერთხელ კიდევ ზედმეტად დაამტკიცებს, რომ ქართულ კინოს წინ ეშლება ნათელი პერსპექტივები.
მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას