თხილის მოსავლის მიღების აქტიური პროცესი დასავლეთ საქართველოში უკვე დაიწყო. მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 50 000 ტონას აჭარბებს, რაც გასული წლის მოსავალზე 30%-ით მეტია. გაზრდილია ხარისხი, თუმცა ფასი განსაკუთრებით შეცვლილი არ არის. როგორც ჩანს, წარსულ ჩაბარდა ის დრო, როდესაც 1 კგ თხილი 8-9 ლარი ღირდა და ხანდახან 10 ლარსაც კი აჭარბებდა.
თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი თოდუას ინფორმაციით, ამჟამად ნედლი თხილის ფასი 3 ლარია, რაც ნიშნავს, რომ 1 კგ მშრალი თხილის ფასი 4 ლარი იქნება.
„წინასწარი შეფასებით, ხარისხი გასულ წელზე ბევრად უკეთესია. ფასსაც ეს განაპირობებს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 1 კგ ნედლი თხილი დაახლოებით 2 ლარი ღირდა“, - განაცხადა თოდუამ.
სახელმწიფოს მხრიდან თხილის კადასტრის შექმნამ და სუბსიდირების პროგრამამ ფერმერებს მისცა საშუალება, შეწამვლა სრულად განეხორციელებინათ.
„მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოყო 20 მლნ ლარი დამატებით თხილის სექტორისთვის. აქედან ფერმერები 1 ჰა-ზე 500 ლარს იღებდნენ აგროვაუჩერის სახით. ეს რადიკალურად კარგი ცვლილებების საფუძველი გახდა. წელს, მოსავალი, სავარაუდოდ, გასცდება 50 000 ტონას, რაც გასულ წელზე 30%-ით მეტია. აქ მხოლოდ რაოდენობაზე არ არის საუბარი. გასულ წელს ხარისხიც არ იყო მისაღები.
წამლობასთან ერთად უდიდესი მნიშვნელობა აქვს მოსავლის დროულ აღებასა და შრობის სწორ პროცესს. შემდეგ კი, სტანდარტის მიხედვით დასაწყობებას. ვხედავთ, რომ ფერმერებმა, რომლებმაც ყველა წამლობა ჩაატარეს და სრულად იცავენ წესებს, მიიღეს პრემიუმ ხარისხის თხილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული და გამოცდილება სხვა ფერმერებისთვისაც. ცხადია, პრემიუმ ხარისხი უფრო ძვირი ღირს 1-2 ლარითაც კი. განწყობა და მოლოდინი ახლა პოზიტიურია“, - განაცხადა თოდუამ.
ქართულ ბაზარზე ახლად დაკრეფილი თხილის რეალიზაცია უკვე მიმდინარეობს, თუმცა ექსპორტიორებს პროდუქტის შეძენა ჯერ არ დაუწყიათ. აგროპორტალ EastFruit-ის მონაცემებით, მწვანეჩენჩოიანი ნედლი თხილის საშუალო საბითუმო ფასი 1 კგ-ზე 2-3 ლარია. ამ დროისთვის ბაზარზე, ძირითადად, 40%-ზე მეტი ტენიანობის უმწიფარი თხილი იყიდება, რაც მსხვილი მყიდველების მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. როგორც წესი, გადამამუშავებლები თხილის აქტიურ შეძენას მაშინ იწყებენ, როცა ტენის დონე 30%-ზე დაბლა ეცემა, ხოლო ოპტიმალური ტენიანობა ადრეული მოსავლისთვის 20%-ია.
ქართული თხილის მასიურ აღებას აგვისტოში მოელიან, რა დროსაც, მშრალი ამინდი ხარისხიანი მოსავლის მისაღებად გადამწყვეტ როლს შეასრულებს. ასეთ ამინდში დაკრეფილი თხილი ნაკლებ აფლატოქსინებს შეიცავს, რითიც შარშანდელი მოსავალი ხანგრძლივი წვიმების გამო დაზარალდა. წელს ფერმერებს გარკვეული პრობლემები ივნისისა და ივლისის წვიმებმა უკვე შეუქმნა.
ზუგდიდში მდებარე ქართული თხილის გადამამუშავებელი და ექსპორტიორი კომპანიის NUTSGE-ს დირექტორის მამუკა ბერიაშვილის თქმით, 2022 წელს აგვისტო-სექტემბერში ადგილობრივ ბაზარზე გაუტეხავი თხილის ფასი 1-1,5 დოლარი იყო ხარისხისა და ტენის მიხედვით, ხოლო გარჩეული თხილი 5 დოლარი ღირდა.
„ვფიქრობ,ეს ტენდენცია წელსაც შენარჩუნდება. რაც შეხება ფასებს მსოფლიო ბაზარზე, ამ ფაქტორს განსაზღვრავს თხილზე არსებული მოთხოვნა-მიწოდება. ჩემი შეფასებით, წელს საქართველოდან თხილის ექსპორტი სტაბილური იქნება. პროდუქტი გაგვაქვს ყველა კონტინენტზე და მუდმივად ვიმატებთ ახალ ბაზრებს. წელს ჩვენი სამიზნეა აშშ-ის ბაზარი“, - განაცხადა ბერიაშვილმა.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, ქართული თხილის ყველაზე დიდი მოცულობა ევროკავშირის ბაზარზე გააქვთ.