1989 (Taylor's Version) — ტეილორ სვიფტი კიდევ ერთ ძველ ალბომს უშვებს ხელახლა

1989 (Taylor's Version) — ტეილორ სვიფტი კიდევ ერთ ძველ ალბომს უშვებს ხელახლა

პოპვარსკვლავმა ტეილორ სვიფტმა მორიგი ალბომის ახალი ვერსიის, 1989-ის გამოსვლა 27 ოქტომბერს დააანონსა, ანუ იმ დღეს, როდესაც 2014 წელს თავდაპირველი ალბომი გამოვიდა. სვიფტმა ეს ინფორმაცია ფანებს აშშ-ის "ერას ტურის" ბოლო კონცერტზე გაანდო, მოგვიანებით კი ამის შესახებ სოციალურ ქსელშიც განაცხადა.

"სიურპრიზი! 1989 (ტეილორის ვერსია) მალე თქვენთან იქნება! ამ ალბომმა ჩემი ცხოვრება ამოაყირავა და აღფრთოვანებით გაცნობებთ, რომ 1989-ის ჩემი ვერსია 27 ოქტომბერს გამოვა. ბოლომდე გულწრფელი რომ ვიყო, ძველი ალბომების ახალი ვერსიებიდან ჩემი ფავორიტია იმ 5 გიჟური ახალი სიმღერის გამო, რომელიც ალბომში შევა. არ მჯერა, რომ თავის დროზე ეს სიმღერები არ გამოვუშვით, მაგრამ ახლა გამოვასწორებთ!" — წერს სვიფტი.

1989 ტეილორისთვის მეოთხე ალბომი იქნება, რომელიც ხელახლა ჩაწერა. ამის შემდეგ მომღერალს მხოლოდ ორი ალბომის, Debut-ისა და Reputation-ის ჩაწერაღა დარჩება. წინა სამი ალბომის ტეილორის ვერსიები პოპვარსკვლავისთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და ბილბორდის ჩარტებშიც მოხვდა, 1989-საც ამასვე უწინასწარმეტყველებენ.

შეგახსენებთ, რომ ტეილორ სვიფტმა თავისი 6 ალბომის ახალი ვერსიების ჩაწერა დაიწყო, რადგან მისმა ყოფილმა ლეიბლმა, Big Machine-მა, მომღერლის ჩანაწერების ნაწილი 2019 წელს გაყიდა. ტეილორი კი ძველი ალბომების განახლებულ ვერსიებს თავიდან უშვებს, რათა საავტორო უფლებები მხოლოდ მას ეკუთვნოდეს.