ახლახან გავრცელებული ინფორმაციით, ლიბანის კულტურის სამინისტრო აპირებს, რომ გრეტა გერვიგის ბარბის ჩვენება ქვეყანაში აკრძალოს. ცოტა ხნის წინ ქუვეითშიც გაკეთდა განცხადება, რომელიც "ჰომოსექსუალობის წახალისების" ბრალდებით ბარბის აკრძალვას ეხებოდა.
"ფილმი ეწინააღმდეგება ლიბანის მორალურ და რელიგიურ ღირებულებებს, რადგან ის გარყვნილებასა და გენდერის შეცვლას წაახალისებს. ხოლო საზოგადოებას პატრიარქატზე უარის თქმისკენ მოუწოდებს და დედების როლს მასხრად იგდებს", — განაცხადა ლიბანის კულტურის მინისტრმა.
გარდა ამისა, ლიბანის შინაგან საქმეთა მინისტრმა მოითხოვა, რომ გრეტა გერვიგის ფილმი შესაბამისმა უწყებებმა განიხილონ და ცენზურის შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ. ახლო აღმოსავლეთში კი ბარბის პრემიერა არაერთხელ გადაიდო. საუდის არაბეთში ბარბის დებიუტი 10 აგვისტოს უნდა შემდგარიყო, თუმცა გადაწყდა, რომ ზოგიერთი სცენა ამოეღოთ და ფილმი კინოთეატრებში 31 აგვისტოს გაეშვათ.
შეგახსენებთ, რომ გრეტა გერვიგის ბარბი ვიეტნამში პოლიტიკური მიზეზით აიკრძალა. მიზეზი ერთ-ერთი სცენაა, სადაც სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის სადავო ტერიტორიების რუკა ჩანს. ვიეტნამი კი ერთ-ერთია იმ რამდენიმე ქვეყნიდან, რომელიც ჩინეთის ტერიტორიულ პრეტენზიებს არ ცნობს. თუმცა, უცნობია, ბარბის რომელ სცენას მოიხსენიებს ვიეტნამის ხელისუფლების წარმომადგენელი "შეურაცხმყოფლად".