Stranger Things-ის ვარსკვლავმა, ნოა შნაპმა, Variety-თან ინტერვიუში თავისი პერსონაჟისა და დაქამინგაუთების შესახებ ისაუბრა. Stranger Things-ში ნოა შნაპი უილის როლს ასრულებს. სერიალის ფანები დიდი ხნის განმავალობაში ფიქრობდნენ, რომ უილი გეია, რაც საბოლოოდ ნოა შნაპმაც დაადასტურა. მსახიობმა ისიც აღნიშნა, რომ უილის როლის თამაში საკუთარი თავის მიღებაშიც დაეხმარა.
"მას შემდეგ, რაც გავაცნობიერე, რომ უილი გეია, ეს საკუთარი თავის მიღებაში დამეხმარა. ახლა სრულიად სხვაგან ვიქნებოდი, რომ არა უილის პერსონაჟი, რომელიც ჩამეხუტა და საკუთარი თავის მიღებაში დამეხმარა. ვფიქრობ, ეს პერსონაჟი რომ არ მეთამაშა, ალბათ, არ დავქამინგაუთდებოდი", — ამბობს ნოა შნაპი.
შეგახსენებთ, რომ ნოა შნაპი იანვარში გეიდ დაქამინგაუთდა. შნაპმა ტიკტოკზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მან ახლობელ ადამიანებთან თავისი ქამინგ აუთის გამოცდილებაზე ისაუბრა.
"როცა შიშში 18-წლიანი ცხოვრების შემდეგ, როგორც იქნა, ჩემს მეგობრებსა და ოჯახს ვუთხარი, რომ გეი ვარ, მათ კი მხოლოდ ის მიპასუხეს, ვიცითო", — ამბობს ნოა შნაპი ტიკტოკის ვიდეოში. შნაპმა ვიდეოს აღწერაში ასევე აღნიშნა, ალბათ Stranger Things-ის პერსონაჟ უილს იმაზე მეტად ვგავარ, ვიდრე მეგონაო.
მსახიობმა ტიკტოკის გამოქვეყნების შემდეგ საკუთარი ემოციები და ხალხის რეაქციებიც გაიხსენა. "უბრალოდ მინდოდა, რომ ეს ყველაფერი მეთქვა და თავდაჯერებული ვყოფილიყავი იმის ცოდნაში, თუ ვინ ვარ. ვიცოდი, რომ ხალხის აზრი აღარ მაინტერესებდა. თუმცა როცა ტელეფონი გავხსენი და ათასობით ადამიანისგან მოლოცვის ტექსტი და ცისარტყელას დროშები დავინახე, ვტიროდი. მივხვდი, რომ მე ეს შევძელი და სანერვიულო აღარაფერი მქონდა", — განაცხადა ნოა შნაპმა.
ცოტა ხნის წინ ნოა შნაპმა დაქამინგაუთების შემდეგ პირველი პრაიდი აღნიშნა. შვილის პირველ პრაიდს ნოა შნაპის დედაც შეუერთდა და პრაიდის აღსანიშნ ერთ-ერთ აუზის წვეულებას დაესწრო.