ინგლისელი მომღერალი ედ შირანი, როგორც ჩანს, ხელოვნური ინტელექტის ბოლოდროინდელი მიღწევებით საყოველთაო აღფრთოვანებას სულაც არ იზიარებს. მუსიკოსმა ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ პერფორმანსამდე, ინტერვიუერთან ისაუბრა თავის დამოკიდებულებაზე AI-ის მიმართ.
"ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით, არ მესმის... ბოლო 60 წელი ჰოლივუდური ფილმები გვეუბნებოდნენ, ეს არ გააკეთოთო. ახლა კი ყველა სწორედ ამას აკეთებს", — აღნიშნავს შირანი, — "მე კი ვფიქრობ, ნუთუ არ გინახავთ ფილმები, როგორ გვხოცავენ ყველას?
"არც ის მესმის, რაში გვჭირდება. თუკი ადამიანის საქმეს ითავსებს, ეს კარგი სულაც არაა. საზოგადოების არსიც ხომ იმაშია, რომ ჩვენ ყველას გვაქვს საკუთარი საქმე, რომელსაც ვასრულებთ. თუ ყველაფერს რობოტები გააკეთებენ, ყველა უმუშევარი დარჩება".
აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეებში ინტერნეტსივრცე, განსაკუთრებით კი ტიკტოკი, ხელოვნური ინტელექტით გენერირებულმა "ქავერებმა" მოიცვა. ადამიანები AI-ის დახმარებით ჩანაწერის შესაქმნელად რომელიმე ცნობილი მომღერლის ხმას იყენებენ. ზოგიერთი შემსრულებელი, მაგალითად Grimes, ამ ტენდენციას მიესალმა, თუმცა, ბევრმა მუსიკოსმა უკმაყოფილება გამოთქვა და საზოგადოება მოსალოდნელ შედეგებზე გააფრთხილა.
"ჩვენ მუსიკოსებისადმი გვაქვს მორალური და კომერციული ვალდებულება, დავიცვათ ისინი მათი მუსიკის არალეგალური გამოყენებისგან და შევაჩეროთ იმ პლატფორმების ფუნქციონირება, რომლებიც ხელოვანების უფლებების დარღვევით ქმნიან მასალას", — განაცხადა ერთ-ერთი უდიდესი ლეიბლის, Universal Music Group-ის, წარმომადგენელმა რამდენიმე თვის წინ.
ცნობილმა ინგლისელმა მუსიკოსმა სტინგმა კი ისიც თქვა, რომ ხელოვანებს ახლა საკუთარი შემოქმედებისა და საქმიანობის დასაცავად "ბრძოლა" უწევთ.
"მომდევნო წლებში სწორედ ამისთვის მოგვიწევს ბრძოლა — რათა დავიცვათ ადამიანური კაპიტალი ხელოვნური ინტელექტისგან".