სანდრა ბულოკის პარტნიორი ბრაიან რენდალი გასულ შაბათს 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფოტოგრაფის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ოჯახმა გაავრცელა. ბრაიან რენდალი ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის შედეგად გარდაიცვალა, რომლის დიაგნოზიც ფოტოგრაფს 3 წლის წინ დაუსვეს.
სანდრა ბულოკმა და ბრაიან რენდალმა ერთმანეთი 2015 წელს გაიცნეს და წყვილი ურთიერთობას დიდი ხნის განმავლობაში არ ასაჯაროებდა. ასევე, სანდრასა და ბრაიანს ორი შვილი ჰყავთ, თუმცა წყვილი დაქორწინებული არ იყო. ქორწინების შესახებ სანდრა ბულოკს ინტერვიუებში არაერთხელ უსაუბრია.
"ის ჩემი ცხოვრების სიყვარულია. ჩვენ ორი ულამაზესი შვილი გვყავს და ეს საუკეთესო რამაა, რაც ოდესმე ჩემს ცხოვრებაში მომხდარა. მე არ მჭირდება ფურცელი იმის დასტურად, რომ ერთგული პარტნიორი და დედა ვიყო. არც ის მჭირდება, რომ ვინმემ მითხრას, გასაჭირში როგორ მოვიქცე და კარგ კაცთან ერთად ქარიშხალს როგორ გავუძლო", — განაცხადა სანდრა ბულოკმა 2021 წლის ინტერვიუში.
ბრაიან რენდალის ოჯახის განცხადებით, ფოტოგრაფმა ადრევე გადაწყვიტა, რომ მისი დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია არ გასაჯაროებულიყო და გარდაცვლილის თხოვნის შესასრულებლად ახლობელმა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს.
"ის სწორედ იმ ადამიანის მაგალითია, რომელიც მინდა, ჩემს შვილებს ჰყავდეთ. ბრაიანს ყოველთვის არ ვეთანხმები და არც ის მეთანხმება და ასეთ დროსაც კი, ის შესანიშნავი მშობლის მაგალითია", — განაცხადა სანდრა ბულოკმა 2022 წლის ინტერვიუში.
ALS, იგივე ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი, პროგრესული და ხშირად ფატალური ნეიროდეგენერაციული დაავადებაა, რომელიც კუნთების დასუსტებას და მათ სრულ კვდომას იწვევს. დაავადების პროგრესირებასთან ერთად ადამიანს უჭირს სიარული და ლაპარაკი, ბოლო სტადიაზე კი — ყლაპვა და სუნთქვა.