ბელა ჰადიდის თქმით, 15-წლიანი ტანჯვის შემდეგ, როგორც იქნა, ჯანმრთელია. 26 წლის მოდელმა სოციალურ ქსელში ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ღიად კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი თქმით, წლების განმავლობაში სხვადასხვა ინფექციური დარღვევითა და ლაიმის დაავადებით იტანჯებოდა.
ლაიმის დაავადება ინფექციური დაავადებაა, რომელიც ადამიანებზე ინფიცირებული ტკიპებისგან გადადის. ახალგამოქვეყნებული კვლევით კი ცნობილი ხდება, რომ ეს დაავადება მსოფლიოში სულ უფრო ვრცელდება, ამის სავარაუდო მიზეზი კი კლიმატის ცვლილებაა. ლაიმის დაავადება ადამიანებზე ინფიცირებული ტკიპებისგან გადადის. 2022 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ლაიმის დაავადება 7-დან 1 ადამიანს აქვს. ეს დაავადება ბელასთან ერთად მის დედასა და უმცროს ძმასაც აქვთ.
ბელამ სოციალურ ქსელში თავის ჯანმრთელობის ისტორიაზე ისაუბრა, განაცხადა, რომ ახლა თავს კარგად გრძნობს და იმ ადამიანებს, რომლებიც ამ გზაზე მხარში ედგნენ, მადლობა გადაუხადა.
"პატარა მეს, რომელიც იტანჯებოდა, ახლა რომ ვენახე, ძალიან იამაყებდა, რადგან არ დავნებდი. მადლობა ჩემს დედიკოს ჩემი სამედიცინო ჩანაწერების შენახვისთვის, გვერდში დგომისთვის, იმისთვის, რომ არასდროს მტოვებდა, მიცავდა და მხარს მიჭერდა, თუმცა ყველაზე მეტად მისი მადლიერი იმის გამო ვარ, რომ ამ რთულ დროს ჩემი სჯეროდა", — წერს ბელა.
მოდელის თქმით, მუშაობის პარალელურად იმ ჯანმრთელობის პრობლემებით ცხოვრება, რომლებიც დროსთან ერთად უარესდებოდა და თან იმის ცდა, რომ ოჯახისა და მხარდამჭერების იმედები არ გაეცრუებინა, მისთვის ძალიან რთული იყო.
"მინდა ორი რამ გითხრათ: 1. შეგიძლიათ, არ ინერვიულოთ, კარგად ვარ. 2. არაფერს შევცვლიდი. ამ ყველაფრის თავიდან გადატანა რომ დამჭირვებოდა იმისთვის, რომ ზუსტად ამ მომენტამდე მოვსულიყავი, თქვენ მყოლოდით და საბოლოოდ, ჯანმრთელი ვყოფილიყავი, ამას კიდევ ერთხელ გავაკეთებდი, რადგან ამ ყველაფერმა იმ ადამიანად მაქცია, ვინც დღეს ვარ", — აღნიშნავს ჰადიდი.
მან მხარდამჭერებს ისიც უთხრა, რომ ისინი ძალიან უყვარს, ენატრება და როცა მზად იქნება, პროფესიულ საქმიანობას დაუბრუნდება.