რა მოხდა შოვში და რა გახდა ამხელა სტიქიური უბედურების მიზეზი? 3 ივლისის შემდეგ ეს კითხვები სპეციალისტების გარშემო უკვე რამდენიმე დღეა ისმება და ჩნდება კითხვები, იყო თუ არა ამხელა მსხვერპლის თავიდან აცილების შესაძლებლობა. პოლიტირკური სპეკულაციების ფონზე სპეციალისტები ამბობენ, რომ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების მსგავსი ღვარცოფული მოვლენა არ ახსენდებათ. გეოლოგები, ჰიდროლოგები, გეომორფოლოგები და გლაციოლოგები სტიქიური უბედურების მთავარ მიზეზად კლიმატურ ცვლილებას ასახელებენ და თანხმდებიან, რომ საკურორტო ზონაში ტრაგედია 5 ბუნებრივი მოვლენის თანხვედრამ გამოიწვია.
წინასწარი გათვლებით ღვარცოფს შოვში 8-10 წუთში უნდა მიეღწია. ამ მოვლენების შეჩერება ან წინასწარ რეაგირება, როგორც სპეციალისტები ამბობენ, შეუძლებელი იყო. მათი თქმით, ეს არის მიწისძვრის მსგავსი სტიქიური უბედურება, რომლის პროგნოზირებაც ძალიან რთულია და, ფაქტობრივად, შეუძლებელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების პირველადი დასკვნა უკვე გასაჯაროვდა. 11-გვერდიანი დოკუმენტი სპეციალისტებმა, სტიქიის ზონაში რამდენიმედღიანი მონიტორინგის შედეგად მოამზადეს.
დასკვნა კი ასეთია, რომ მოხდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექები წვიმის სახით, სათავეებში კლდე-ზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის გავლა - გარემოს დაცვის სპეციალისტების შეფასებით, ამ ერთობლივი მოვლენების წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელი იყო. უნიკალური კურორტი შოვის განადგურება და ღვარცოფული ნაკადის ეპიცენტრამდე რამდენიმე წუთში ჩამოსვლა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, მყინვარ ბუბას დაქანებამ გამოიწვია. სიჩქარე გაიზარდა და საკურორტო ზონა მიწის მასით რამდენიმე წუთში დაფარა.
გლაციოლოგების შეფასებით, ჭანჭახზე არსებული დაკვირვების პუნქტმა აჩვენა, რომ ბუბისწყლის ხეობაში წყლის დონე არ დაწეულა, შესაბამისად არც მისი ხანგრძლივი დაგუბება მომხდარა.
იყო თუ არა ხე-ტყის უკანონო ჭრა სტიქიური უბედურების გამომწვევი მიზეზი - გეოლოგები ამბობენ, რომ სტიქიური უბედურების საწყის წერტილში ტყე არ არის, შოვში მომხდარი კატასტროფა კი მხოლოდ ბუნებრივი პროცესების განვითარებამ გამოიწვია. სპეციალისტები იქვე განმარტავენ, რომ საკურორტო ზონაში აღმოჩენილი მორები მეწყერის დროს მოგლეჯილი ხეები და მეწყერს გამოყოლილი მასაა.
სტიქიური უბედურების ზონაში, სპეციალისტთა ჯგუფი ამ დრომდე რჩება. გეოლოგებმა ვითარების შესწავლის მიზნით, ტერიტორია რამდენჯერმე უკვე დაათვალიერეს, ჩატარდა ინსტრუმენტული მონიტორინგიც. ინტენსიური კვლევის შედეგად, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფმა პირველადი დასკვნაც მოამზადა, სადაც წერია, რომ მდინარე ბუბისწყლის ხეობაში, ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება, სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოლოგიური პროცესების თანხვედრამ გამოიწვია.
ყოფილი მინისტრი ნინო ჩხობაძე for.ge-სთან ამბობს, რომ დასკვნის მიხედვით მეწყერის ჩამოწოლა ერთდროულად 5-მა მოვლენამ გამოიწვია. ჩხობაძე ამბობს, რომ ეს იყო ღვარცოფი, რომელიც კლდე-ზვავის, მყინვარის მოწყვეტის, ეროზიული პორცესის და მეტეოროლოგიური პროცესის შედეგად განვითარდა, როცა ასევე დიდი ნალექი მოედინება.
„კავკასიის თთქმის ყველა მდინარე ღვარცოფულია. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ის, რომ ამ შემთხვევაში, მოვლენები რაჭაში როცა განვითარდა, ერთდროულად 5 მოვლენა მოხდა. ასეთ დროს ძალიან ძნელია განსაზღვრო, რომელი იყო პირველი, მეორე მესამე, მეოთხე და მეხუთე. თვითმხილველები და გადარჩენილები ყვებიან, რომ ტალახს სიცივე მოჰყვებოდა, ეს ნიშნავს იმას, რომ მყინვარმა წამოიღო წყალი, რომელიც მის ქვეშ იყო დაგუბებული. სიცივე აქედან მოდის და ფაქტი ისაა, რომ წინა დღეს და მანამდე ძალიან დიდი ელვა და წვიმა ფიქსირდება ზედა ნაწილში. თვითონ ბუბას ხეობა ძალიან დიდი დახრილობით გამოირჩევა, ამიტომ შეგროვებული ღვარცოფის ნაკადი დაქანებულ რელიეფზე ძალიან დიდი სისწრფით წამოვიდა. ეს ყველაფერი მაქსიმუმ ნახევარ საათში ყალიბდება.
ყველა შენაკადი ბუბაში უკვე ადიდებული იყო და ამხელა ნალექი იმიტომ იყო წამოსული. რაც შეეხება დასკვნაში მოცემულ 8 დან 10 წუთამდე პორცესების განვითარებას, კი ბატონო, ასეთი სისწრაფით მოვლენები ნამდვილად განვითარდებოდა. ამ დროის განმავლობაში მოასწრებდა ადამიანი გაქცევას, ოღონდ თუ იცის საით გაიქცეს. თუ არ იცის, ძალიან გაუჭირდება თავის გადარჩენა. თუ მას არა აქვს შესაბამისი ინსტრუქტაჟი ეს საფრთხე საიდან მოდის, საით არის გაქცევა უსაფრთხო და თუ ვინმე რუპორით არ დგას, არ ყვირის გაიქეცით აქეთ ან იქით, უცბად შეიძლება ადამიანი გაშეშდეს. თუ ასეთ ტურისტულ ადგილას იქნებოდა ევაკუაციის სისტემა, უფრო მეტი ადამიანის გადარჩენა იქნებოდა შესაძლებელი. თუმცა პორეცესები იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ ასეთი რამის პროგნოზირება ძალიან რთულია“, - ამბობს ჩხობაძე.
მისივე თქმით, გაფრთხილების მოწყობილობა, საქართველოს ყველა მდინარეზე არ გვაქვს დაყენებული. ეს მხოლოდ ორ ადგილას - დევდორაკის და ვერეს ხეობაზე გვაქვს დაყენებული. ჩხობაძე ამბობს, რომ შეტყობინების სისტემის არსებობა ყველა მსგავს კურორტზეა აუცილებელი.
„60 -იან წლებში ამ მდინარის კალაპოტია შეცვლილი და შემდეგ არის ეს კოტეჯები აშენებული. ვნახეთ, რომ ზუსტად, როცა ეს მეწყერი ჩამოწვა, მდინარემ თავისი ძველი კალაპოტი დაიკავა. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომ მაშინ მდინარეს კალაპოტი შეუცვალეს. ახლა პირველი რიგის ამოცანა უნდა იყოს, რომ სადაც ასეთი ტურისტული რეკრეაციული ზონები გვაქვს, ყველგან უნდა იყვნენ მაშველები. ყველგან უნდა იყოს დატრეინინგებული თანამშრომლები, მოხალისეების ჯგუფები, რომლებსაც პირველადი დახმარება შეუძლიათ. ეგეთი რაღაცები მთელს საქართველოშია გასაკეთებელი. სამწუხაროდ ასეთი ღვრაცოფული მდინარეები ყველგან გვაქვს. ჩვენს კავკასიონზე ასეთი ბევრია. მეორე - აუცილებელია, რომ როცა მუნიციპალიტეტი დოკუმენტს იღებს, მას ადგილზე ჰყავდეს სპეციალისტი, რომელსაც შეუძლია რაღაცის წაკითხვა და საფრთხის გარკვევა. ყველა საკურორტო ზონისთვის სცენარები უნდა იყოს გათვლილი, რათა ასეთ დროს, ხალხმა თავი ტყეს შეაფაროს და დროულად გაიქცეს“, - ამბობს ჩხობაძე.
გეოგრაფი გიორგი გოცირიძე ამბობს, რომ ამ ცოდნით, რაც ამ სტიქიის ირგვლივ დღეს არსებობს, ერთადერთი რჩება დასაზუსტებელი წყლის ფორმირება და ამხელა მასის დაძვრა როგორ მოხდა, იმის გარკვევა. გოცირიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ეს არის კლდე-ზვავის ჩამოწოლა, როგორი პროცესიც დევდორაკის ჩამოწოლის დროს მოხდა.
„დრამატული თვისებები, რომელიც ბოლო 20 წელი მხოლოდ დრამატულ ხასიათს ატარებდა, დღეს უკვე ქრონიკული ხდება. კლიმატის ცვლილების და გლობალური დათბობის გავლენა ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდია. ჩვენს ქვეყანაში ჭრელი და მრავალფეროვანი ლანდშაფტია. ჩვენ რომ გვიხარია ყველა ზონა გვაქვს, ჯერ ვისრიალებთ და მერე უცად ზღვაში ვბანაობთ, აი, ამაში ფასის გადახდა გვიწევს. ეს გლობალური დათბობა და კლიმატის ცვლილება კი ჩვენს ქვეყანაზე ყველაზე მეტად მოქმედებს. ჩვენი ერი, სამწუხაროდ, ამ ფრონტის ხაზზე ვართ.
ამიტომ დევდორაკის მერე დაიწყო კლიმატის კიდევ უფრო დათბობა და კლიმატის ცვლილების სწრაფ დინამიკას ვხედავთ. ეს კი დაკიდებულ მყინვარებს პირდაპირ ურტყამს. თითო ზაფხულში, ცხელ დღეებში, შესაძლოა 10 და 15 წლის დასაკარგი რესურსი დაკარგონ. ეს დნობა უფრო ნელ-ნელა ხდება. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ამის მომენტი მოვიდა, მაგრამ როდის, ესეც რთული დასადგენია. სამწუხაროდ, ამ ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა რა არის გასაკეთებელი. სხვა რისკზონები გვაქვს, სვანეთში, ლენტეხში, რაჭაში და ნელ-ნელა დევდორაკი მატულობს ისევ და ახალი აფეთქებები დასავლეთში ჩნდება. ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებმა უნდა ვთქვათ, რომ უკვე საქმე ქრონიკულ ფენომენთან გვაქვს“,-ამბობს გეოგრაფი.
მისივე თქმით, აქ პრობლემა იმაშია, რომ სადღაც რაღაცა ვარდება, ის გრძელ მანძილს გადის და ჩადის იქ, სადაც ადამიანები არიან. ეს კი ადრე არ ხდებოდა ამ მაშტაბით.
„აი, ამ ანომალური ფენომენის დროს, როცა ასეთი სიტუაცია უკვე ქრონიკულ სახეს იღებს, ის ტემპი, რაც აქამდე არსებობდა, შესაცვლელია. ამ ყველაფრის კონტროლის ჯაჭვი ჯერ არ არსებობს. განა იმიტომ, რომ ვიღაც ცუდად მუშაობს - არა, უბრალოდ, ასეთი ქრონიკული სახე ამ ყველაფერს არ ჰქონდა. ჩვენ ხომ გვაქვს რეფორმები, რომელსაც თან ვაკეთებთ, ესეც ამ რეფორმებს შორის არის. შეიძლება რაღაცებში წინ ვართ, მაგრამ ამ ნაწილში ჩამოვრჩებით. ეს პროცესი გადასააზრებელია და ძალიან მალე უნდა ავაწყოთ სისტემა. შესაძლებელია ყველა ამ ცუდი გაკვეთილის გააზრება და უნდა ავირჩიოთ ალგორითმი, რომელია და სად არის ყველაზე საგანგაშო ადგილები, სადაც უნდა ვიმოქმედოთ“, - ამბობს გეოგრაფი.