შოვში სტიქიური უბედურების მესამე დღეს ცოცხალი ადამიანების პოვნის ალბათობა მცირდება, თუმცა მაშველების თავდაუზოგავი სამძებრო სამუშაოების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანია უვნებლად გამოყვანილი. დაღუპულთა რაოდენობა 17-ია, 20-მდე ადამიანს ეძებენ. შეიძლებოდა თუ არა შოვის ტრაგედიის თავიდან აცილება, რა იყო შესაძლებელი და შეუძლებელი, ამის შესახებ for.ge-ს თსუ-ის გეოგრაფიის დეპარტამენტის სასწავლო სამეცნიერო ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორიის გამგე, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი მერაბ ალავერდაშვილი ესაუბრა.
მერაბ ალავერდაშვილი: - პროცესი უკვე დაწყებული იყო. თუმცა შეიძლებოდა მდინარე ჭახჭახის ზედა წელის დათვალიერება, სამწუხაროდ, ვერავინ ვერ იფიქრა ამაზე, ეს პროცესი ერთი დღის არ არის. აქ ჩართულია ხუთი ფაქტორი, ერთ-ერთი იყო წინა დღეებში განვითარებული მეწყერი, როცა მოზვავდა ძალიან დიდი რაოდენობის ნიადაგი. მეორე ფაქტორი იყო მყინვარ ბუბაზე ნაპრალებში ნადნობი წყლის ჩასვლა. მოგეხსენებათ, ყველა მყინვარი დანაპრალებულია, ჩემი აზრით, ნაპრალებში ჩამდინარე წყალი პატარა ტბასავით იყო დაგროვილი, ამ ორმა ფაქტორმა გამოიწვია წყლის დაგროვება, ხოლო მცირე ნალექის გამო (როგორც ამბობენ, ნალექი 20 მილიმეტრამდე იყო) მოხდა გარღვევა და დაგროვილი წყალი წამოვიდა. მოსახლეობა ამბობს, რომ იქ ისმოდა ხმები. წარმოვიდგინოთ, მდინარე მოდის, მეწყერი რომ ჩამოვიდა, გადაკეტა მდინარის წყალი, მდინარემ იკლო. სტიქიის პროგნოზირება ძალიან რთულია. მაგალითად, მდინარე ვერეზე პროგნოზირება შეუძლებელი იყო. მდინარე ვერეზე მეწყრული პროცესი იმ წუთებში, იმ საათებში მოხდა. მდინარე ვერეზე შვიდი ფაქტორი იმავე დღეს განვითარდა, მაგრამ შოვში ხანგრძლივი პროცესის შედეგად დაგროვდა წყალი და ნიადაგის მასა, რომელიც მოზვავდა. ამის შესახებ მე, გივი მეტრეველს და რამდენიმე ავტორს გვაქვს გამოკვლევა, თუ რა მოხდა 2017 წელს მდინარე რიონზე, შედარებული გვაქვს მდინარე რიონისა და მდინარე ვერეს ორივე პროცესი. ყველა მუნიციპალიტეტს, ან საკრებულოს უნდა ჰყავდეს სპეციალისტი, თითო გეოლოგი, თითო ჰიდროლოგი, რომლებიც გეოლოგიურ და ჰიდროლოგურ დასკვნებს გასცემენ. ხევის პირას კოტეჯების ჩადგმა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ხევში რომ დგამ კოტეჯებს, ამ ხევს ხომ თავისი ისტორია აქვს, როდის იყო აქ წყალმოვარდნა, ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინონ.
კოტეჯების ჩადგმის პრაქტიკა არახალია. შოვის ტურბაზა 70-იანი წლებიდანაა. ყველამ იცოდა, რომ მეწყრულ ზონაში ცხოვრება არ შეიძლებოდა, მაგრამ თანდათან კოტეჯებიც მომრავლდა, რასაც იმით ამართლებდნენ, რომ რაჭის მოსახლეობას ტურისტული ბიზნესი წაეშველებოდა.
- ოღონდ საკურორტო ზონა ნახონ და ყველგან დგამენ კოტეჯებს, უცბად იღებენ დასკვნას. კი ბატონო, ძალიან კარგია ტურიზმი, მაგრამ ნორმების დაცვაა საჭირო. ნორმა ვინ უნდა დაიცვას? იმ მუნიციპალიტეტმა, რომელშიც ხდება ეს პროცესები. ბავშვი რომ დაიხრჩო ვაკის პარკში, დაახლოებით იგივეა, ყველა აუზს ზედამხედველი უნდა ჰყავდეს, წესით, სანატორიუმებში, ალბათ, ჰყავთ კიდეც ზედამხედველი. ინფრასტრუქტურულ ობიექტებს ზედამხედველი სჭირდება.
საქართველო მაღალმთიანი რელიეფით მდიდარი ქვეყანაა, სადაც 3 ათასამდე მეწყრული ზონაა. კიდევ სად შეიძლება მოხდეს მსგავსი სტიქია?
- ძალიან ბევრგანაა ასეთი ადგილები. გარემოს ეროვნული სააგენტო ახდენს ამ ადგილების ზედამხედველობას, მაგრამ გარემოს ეროვნულ სააგენტოსაც აღარ ჰყავს თანამშრომლები, ძალიან ცოტა ჰყავს. სულ ხუთი ადამიანია, რომელიც ჰიდროლოგიურ პროცესებზე მუშაობს. ქვედა წყნეთიდან ბაგებამდე ეს არის მეწყრული ფერდი, საერთოდ, თელეთიდან ბეთანიამდე 2015 წლის 13 ივნისის კატასტროფის შემდეგ გეოლოგიურად უფრო კარგად შეისწავლეს ეს ფერდები, მათ შორის, მამა დავითის ქედი ბეთანიამდე, აღმოჩნდა, რომ აქ გადის რღვევის ხაზი. რატომღაც ამ რღვევის ხაზზე დაიწყეს ქვედა წყნეთიდან ბაგებამდე დასახლება, ხალხმა აგარაკები მოიწყო და სახლები ჩადგა, რაც ძალიან საშიშია. ღმერთმა არ ქნას, ეს სახლები ბაგებამდე ჩამოვიდეს, უცბად მოხდება უბედურება. მშენებლობები რომ მიმდინარეობს, იქ ხომ ნაპრალდება ტერიტორია, სადღაც ითხრება მიწა, მიდის გაჟონვა. მარტო თბილისში 60-მდე მეწყრული კერაა.
მდინარე ვერეზე მომხდარ 13 ივნისის ტრაგედიას ჰქონდა წინმსწრები ნიშნები, მათ შორის, ერთ-ერთი ნიშანი იყო 4 ივნისს ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის დატბორვა. მაშინ მდინარე ვერეზე სტიქია ღამით მოხდა, რაც მდგომარეობას ართულებდა, ახლა კი ერთადერთი პლუსი იყო, რომ შოვში ღვარცოფის მოვარდა დღის საათებში მოხდა, თორემ ღამით რომ მომხდარიყო, გაცილებით მეტ მძინარე ხალხს წალეკავდა.
- 4 ივნისს იყო ძალიან დიდი წყალმოვარდნა ვერეზე, 1960 წლის შემდეგ ასეთი წყალმოვარდნა არ ყოფილა. 7 ივნისს დავრეკე ტელევიზიაში, რომელიც გადმოსცემდა, რომ ელიზბარაშვილის ძაღლები დაიხრჩოო, ტელევიზიას ვაცნობე, რომ ძალიან დიდი საფრთხე გველოდა, თუ შეიძლება ინფორმაციას გავაკეთებ-თქო, დიდი მადლობაო და ყურმილი დამიკიდეს. ამის შემდეგ მოხდა 13 ივნისის ტრაგედია. 2013 წელს ენერგეტიკის სამინისტროში ბატონმა ილია ელოშვილმა (შემდგომში თავი რომ მოიკლა) მოგვისმინა, გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით შედარება გავაკეთე, რომ მდინარე ვერე ძალიან გააქტიურდა, გახშირდა წყალმოვარდნები, ნალექები ინტენსიურია, საშიშროება გველოდება-თქო. მაშინ ელოშვილმა ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მოიყვანა. სხვათა შორის, 1960 წელს მდინარე ვერეზე კატასტროფული წყალმოვარდნის შემდეგ დაისვა საკითხი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორია დაარსდა. 2015 წელს მდინარე ვერეზე წყალმოვარდნისას დაბნეულობა აშკარა იყო. ღამის 12 საათზე მოხდა ეს სტიქია, ჩემი ლაბორატორიის დაცვამ დაინახა ეს საშიშროება, ავიდა ზევით, მანქანის სიგნალებით გააღვიძა მოსახლეობა და ხალხი გამოვიდა, თორემ მაშინ ისე შევიდოდა წყალი და იმდენი ხალხი ამოიხოცებოდა, ვერც გაიგებდნენ. 45 წუთი ჰქონდათ დრო, რომ ვერაზე მომხდარ სტიქიამდე ახალი გზა ჩაეკეტათ, რომელზეც 15 ადამიანი დაიღუპა, მაგრამ ეს ვერ მოიფიქრეს, ვერ გაიაზრეს. ახლაც რაჭაში სწრაფად ვერ მოიფიქრეს, რომ ასეთი პროცესი როცა მოახლოვდა, უბრალოდ, დრონებით დაეთვალიერებინა ტერიტორია ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, გეოლოგიური დეპარტამენტისთვის ეცნობებინათ, რომ ცუდი პროცესები ვითარდებოდა მდინარე ჭანჭახის ზედა წელში. თვითონ ამ მდინარის სიგრძე 22 კილომეტრია და დიდი ვარდნა აქვს. 3025 მეტრზე იწყება მდინარე ჭანჭახის სათავე, 1600 მეტრამდეა შოვი. წარმოიდგინეთ, რამხელა ვარდნა და დახრილობა აქვს, რადგან შოვამდე 15 კილომეტრია. ერთი დიდი აზვირთებული მასა წამოვიდა, რომელმაც ყველაფერი წამოიღო. წარმოიდგინეთ, ლაფში ჩაფლული ადამიანები ითხოვდნენ შველას და ზოგიერთი მათგანი ლაფმა ჩაყლაპა, ზოგი გადარჩა. ვფიქრობ, შოვი აღარ იარსებებს, როგორც საკურორტო ზონა. იქ არავინ მივა, ყველას შეეშინდება, რადგან ეს არის საშინელი მეწყრული ზონა. შეიძლება რამდენიმე მოსახლე დარჩეს შოვში. ზოგადად, რაჭაში ძალიან ბევრი ასეთი მეწყრული კერაა. მესმის, იქაურ ხალხს დახმარება სჭირდება, რომ ეკონომიკურად გაიმართონ, მით უმეტეს, კოტეჯებზე გეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ დასკვნას, მე მგონი, არც ითხოვენ.
ასეთ დროს რეკომენდაციები თუ არსებობს, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როცა ხედავს, რომ ღვარცოფი, ფაქტობრივად, უკან მოსდევს?
- ამ დროს ადამიანი დაბნეულია. სად უნდა წავიდეს? შოვში სტიქიამ მთლიანად მოიცვა ფართობი, მარტო ერთი პანსიონატი დარჩა უვნებელი, სადაც თავის შეფარება შეიძლებოდა. შემდეგ უკვე მაშველების საქმეა, როგორ გადაარჩენენ ადამიანს. სამწუხაროდ, ამ ტრაგედიაზე ცოტა ხანს იფიქრებენ და მერე მიავიწყდებათ, როგორც მდინარე ვერე მიავიწყდათ. კი, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა მდინარე ვერეზე, მაგრამ საბოლოოდ მაინც მიავიწყდათ. კვალიფიციური ჰიდროლოგი ვერ გამოვუშვით, რადგან პრაქტიკული ბაზა, რომელიც არსებობდა ჩვენი ლაბორატორიისა და თსუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორიის სახით, აღარ არსებობს, არადა, ამიერკავკასიაში ერთ-ერთი პირველი ბაზა გვქონდა. სპეციალისტების ნაკლებობაა რეგიონებში, მაგრამ არასპეციალისტების ცვენაა.