მოსკოვის სასამართლომ რუსი მწერალი დმიტრი გლუხოვსკი "რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ცრუ ინფორმაციის განზრახ გავრცელებაში" დამნაშავედ ცნო და დაუსწრებლად მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.
გლუხოვსკი, რომელიც ყოველთვის ღიად აკრიტიკებდა პუტინის რეჟიმს, ამ დროისთვის რუსეთში არ იმყოფება. მწერალი რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ სოციალური მედიის პლატფორმებს აქტიურად იყენებდა თავისი ქვეყნის ქმედებების დასაგმობად და ომის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად.
თუმცა, სწორედ უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე, რუსმა დეპუტატებმა დაიწყეს მუშაობა ახალ კანონპროექტზე, რომელიც სამხედრო კონფლიქტის შესახებ სამთავრობო პროპაგანდის საწინააღმდეგო ნარატივის გავრცელებას კრძალავდა და დარღვევის შემთხვევაში ითვალისწინებდა პატიმრობას 15 წლამდე.
ამდენად, ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში, გლუხოვსკი რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციაში დაადანაშაულეს და მასზე ძებნა გამოაცხადეს.
აღსანიშნავია, რომ გლუხოვსკი პუტინის რუსეთს ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე ამხელდა.
"ყველა მედიასაშუალება, პრესა, პოლიტიკა, ყოველთვის უზურპირებული იყო იმ ადამიანების მიერ, რომლებიც რეჟიმის მიმართ ლოიალურები არიან და რეჟიმის ინტერესების სასარგებლოდ იტყუებიან", — განაცხადა მან 2016 წელს, საქართველოში სტუმრობისას, ერთ-ერთ ინტერვიუში, — "ნამდვილი პოლიტიკური კონკურენცია რუსეთში არასდროს ყოფილა, იქნებოდა ეს ცარიზმის პერიოდი თუ საბჭოთა კავშირი. ტელევიზია მთლიანად არის, არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ მმართველი ოლიგარქიის, პუტინის, კონტროლის ქვეშ და ვერ ემსახურება ვერცერთ სხვა მიზანს, გარდა პროპაგანდისა".
სხვათა შორის, 2016 წელს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის ჩამოსულმა გლუხოვსკიმ ქართველ მკითხველს გამიზნულად მიმართა ინგლისურად.
2022 წლის თებერვლის შემდეგ კი მწერალი სოციალურ ქსელებში აქტიურად მოუწოდებდა რუსეთის ხელისუფლებას ომის შეწყვეტისა და უკრაინიდან საოკუპაციო ჯარების დაუყოვნებლივ გამოყვანისკენ. მოგვიანებით, იგი ათობით რუსულენოვან მწერალს შეუერთდა და რუსულად მოსაუბრე ადამიანებს მოუწოდა, ომის შესახებ სიმართლე ეთქვათ და სწორი ინფორმაცია გაევრცელებინათ.
გლუხოვსკის მსოფლიოში ყველაზე მეტად მეტროს ტრილოგიით იცნობენ, რომელიც 37 ენაზე ითარგმნა, მათ შორის, ქართულად. წიგნების მიხედვით შექმნილია პოპულარული ვიდეოთამაშიც.