სანდრა ბულოკის პარტნიორი ბრაიან რენდალი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა

სანდრა ბულოკის პარტნიორი ბრაიან რენდალი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა

სანდრა ბულოკის პარტნიორი ბრაიან რენდალი გასულ შაბათს 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფოტოგრაფის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ოჯახმა გაავრცელა. ბრაიან რენდალი ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის შედეგად გარდაიცვალა, რომლის დიაგნოზიც ფოტოგრაფს 3 წლის წინ დაუსვეს.

"დიდი მწუხარებით გიზიარებთ, რომ 5 აგვისტოს ბრაიან რენდალი ამიოტროფულ გვერდით სკლეროზთან 3-წლიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. ბრაიანმა ადრევე გადაწყვიტა, რომ მისი დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია არ გასაჯაროებულიყო და ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ მისი თხოვნის შესასრულებლად", — ნათქვამია ოჯახის განცხადებაში.

ALS, იგივე ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი, პროგრესული და ხშირად ფატალური ნეიროდეგენერაციული დაავადებაა, რომელიც კუნთების დასუსტებას და მათ სრულ კვდომას იწვევს. დაავადების პროგრესირებასთან ერთად ადამიანს უჭირს სიარული და ლაპარაკი, ბოლო სტადიაზე კი — ყლაპვა და სუნთქვა.

ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის დიაგნოზის დასმის შემდეგ ადამიანები საშუალოდ 3 წელს ცოცხლობენ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იგივე დიაგნოზი 21 წლის ასაკში სტივენ ჰოკინგსაც დაუსვეს. ექიმების აზრით, მას მხოლოდ 2 წლის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი, თუმცა ჰოკინგს დაავადება ნელი ტემპით განუვითარდა.

შეგახსენებთ, რომ სანდრა ბულოკმა და ბრაიან რენდალმა ერთმანეთი 2015 წელს გაიცნეს და წყვილი ურთიერთობას დიდი ხნის განმავლობაში არ ასაჯაროებდა.