გრეტა გერვიგის

გრეტა გერვიგის "ბარბის" შემოსავალმა $1 მილიარდს გადააჭარბა

გამოსვლიდან 3 კვირაში, ბარბის შემოსავალმა $1 მილიარდს გადააჭარბა, რაც გრეტა გერვიგს პირველ რეჟისორ ქალად აქცევს, რომლის ფილმმაც ამ დონის წარმატებას მიაღწია.

კინოინდუსტრიაში ბარბიმ და ოპენჰაიმერმა გადატრიალება მოახდინეს, რის გამოც მათ "ბარბენჰაიმერის ფენომენიც" კი უწოდეს. ინდუსტრიაში ისიც აღნიშნეს, რომ ბარბის წარმატება ნამდვილად არაპროგნოზირებადი და მოულოდნელი იყო.

ბარბი გამოსვლის დღიდან მსოფლიოს უდიდეს კინო ბაზრებზე კინოთეატრების სალაროებში გაყიდვებით პირველობას ინარჩუნებს, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, მექსიკაში, ავსტრალიასა და ჩინეთში.

მედიაანალიტიკოს პოლ დერგარაბედიანის თქმით, ისტორიაში ამხელა შემოსავლისთვის მხოლოდ 50-მდე ფილმს მიუღწევია. მან დაამატა, რომ ეს მიღწევა არამხოლოდ თავად ფილმმა, არამედ მის გამოსვლამდე მარკეტინგულმა კამპანიამ განაპირობა, რომელმაც მაყურებლებში დიდი მოლოდინი და ინტერესი გააღვივა.

მაიკლ ბერი, UCLA-ს ჩინეთის მიმართულების კვლევების ცენტრის დირექტორი, აღნიშნავს, რომ ბარბის აღიარება იმასთან ერთად, რომ ფილმი უამრავი ადამიანის ბავშვობის მოგონებებსა და საყვარელ თოჯინას უკავშირდება, შეიძლება მივაწეროთ იმასაც, რომ ორივე ტიპის მაყურებლის ინტერესს იწვევს — როგორც ბარბის მოყვარულების, ასევე, მისი მოძულეებისაც.

BoxOffice Pro-ს მთავარმა ანალიტიკოსმა, შონ რობინსმა, კი ბარბის წარმატება იმას დაუკავშირა, რომ ფილმი თოჯინას გამომშვები კომპანია მატელის არამხოლოდ კარგ მხარეს, არამედ იმასაც აჩვენებს, რის გამოც მათ წლების განმავლობაში აკრიტიკებდნენ. ამასთან, ფილმი ისეთ საკითხებს ეხება, რომელიც მსოფლიოში ნებისმიერი ქალისთვის ნაცნობი და ახლობელია, მაგალითად, ქალების სექსუალიზებას, დისკრიმინაციასა თუ გენდერულ სტერეოტიპებს.