ჩრდილოეთირლანდიელი მსახიობი კონლეთ ჰილი, რომელმაც HBO-ის საკულტო სერიალში Game of Thrones ლორდი ვარისის პერსონაჟი განასახიერა, შოუს დასასრულზე საუბრობს. ცოტა ხნის წინანდელ ინტერვიუში ჰილი ამბობს, რომ HBO-ისა და სერიალის შემქმნელებს შორის ჩამოვარდნილმა უთანხმოებამ ბოლო სეზონზე გავლენა მოახდინა.
"ბოლო ხანებამდე არანაირი პრეტენზია არ მქონია", — ამბობს მსახიობი, — "ბოლო სეზონებმა კი გამაღიზიანეს, რადგან ვარისი ისეთი ყოვლისმცოდნე პერსონაჟი აღარ ყოფილა, როგორც წინათ. მგონი, სცენარისტებს სხვანაირი დასასრული უნდოდათ და HBO-ს — სხვაგვარი. ვფიქრობ, ბოლო სეზონი ცოტათი მიაფუჩეჩეს. თავიდან ამას განვიცდიდი, მაგრამ ახლა უკვე შევეგუე".
სხვათა შორის, ჰილმა სერიალის დასრულებისთანავე განაცხადა, რომ თავისი პერსონაჟის ბედის შეტყობის შემდეგ "ვეღარაფერი ანუგეშებდა".
"იმის განცდა გეძალება, რომ ჩაფლავდი და სხვებს იმედები გაუცრუე", — აღნიშნა მსახიობმა 2019 წელს, — "ერთადერთი ის თუ განუგეშებს, რომ მათაც შენი ბედი გაიზიარეს, ვინც შენზე მეტად ირჯებოდა".
Game of Thrones, რომელიც "ამერიკელ ტოლკინად" წოდებული მწერლის, ჯორჯ რ. რ. მარტინის, ეპიკურ ფენტეზი საგას ეფუძნება, გასული ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალია. შოუ რვა სეზონის შემდეგ 2019 წელს დასრულდა. სერიალის დასასრულმა ფანებში ისეთი უკმაყოფილება გამოიწვია, რომ მათ პეტიციაც კი შექმნეს, HBO-ის ბოლო სეზონი თავიდან გადაეღო. ჰილის გარდა, შოუს ფინალით მაინცდამაინც კმაყოფილები არც სხვა მსახიობები დარჩენილან.
ფანებისა და მსახიობების უკმაყოფილების მიუხედავად, მარტინმა მაშინ განაცხადა, რომ სერიალის დასრულებამ "შვება მოჰგვარა"; მწერალს ხომ საგა ჯერ არ დაუმთავრებია — ყინულისა და ცეცხლის სიმღერის სერიის ამ დროისთვის ბოლო, მეხუთე წიგნი დრაკონებთან ცეკვა 2011 წელს გამოიცა. მას შემდეგ კი მკითხველები მეექვსე ტომს, ზამთრის ქარებს, ელოდებიან.